Thumbnail

გავრცელდა წერილი, რომელშიც სიკვდილამდე ჯონ ლენონის გეგმებზეა საუბარი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯონ ლენონმა გაერთიანებული სამეფო 1971 წლის 31 აგვისტოს დატოვა და მას შემდეგ იქ აღარ ჩასულა. ახლახან კომპანიამ Tracks Ltd, რომელიც The Beatles-ის წევრების ავტოგრაფებისა და ჯგუფთან დაკავშირებული ნივთების ერთ-ერთი უმსხვილესი დილერია, წერილი აღმოაჩინა, რომელიც მოწმობს, რომ სიკვდილამდე ცოტა ცნით ადრე არტისტს სამშობლოში დაბრუნება ჰქონდა გადაწყვეტილი და მოთმენლად ელოდა იმ დღის დადგომას, როცა ამას გააკეთებდა. თუმცა, 1980 წლის 8 დეკემბერს ჯონი ნიუ იორკში, მანჰეტენზე, საკუთარ საცხოვრებელთან მოკლეს.

ჯონ ლენონის დაწერილი სიმღერა, რომელიც თავად სძულდა

ჯონ ლენონის სიმღერა, რომელიც საზოგადოებამ არასწორად გაიგო

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჯონი თავის გეგმებთან დაკავშირებით გამზრდელ დეიდას, მიმი სმიტს ტრაგიკულ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე ტელეფონით ესაუბრა. სიკვდილიდან ერთი თვის თავზე კი მიმიმ გაზეთ Daily Express-ის ჟურნალისტ ჯუდიტ საიმონსს სამძიმრის წერილზე უპასუხა და სწორედ მას გაუმხილა ჯონის განუხორციელებელი გეგმები.

"ძვირფასო ჯუდიტ, მადლობა წერილისა და გამხნევებისთვის. ამ საზარელ ამბავთან შეგუებას ვცდილობ, მაგრამ ძალიან მიმძიმს. ჯონი ძლიერი ადამიანი იყო, მეც იმავეს ვცდილობ. ერთი დღით ადრე დამირეკა, ხუმრობდა, მხიარული იყო და მღელვარებას ვერ იტევდა იმის გამო, რომ ძალიან მალე აპირებდა ლონდონში ჩამოსვლას. ერთი სული მაქვს, როდის გნახავო", - ვკითხულობთ წერილში.

"ბითლზის" ისტორიკოსმა, მარკ ლუისონმა წერილი შემდეგნაირად შეაფასა:

"მიმის წერილი დამაჯერებელი დასტურია იმისა, რომ ჯონის მკვლელობა რომ არა, ის 1981 წელს ბრიტანეთში დაბრუნდებოდა. ეს იმ მოარულ ხმებსაც ამყარებს, რომ იქ საკონცერტო ტურნეს გამართვის შესაძლებლობასაც განიხილავდა".

როგორც “ბითლზის“ მენეჯერის, ბრაიან ეპსტაინის მეგობარი და ჯგუფის მენეჯმენტის წევრი, ჯო ფლენერი თავის ბიოგრაფიულ წიგნში Standing in the Wings: The Beatles, Brian Epstein and Me წერს, იმის მიუხედავად, რომ ჯონს ძალიან ენატრებოდა ლივერპული და ლონდონი, ის შტატების დატოვებას ვერ რისკავდა, რადგან ეშინოდა, რომ სამშობლოში აღარ მიიღებდნენ, როგორც ეს ლეგენდარული ბრიტანელი რეჟისორისა და მსახიობის, ჩარლი ჩაპლინის შემთხვევაში მოხდა.

როგორ იხსენებდა ჯონ ლენონი იოკო ონოსთან პირველ შეხვედრას

ჯონ ლენონმა თავისი პირველი ბენდი The Quarrymen თინეიჯერობისას, თანასკოლელებთან ერთად ჩამოაყალიბა. მუსიკოსი საზოგადოებამ ჯგუფ "ბითლზში" მოღვაწეობით გაიცნო. 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, მან სოლო კარიერა დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდა ჩამოყალიბებული. ლენონი ისეთი საკულტო ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Imagine, Working Class Hero, Happy Xmas (War Is Over) და ა.შ. არტისტი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული