Thumbnail

კურტ კობეინის ფავორიტი წევრი The Beatles-იდან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Nirvana-ს გარდაცვლილი ფრონტმენი, კურტ კობეინი ეპოქალური ბრიტანული ბენდის, The Beatles-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო, განსაკუთრებით კი ჯონ ლენონი მოსწონდა. ამის შესახებ მან თვითმკვლელობამდე ერთი წლით ადრე ჟურნალ Rolling Stone-თან ინტერვიუში ისაუბრა. კობეინს მაშინ ისიც არ დაუმალავს, რას ფიქრობდა კოლექტივის კიდევ ერთი წევრის, პოლ მაკკარტნის შესახებ.

მოუსმინეთ: კურტ კობეინისა და კორტნი ლავის ერთადერთი საერთო პერფორმანსი

"ჯონ ლენონი უდავოდ ჩემი ფავორიტი იყო "ბითლზიდან". არ ვიცი, მათ სიმღერებში ვის რა ნაწილი აქვს დაწერილი, მაგრამ პოლ მაკკარტნი ცოტა მეხამუშება. ლენონი მშფოთვარე პიროვნება იყო, მასთან თავს ვაიგივებ", - ამბობდა მუსიკოსი.

კურტის თქმით, "ბითლზის" წევრების ცხოვრების შესახებ ბევრს კითხულობდა და ლენონთანაც ამ დროს იპოვა საერთო.

"ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ ყველაფერს, რასაც ვკითხულობ, განსაკუთრებით კი როკთან დაკავშირებულ წიგნებში. ლენონის მიმართ დიდი სიბრალული ვიგრძენი. იმის მიუხედავად, რომ თავისი ცოლი, იოკო ონო და შვილი ძალიან უყვარდა, მისი ცხოვრება მაინც ციხეს ჰგავდა. პატიმარივით იყო. რა უსამართლობაა. პრობლემა, რომელთანაც პოპულარობის მოპოვების შემდეგ მომიხდა შეჯახება, ის იყო, თუ როგორ ექცევა საზოგადოება ცნობილ ადამიანებს. ამის გამოსწორება აუცილებელია. რამდენიც არ უნდა ეცადო, მაინც ისე გამოჰყავთ, თითქოს ჩაფლავდი. ისეთი რთულია, ადამიანები დაარწმუნო, რომ, უბრალოდ, მოეშვან, სიმშვიდე შეინარჩუნონ და პატივისცემით მოგექცნენ. არაფრად ვვარგივართ", - აღნიშნავდა ის.

დეპრესიაში მყოფმა კობეინმა 1994 წლის 5 აპრილს სიეტლში, დენი ბლეინის უბანში მდებარე სახლში მოიკლა თავი. როგორც "ნირვანას" წევრმა, დეივ გროლმა ბრიტანული რადიოსადგურის BBC Radio 2 ეთერში განაცხადა, კურტის დაკრძალვაზე "ბითლზის" ალბომში Rubber Soul შესული კომპოზიცია In My Life გააჟღერეს.

დეივ გროლი: The Beatles-ის ეს სიმღერა კურტ კობეინს მახსენებს

კურტს The Beatles-ის არაერთი სიმღერა აქვს შესრულებული, მათ შორისაა And I Love Her ალბომიდან A Hard Day's Night.

კურტ კობეინმა მუსიკალური კარიერა 1982 წელს დაიწყო, ჯგუფი Nirvana კი 1987 წელს ჩამოაყალიბა. კოლექტივს მსოფლიო აღიარება 1991 წლის ალბომმა Nevermind და მასში შესულმა სინგლმა Smells Like Teen Spirit მოუტანა. 1994 წლის 5 აპრილს დეპრესიაში მყოფმა არტისტმა საკუთარ სახლში მოიკლა თავი, რის შემდეგაც "ნირვანას" მოღვაწეობა აღარ გაუგრძელებია.

გრანჟის ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა ბენდმა არსებობის განმავლობაში მხოლოდ 3 სტუდიური ნამუშევრის გამოშვება მოასწრო, მსოფლიო მასშტაბით კი 75 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა. 2014 წელს გრემის მფლობელი კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული