Thumbnail

მედლიბი: დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ MF DOOM გარდაიცვალა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მუსიკალურმა პლატფორმამ NPR ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერ მედლიბთან, ახალი ინსტრუმენტული ალბომის Sound Ancestors გამოშვებასთან დაკავშირებით, ინტერვიუ ჩაწერა. კალიფორნიელმა ხელოვანმა ჟურნალისტთან, როგორც ხსენებული ნამუშევრის, ასევე 2020 წელს გარდაცვლილი ლეგენდარული ემსის და მისი მეგობრის, დანიელ დუმილეის, იგივე MF DOOM-ის შესახებ ისაუბრა.

მოუსმინეთ: მედლიბმა ინსტრუმენტული ალბომი Sound Ancestors გამოაქვეყნა

არსებული ინფორმაციით, ალბომის Madvillainy მეორე ნაწილის 85% მზადაა

"დუმის გარდაცვალების შესახებ მეც სოციალური მედიიდან შევიტყე. მას საკმაოდ ჩაკეტილი ოჯახი ჰყავდა და ალბათ მომხდარზე რეაგირება გაუჭირდათ. დღემდე ვერ ვიჯერებ, რომ მან დაგვტოვა. ჩვენ პერიოდულად, წელიწადში ერთი-ორჯერ ვსაუბრობდით. განვიხილავდით ყველაფერს, საკუთარი შვილების მომავალს და ასე შემდეგ. ძირითადად კი ელექტრონული ფოსტით ვკონტაქტობდით და ერთმანეთს ჩანაწერებს ვუგზავნიდით. გარდაცვალებამდე ვესაუბრე და შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდა", - განაცხადა მედლიბმა.

ინტერვიუში ალბომის Sound Ancestors არანჟირების ავტორი, ცნობილი ბრიტანელი ელექტრონული არტისტი Four Tet ჩაერთო:

"მისმა გარდაცვალებამ თავზარი დაგვცა. ვფიქრობდით, მუშაობა შეგვეჩერებინა, მაგრამ მივხვდით, რომ უბედურების ჟამს ალბომი პოზიტიური სიახლე იქნებოდა. ჯეი დილამ დაგვტოვა, დუმიც წავიდა, თუმცა, მედლიბი ფეხზე მყარად დგას და არ ნებდება. ის აგრძელებს მოღვაწეობას და იმ მუსიკალური მიმდინარეობის პოპულარიზაციას, რომელიც ამ მაგიურ სამეულს აერთიანებდა", - აღნიშნა ფორ ტეტმა.

დუმის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის ცოლმა, ჟასმინ დუმილეიმ 2020 წლის 31 დეკემბერს გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, "სუპერვილენმა" შარშან, 31 ოქტომბერს დაგვტოვა. გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

მედლიბსა და დუმს მოღვაწეობის განმავლობაში არაერთ ერთობლივ ჩანაწერზე აქვთ ნამუშევარი. 2002 წელს კოლეგებმა სუპერდუეტი Madvillain ჩამოაყალიბეს. ორ წელიწადში გამოცემული სადებიუტო ალბომი Madvillainy ჟანრის ახალი თაობის წარმომადგენლებისა თუ უკვე სახელგანთქმული მუსიკოსების (მაგ: ტომ იორკი) შთაგონების წყაროდ იქცა. არაერთი გავლენიანი გამოცემისა და მსმენელის ნაწილის აზრით, "მედვილენი" ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია, რომელშიც ჟანრის ფესვებისადმი პატივისცემა და განსხვავებული ხედვა, ალტერნატიული ჟღერადობა ერთნაირი წარმატებით იგრძნობა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული