Thumbnail

ჯარედ ლეტო: მოგებული ოსკარის ქანდაკება დავკარგე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა და მსახიობმა, ჯარედ ლეტომ ჯეიმს კორდენის ღამის შოუში ჩართვისას განაცხადა, რომ ოსკარის ქანდაკება, რომელიც მან 2014 წელს მოიგო, სამი წლის წინ დაკარგა და დღემდე ვერ პოულობს. 

► ნახეთ: ფილმ The Little Things-ის თრეილერი, რომელშიც ჯარედ ლეტო მონაწილეობს

"აღმოვაჩინე, რომ ოსკარის ქანდაკება სამი წელია, დაკარგულია. არ უნდოდათ ჩემთვის ამის თქმა, მაგრამ, როდესაც ლოს ანჯელესში სახლი გამოვიცვალე, ის გაუჩინარდა. სად არ ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. იმედს გამოვთქვამ, რომ კარგ ხელშია. ისეთი ნივთი არ არის, რომ შემთხვევით ნაგავში გადააგდო. ვიმედოვნებ, შესაბამის ყურადღებას აქცევენ", - ამბობს ლეტო.

ჯარედ ლეტომ ოსკარი კანადელი რეჟისორის, ჟან-მარკ ვალეს ფილმში Dallas Buyers Club მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის დაიმსახურა. ლეტო სურათში აივ ინფექციით დაავადებულ ტრანსგენდერ ქალს განასახიერებს.

ოსკაროსანმა მსახიობმა და მომღერალმა, ჯარედ ლეტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა სამსახიობო კარიერით დაიწყო. ფართო საზოგადოებამ არტისტი სერიალიდან My So-Called Life გაიცნო. კრიტიკოსთა აღიარება კი ფილმში Prefontaine მონაწილეობით მოიპოვა. 2013 წელს ლეტომ კინოსურათში Dallas Buyers Club ტრანსგენდერი ქალის საუკეთესოდ განსახიერებისთვის ოქროს გლობუსი და ოსკარი დაიმსახურა.

რაც შეეხება მუსიკალურ კარიერას, არტისტმა როკ ბენდი 30 Seconds to Mars ლოს ანჯელესში თავის ძმასთან, შენონთან ერთად 1998 წელს ჩამოაყალიბა. ჯგუფმა წარმატებას მეორე ალბომის A Beautiful Lie გამოსვლის შემდეგ მიაღწია. 2018 წელს გამოშვებულმა რიგით მეხუთე სტუდიურმა ჩანაწერმა America ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიცია დაიკავა. კოლექტივი 2019 წელს საქართველოს ესტუმრა და კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული