Thumbnail

რა მოხდა Pepsi-ს რეკლამის გადაღებებზე, სადაც მაიკლ ჯექსონი სერიოზულად დაშავდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, მაიკლ ჯექსონმა და მისმა ძმებმა ჯგუფიდან Jackson Five კომპანია PepsiCo-სთან 1983 წელს 5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც გამაგრილებელი სასმლის, "პეპსის" პრომოუშენში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. 1984 წლის 27 იანვარს ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეოს იღებდნენ. მაშინ 25 წლის მაიკლს უკვე წარმატებული სოლო კარიერა ჰქონდა აწყობილი. ლოს ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ სტუდიაში მეექვსე დუბლის გადაღებისას პიროტექნიკის ნაწილმა იმაზე მძლავრად იფეთქა, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო და ნამწვავები პირდაპირ ჯექსონს მოხვდა, რომელიც იმ მომენტში სცენაზე ცეკვავდა და მღეროდა. მან პერფორმანსი კიდევ რამდენიმე წამის განმავლობაში გააგრძელა, ვიდრე გადამღები ჯგუფი შეამჩნევდა, რომ თმაზე ცეცხლი ეკიდა.

როგორ გადაურჩა მაიკლ ჯექსონი სიკვდილს სიმღერაზე Billie Jean მუშაობისას

დაშავებული არტისტი კულისებში შეიყვანეს, სადაც პირველადი დახმარება ძმებმა და იქვე მყოფმა პერსონალმა აღმოუჩინეს. შემდეგ კი მომღერალი Cedars-Sinai-ს სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც თავისა და სახის არეში მიღებული დაზიანებები მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობად შეფასდა.

რეპორტიორების გარემოცვაში მყოფი მაიკლი საავადმყოფოში შეყვანისას

"მას ხელისგულისოდენა მეორე ხარისხის ანუ საშუალო სიმძიმის დამწვრობა აღენიშნებოდა, რამდენიმეგან კი მესამე ხარისხის, სერიოზული დაზიანება ჰქონდა მიღებული", - განაცხადა მისმა ექიმმა, სტივენ ჰოფლინმა.

ჯექსონს მაშინ გამაყუჩებლებთან ერთად ძლიერმოქმედი დამამშვიდებელი პრეპარატებიც დაუნიშნეს, რადგან, სტრესისა და ტკივილების გამო, დაძინებას ვერ ახერხებდა. არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ამ პერიოდში მიღებულმა დიდი რაოდენობით აბებმა გამოიწვია არტისტის წამალდამოკიდებულება. ინციდენტის ამსახველ კადრებში კარგად ჩანს, რამდენად სერიოზული დაზიანება მიიღო მაშინ მუსიკოსმა თავის არეში.

გარკვეული ხნის შემდეგ მხარეებს შორის კომპენსაციის საკითხზე გაიმართა მოლაპარაკება, რის შემდეგაც "პეპსიმ" ჯექსონს $1,5 მილიონი გადაუხადა. მაიკლმა მიღებული თანხა ბროტმენის სამედიცინო ცენტრს შესწირა, რომელიც ერთ-ერთი სააავადმყოფო იყო, სადაც ის დამწვრობებს მკურნალობდა. არტისტს სიცოცხლის ბოლომდე დარჩა ნაიარევები და თავის დაზიანებულ მონაკვეთებშიც აღარ ამოსვლია თმა, რის გამოც პარიკის ტარება უხდებოდა. ამას მოწმობს მისი გარდაცვალების შემდეგ სხეულზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც.

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

"თმები დაცვენილი ჰქონდა, თითქმის გამელოტებული იყო", - ამბობდნენ ექსპერტები.

აღსანიშნავია, რომ 1980-იანი წლების ბოლოს ჯექსონმა კიდევ ერთი, ამჯერად 10-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა "პეპსისთან".

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული