Thumbnail

მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც ელვის პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ელვის პრესლიმ სიცოცხლის უკანასკნელი საათები საკუთარ სახლში, ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მდებარე გრეისლენდის რეზიდენციის მეორე სართულზე გაატარა. არტისტის სახლ-მუზეუმად გადაკეთებული შენობის ეს ნაწილი, მისი შვილის, ლისა მარი პრესლის სურვილის შესაბამისად, დღემდე ხელუხლებლად არის დატოვებული და ვიზიტორებისთვის დახურულია.

რატომ ფიქრობდნენ ფანები, რომ ელვის პრესლიმ საკუთარი სიკვდილი გაითამაშა

კარიერის დასაწყისში ელვის პრესლი თმის შესაღებად ფეხსაცმლის საცხს იყენებდა

ნახეთ: ელვის პრესლის სახლ-მუზეუმი დააზიანეს

არტისტის საძინებელისა და იმავე სართულზე განლაგებული სხვა ოთახების უცვლელი სახით დატოვების საკითხი კომპანია Elvis Presley Enterprises-ის საარქივო მიმართულების ხელმძღვანელს, ენჯი მარჩესს აქვს მიბარებული. მან ცოტა ხნის წინ ინსტაგრამის საშუალებით ელვისის თაყვანისმცემლების კითხვებს უპასუხა და მოუთხრო, როგორ გამოიყურება მუსიკოსის პირადი სივრცე. მარჩესის თქმით, ფირსაკრავში დღემდე ის ფირფიტა დევს, რომელსაც პრესლი სიკვდილის წინ უსმენდა.

"იმ სართულზე ასვლის ნება არავის აქვს. იქაურობა ისე გამოიყურება, გეგონება, ელვისი ახლახან წამოდგა საწოლიდან და ოთახიდან გავიდაო. ჩემი მოვალეობაა, რომ სახლის იმ ნაწილმა უცვლელი იერსახე შეინარჩუნოს. წიგნის თაროზე პლასტმასის ჭიქაა შემოდებული. არც საწოლს შევხებივართ. სამწუხაროდ, ფანებს ამ ყველაფრის ნახვა არ შეუძლიათ, მაგრამ იქაურობას კარგად ვუვლით. ის ჩანაწერიც ხელუხლებელია, რომელსაც პრესლი ბოლოს უსმენდა. ეს იყო JD Sumner and the Stamps-ის ნამუშევარი, რომელიც სტუდიაში ცოტა ხნის წინ ჩაწერეს და შესაფასებლად ელვისს გამოუგზავნეს. რა სიმღერაა არ ვიცი, რადგან არ მივკარებივარ", - აღნიშნა ენჯი მარჩესმა.

ელვის პრესლი თინეიჯერობისას ამერიკელი მუსიკოსის, ჯონ დენიელ სამნერის, იგივე JD Sumner-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. 1971 წელს მან JD Sumner and the Stamps თავის ბექ ვოკალისტებადაც დაიქირავა. მომღერალთა ჯგუფი პრესლის ჩანაწერებსა და ტურნეებში მის გარდაცვალებამდე მონაწილეობდა.

ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს სააბაზანოში იპოვეს გარდაცვლილი. ამ დროს მუსიკოსთან ერთად გრეისლენდის რეზიდენციაში მისი ქალიშვილი, ლიზა და საცოლე, ჯინჯერ ოლდენი იმყოფებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის გაჩერება სახელდება, ტოქსიკოლოგიურმა ექსპერტიზამ პრესლის ორგანიზმში 10 სხვადასხვა პრეპარატი გამოავლინა, მათ შორის კოდეინი, დიაზეპამი და სხვა დამამშვიდებელი საშუალებები.

ელვის პრესლის საძინებელი

მუსიკოსის საწოლი

პრესლის სააბაზანო

ელვის პრესლი მუსიკის ისტორიაში დღემდე ყველაზე გაყიდვად სოლო არტისტად რჩება. როკ-ენ-როლის მეფემ სიცოცხლეში 24 ალბომის ჩაწერა მოასწრო. მეოცე საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ შემსრულებელს პოპულარობა ისეთმა სიმღერებმა მოუტანა, როგორებიცაა: Jailhouse Rock, Can't Help Falling In Love, Always On My Mind და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული