Thumbnail

5 წყვილი, რომელმაც დაშორების შემდეგ ერთმანეთს სიმღერები მიუძღვნა

გიორგი ლაცუზბაია პროფილის ფოტო
გიორგი ლაცუზბაია

რომანტიკული ურთიერთობების დასრულება და განქორწინების პროცესი არაერთ კონფლიქტურ სიტუაციასა თუ სხვა სახის უსიამოვნებებს უკავშირდება, მაგრამ, როდესაც საქმე ნიჭიერი მუსიკოსების წყვილთან გვაქვს, მსგავსი დრამების შედეგად სამყაროს ხშირად შესანიშნავი კომპოზიციები ევლინება.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ხუთ წყვილს და მათ მიერ დაშორების შემდეგ ერთმანეთისთვის მიძღვნილ სიმღერებს წარმოგიდგენთ.

5. Taylor Swift - Dear John / John Mayer - Paper Doll

ამერიკელ პოპვარსკვლავს, ტეილორ სვიფტს ყოფილი შეყვარებულების შესახებ იმდენი სიმღერა აქვს დაწერილი, რომ მსგავსი ნამუშევრების გამოცემა მისი იმიჯის განუყოფელ ნაწილადაც კი იქცა. 2010 წელს არტისტი კომპოზიციაში Dear John თავისი ექს ბოიფრენდის, მანამდეც არაერთ სკანდალში გახვეული მუსიკოსის, ჯონ მეიერის საჯარო კრიტიკას არ მოერიდა. მოგვიანებით, ამ უკანასკნელმა გამოცემასთან Rolling Stone საუბარში განაცხადა, რომ სვიფტის მხრიდან თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა, 2013 წელს კი საპასუხო ტრეკი Paper Doll გამოუშვა, რომელშიც მათი ურთიერთობის შესახებ საკუთარი პერსპექტივიდან მოგვითხრო, ტეილორი კი არცთუ დადებითად მოიხსენია.

4. Nas - Bye Baby / Kelis - Rumble

Nas-ის ფსევდონიმით ცნობილი საკულტო ჰიპ ჰოპ არტისტი, ნასირ ჯონსი და პოპულარული არენბი შემსრულებელი, კელის როჯერსი ერთმანეთს 2009 წელს დაშორდნენ. მოგვიანებით, ნასი თავისი მეთერთმეტე სტუდიური ალბომის Life is Good გარეკანზე კელისის მწვანე საქორწინო კაბის თანხლებით გამოჩნდა, კომპოზიციის Bye Baby ტექსტში კი ღიად მიანიშნა, რომ მათი ურთიერთობის დანგრევის მიზეზად ყოფილი ცოლის მხრიდან უმიზეზო ეჭვიანობა იქცა. 2014 წელს როჯერსმა საპასუხო ტრეკი Rumble ჩაწერა, სადაც ჯონსის მიმართ მადლიერება და კეთილგანწყობა გამოხატა, თუმცა თავის პოზიციასაც გაუსვა ხაზი, რომლის თანახმადაც განქორწინება ორივე მათგანისთვის საუკეთესო გამოსავალს წარმოადგენდა.

3. Joni Mitchell - River / Graham Nash - I Used to Be a King

ჩვენს სტატიაში წარმოდგენილ შემთხვევათა უმეტესობისგან განსხვავებით, ამ სიმღერებში ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულების ნასახიც კი არ იგრძნობა. ლეგენდარული ფოლკ შემსრულებელი, ჯონი მიტჩელი და პოპულარული ბენდის Crosby, Stills & Nash წევრი, გრემ ნეში ორი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ მიტჩელმა თავისი ერთ-ერთი გამორჩეული კომპოზიცია, მელანქოლიით აღსავსე River სწორედ ნეშთან გატარებულ დღეებზე ნოსტალგიით დაწერა. გრემმა კი 1971 წელს ამავე თემით შთაგონებული სიმღერა I Used to Be a King გამოსცა, რომლის სახელწოდებაც მისი ყოფილი პარტნიორის ჩანაწერის I Had a King სათაურზე მიანიშნებდა (საინტერესოა, რომ ეს ნამუშევარი მიტჩელის პირველ ქმარს, ჩაკ მიტჩელს ეძღვნებოდა).

2. Justin Timberlake - Cry Me a River / Britney Spears - Everytime

ამერიკელი შემსრულებლის, ჯასთინ ტიმბერლეიქის კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტრეკი Cry Me a River მის კოლეგას, ბრიტნი სპირსს ეძღვნება, რომელსაც პოპ ვარსკვლავი სამი წლის განმავლობაში ხვდებოდა. კომპოზიციის ტექსტი ორი მუსიკოსის ურთიერთობის დეტალებზე მიანიშნებს, მის თანმხლებ ვიდეორგოლში მონაწილე მსახიობი კი გარეგნულად ძალზე ჰგავს ბრიტნის. 2011 წელს ჯასთინმა აღიარა, რომ ნამუშევარი ყოფილი შეყვარებულით იყო შთაგონებული. რაც შეეხება სპირსის მიერ 2004 წელს გამოცემულ ჰიტს Everytime, არტისტს ჩანაწერის ზუსტ შინაარსსა თუ ინსპირაციის წყაროზე ღიად არ უსაუბრია, თუმცა, როგორც სიმღერის ლირიკა, ასევე მასზე გადაღებული კლიპი ზედმეტ კითხვის ნიშნებს ნამდვილად არ აჩენს.

1. Fleetwood Mac - Go Your Own Way / Fleetwood Mac - Silver Springs

ჩვენი სტატიის სპეციფიკის გათვალისწინებით, აქ საქმე უნიკალურ შემთხვევასთან გვაქვს. ლეგენდარული კოლექტივის Fleetwood Mac მეთერთმეტე სტუდიურ ალბომზე Rumours მუშაობის პროცესს გაუთავებელი დრამა ახლდა თან. ბენდის კლავიშისტის, კრისტინ მაკვისა და ბასისტის ჯონ მაკვის განქორწინების პროცესი ახალი დასრულებული იყო, ხოლო გიტარისტ ლინდსი ბაკინგემისა და ვოკალისტ სტივი ნიქსის კონფლიქტებით სავსე, დაძაბულ სასიყვარულო ურთიერთობას წერტილი ჩანაწერის გამოცემამდე მცირე ხნით ადრე დაესვა. ნამუშევარში შესული ერთ-ერთი კომპოზიცია Go Your Own Way, რომელიც ბაკინგემმა ნიქსის შესახებ დაწერა, ცალკე სინგლად გამოიცა, ამ ფირფიტის მეორე მხარეზე კი სტივის მიერ შექმნილი, ყოფილი პარტნიორით შთაგონებული ტრეკი Silver Springs იყო მოთავსებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული