Thumbnail

მუსიკალური პუბლიცისტის, გია ხადურის საავტორო რუბრიკა.

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. The Boomtown Rats - I Don’t Like Monday

1979 წლის 29 იანვარს კალიფორნიის ქალაქ სან დიეგოში მცხოვრებმა 16 წლის გოგონამ, ბრენდა ენ სპენსერმა საკუთარი სახლის ფანჯრიდან ავტომატური იარაღით ცეცხლი გაუხსნა სკოლისკენ მიმავალ ბავშვებსა და პედაგოგებს. გარდაიცვალა ორი მასწავლებელი, დაიჭრა ცხრა მოსწავლე. პოლიციამ სპენსერების სახლს ალყა შემოარტყა და შვიდი საათის განმავლობაში ბრენდას გამოსვლას ელოდა, თავად ის კი ამ დროს ჟურნალისტს ტელეფონით ინტერვიუს აძლევდა, სროლა გასართობად ავტეხე, ორშაბათი არ მიყვარს, ასე კი ცოტათი მაინც გავხალისდიო.

კი არის იდეალური თემა სიმღერისთვის, მაგრამ ის ირონია, რომელიც მასში ბობ გელდოფმა ჩააქსოვა, მართლაც უცნაურია. მან პაპსა პროდუსერიც კი დაიქირავა, კომპოზიცია რომ მაქსიმალურად გაელაითებინა, არადა გაქანებული პანკი იყო იმ დროს. ამის მიზეზი ალბათ ისაა, რომ მაშინ ამ სუბკულტურის ბრიტანელი თუ ირლანდიელი წარმომადგენლები ამერიკელებს მასმედიის მიერ გამოლენჩებულებად მიიჩნევდნენ. ეს საზარელი შემთხვევაც გელდოფისთვის სწორედ ამერიკული ცხოვრების წესით იყო განპირობებული. ის ამბავს სწორედ ბრენდას პოზიციიდან მოგვითხრობს, რომელსაც ვერ გაუგია, რა ჩაიდინა ასეთი საშინელი, მას ხომ მხოლოდ გართობა და თამაში უნდოდა. მის გამოსირებულ მამასაც უკვირს, ჩემმა ანგელოზმა შვილმა ეს როგორ გააკეთაო და ვერ ხვდება, რომ 16 წლის გოგოს დაბადების დღეზე ვინჩესტერი არ უნდა აჩუქოს.

9. The Sensational Alex Harvey Band - Boston Tea Party

ბოსტონის ჩაის წვეულება არა მხოლოდ ამ კომპოზიციის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მოვლენის სახელწოდებაცაა. იმდენად მნიშვნელოვანის, რომ გვერდს ვერაფრით ავუვლიდი. 1773 წელს დიდმა ბრიტანეთმა საკუთარ კოლონიაში ჩაის ექსპორტზე გადასახადი გაზარდა. ამაზე ატყდა ერთი ამბავი, ამერიკული კოლონიების მესვეურებმა ბრიტანულ ჩაიზე უარი თქვეს, გადამწყვეტი მომენტი კი მაშინ დადგა, როცა ბოსტონის პორტში მდგარ ჩაით დატვირთულ ხომალდებს გაამერიკებული ბრიტანელები ორგანიზებულად შეესიენ და ასობით ყუთი ოკეანეში გადაყარეს, რასაც აჯანყება და ბრიტანეთის იმპერიისგან გამოყოფა მოჰყვა.

ალექს ჰარვიმ სარკაზმით სავსე სიმღერა დაწერა ამ ისტორიის შესახებ და კიდევ იმაზე, რომ აგერ ორ საუკუნეზე მეტია თაობებს ატყუებენ, როდესაც მეამბოხე მონათმფლობელ კოლონიზატორებს თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მუხლჩაუხრელ მებრძოლებად წარმოაჩენენ. განსაკუთრებით სახალისო ტექსტის ის მონაკვეთია, სადაც ინდიელი და კოლონიის ერთ-ერთი მკვიდრი საუბრობენ, ბრიტანეთის მეფემ ჩაის გადასახადი გაგვიძვირა და ამიტომაც აღარ სვავენ ამერიკელები ჩაისო. მწარე ირონია "მეორეხარისხოვანი" ადამიანების ხვედრზე, რომელთა ყოფა-ცხოვრება "პირველხარისხოვნებს" არც არასდროს აინტერესებდათ.

8. Buffalo Springfield - For What it’s Worth

1966 წელს ჰოლივუდში, სანსეტ ბულვარზე როკ-ენ-როლის ნამდვილი ბუმი იდგა, უამრავი კლუბითა და ლოკაციით, სადაც გვიანობამდე მუსიკა ჟღერდა. იყო ერთი ჟრიამული, გულაობა და ხმაური. ბოლოს ადგილობრივი მაცხოვრებლები აღშფოთდნენ და მუნიციპალიტეტს ამ  განუკითხაობისა და ბაკხანალიის აღკვეთა მოსთხოვეს. ისინიც ადგნენ და ქუჩის იმ მონაკვეთზე, სადაც კლუბები იყო თავმოყრილი, საღამოს 10 საათის შემდეგ კომენდატის საათი გამოაცხადეს. ამას მძაფრი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ დაჩაგრული მოზარდები, არამედ პოპ თუ როკ მუსიკის ვარსკვლავები და ჰოლივუდის მსახიობებიც იღებდნენ. მშვიდობიანი აქცია მალე პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა და ატყდა ერთი ვაი-უშველებელი. პროტესტმა პერმანენტული ხასიათი მიიღო და მეტ-ნაკლები ინტესივობით რამდენიმე თვეს გაგრძელდა. მიიჩნევა, რომ 1960-იანების ახალგაზრდულ-კონტრკულტურული დაპირისპირება ისთებლიშმენტთან სწორედ ამ მოვლენებიდან იღებს სათავეს.

სწორედ ამ ამბებს ეძღვნება Buffalo Springfield-ის კომპოზიციაც. ფაქტობრივად, ესაა ფრთხილი მსჯელობა, რაღაც ანალიზის მაგვარი, სადაც სულაც არაა მოწოდება აქტიური კონფრონტაციისკენ და პირიქით, ეჭვქვეშაც კი არის დაყენებული ასეთი მეთოდებით ბრძოლის მართებულობა. ტექსტის შინაარს მუსიკაც იდეალურად ერგება, არანაირი ექსპრესია და პათეტიკა, ყველაფერი გამოზომილია, გააზრებული და დახვეწილი. არადა, ეს ტრეკი ლამის პირველ საპროტესტო როკ სიმღერად თვლება დღემდე. რატომ, გაუგებარია.

7. Bobby Hebb - Sunny

მოხდა ისე, რომ 1963 წლის 22 ნოემბერს არცთუ ცნობილმა მუსიკოსმა, ბობი ჰებმა ერთ დღეს დაკარგა მისთვის უძვირფასესი ორი ადამიანი, პრეზიდენტი ჯონ კენედი და ღვიძლი ძმა ჰაროლდი. ორივე მოკლეს. სასოწარკვეთილმა ბობიმ იმავე დღესვე ამ სიმღერის წერა დაიწყო და ორ დღეში დაასრულა კიდეც. საოცარი ნამუშევარია - ნათელი, სევდიანი, მსუბუქი და ოპტიმისტური. ნამდვილი ჰიმნი მიძღვნილი მზისადმი, რომელიც უმძიმეს წუთებშიც არ მიგატოვებს, ნუგეშს მოგცემს, გზას გაგინათებს და იმედს, სიცოცხლისადმი სიყვარულსა და სიხარულს დაგიბრუნებს.

კომპოზიციის გამოცემა ბობიმ მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოახერხა და ისიც ერთ-ერთი უპოპულარულესი ჩანაწერი გახდა პოპ მუსიკის ისტორიაში. ის ჩვენშიც ძალზე კარგად იციან, მინიმუმ უკვე 40 წელია, მაგრამ იციან Boney M-ის დისკო ვერსიით. ძალიან ბევრს ეცადა მზაკვარი გერმანელი პროდუსერი, ბობ ფარიანი თავისი იამაიკელი მარიონეტების დახმარებით უტიფრად გაეთელა ეს ფაქიზი სიმღერა, საკუთარი ანგარებიანი მიზნების განსახორციელებლად ემოცია და სული წაერთმია მისთვის, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გააფუჭა. ეს შეუძლებელია. პირიქით, "მზემ" აქეთ გააკეთილშობილა Boney M და მათი ყალთაბანდი პროდუსერი, მართალია დროებით, მაგრამ მაინც.

6. Kraftwerk - Tour de France

ეს ტრეკი Kraftwerk-ის კატალოგში განსაკუთრებულ მოვლენად არ მიიჩნევა, მაგრამ მე ის ძალიან მომწონს, რადგანაც ხალისიანია, მსუბუქი და ტექნო-ფუტურიზმისა და რობოტული ესთეტიკისგან მთლიანად დაცლილი. ფაქტობრივად, გაადამიანურებული პოპ-ელექტრონიკაა, ოღონდ ისეთი, ავტორთა ხელწერა, ინტელექტი და მუსიკის აკადემიური ცოდნა რომ მაინც იგრძნობა, წვრილმან დეტალებამდე რომ ყველაფერი გათვლილია და ორგანიზებული. თურმე, თვითონაც ძალიან ჰყვარებიათ ველოსიპედი და ველოსპორტსაც აქტიურად მისდევდნენ. "ტურ დე ფრანსი" კი მაშინ უპრესტიჟულესი შეიჯიბრი იყო.

არ ვიცი, ორგანიზატორებმა შეუკვეთეს მუსიკა, თუ საკუთარი ინიციატივით მიუძღვნეს 1983 წლის ტურნირს, მაგრამ ეს არც არის საინტერესო. საინტერესო უფრო ის არის, რომ თვითონ, როგორც ჩანს, არ მოსწონდათ მიღებული შედეგი, ამიტომ თავიდანვე ამ ტრეკის უამრავი ვერსია თუ რემიქსი ჩაწერეს, მაგრამ ბოლომდე კმაყოფილი, ალბათ, მაინც არ იყვნენ. სხვა ვერაფრით აიხსნება ის ფაქტი, რომ, როდესაც  2003 წელს 17-წლიანი შესვენების შემდეგ პირველი სრულფასოვანი ალბომი გამოუშვეს, ისიც "ტურ დე ფრანსს" მიუძღვნეს, გარეკანიც იგივე აირჩიეს და ამ ტრეკის რამდენიმე ახალი ვერსიაც კი შექმნეს. თუმცა, მე მგონი, სულ ტყუილად, რადგანაც პირველი მაინც ყველას ჯობია.

5. Pearl Jam - Jeremy

მთელ გრანჟ ტუსოვკაში ეს ბენდი და ედი ვედერი ყველაზე მეტად მომწონდა, რადგანაც ვფიქრობ, რომ მათ შემოქმედებაში ყველაზე ნაკლებად იყო პოპ მუსიკასთან ფარული ფლირტი და კლასიკური როკ სენსიტიურობა, რომლის გარეშეც თავის დროზე გრანჟ გარღვევა ვერანაირად მოხერხდებოდა.

ამ სიმღერის ისტორია, ალბათ, ყველამ იცის. 1991 წელს ტექსასელმა სკოლის მოსწავლე ჯერემიმ ვეღარ გაუძლო თავის უფერულ, არაფრისმთქმელ არსებობას და ამ რუტინის გასარღვევად მასწავლებლისა და კლასელების თვალწინ თავი მოიკლა. ერთი შეხედვით, გრანჟისთვის შესაფერისი ისტორიაა, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით, რადგან ამ ჟანრს ზოგადად არ უყვარს სხვისი ისტორიები. მას საკუთარი ისტორიებიც ეყოფა და საკუთარი თვითგვემაც, რომელიც ამ ჟანრის ყველა მიმდევარს ინდივიდუალური კი აქვს, მაგრამ მაინც ყველასი ერთმანეთს ჰგავს. ამიტომაც აქვს გრანჟს საერთო ხასიათი, საერთო დირექტიული ვექტორი და სულაც არ სჭირდება არანაირი უცხო აკუსტიკური სხეული. აი, Pearl Jam-ს კი სჭირდებოდა და ამიტომაც ხშირად იყურებოდა სხვა მუსიკალური ტერიტორიებისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯერემის ტრაგიკული ისტორიისგან შედევრს ვერ შექმნიდა, რომელიც ერთდროულად ემიჯნება კიდეც გრანჟს, მაგრამ მისი ორბიტას მაინც ვერ წყდება. 

4. Au Pairs - Armagh

არმა პატარა ქალაქია ჩრდილოეთ ირლანდიაში. წინა საუკუნის 20-იანი წლებიდან სწორედ ეს ქალაქი გადაიქცა ირლანდიის რესპუბლიკური არმიისა და ბრიტანული საჯარისო ფორმირებების სისხლიანი შეტაკებების ადგილად და ასეთად რჩებოდა ათეული წლების განმავლობაში. ამ ქალაქში იყო ციხეც, რომელშიც 1979 წლის მიწურულს 32 მეამბოხე ირლანდიელი ქალი ჩააყუდეს. ეს სიმღერა სწორედ ამ ამბავს ეხმიანება.

იმ დროს Au Pairs უძლიერესი ინგლისური პოსტ პანკ ბენდი იყო, რომლის ფრონტმენიც ლესლი ვუდსი გახლდათ. პოლიტიკა და სექსი - სწორედ ეს იყო ამ ქალბატონისა და მისი ჯგუფის შემოქმედების მთავარი კრედო. მათი ნერვული ფანკ რიტმი, შეუპოვარი, ხისტი მუსიკა და კონტროვერსიული ტექსტები ძალზე მძლავრად, კონფრონტაციულად ჟღერდა და სერიოზულ რეზონანსსაც იწვევდა. ასეთია ეს ტრეკიც. ტექსტი იმდენად მძიმეა, რომ დაუჯერებლადაც კი გეჩვენება - სიცივე, ავადმყოფობა, ანიტისანიტარია, აუტანელი წამება, სისხლი, შიმშილი, ბავშვის წართმევა. მოკლედ, ნამდვილ ჯოჯოხეთში ყოფილან ის ქალები, რომლებსაც პოლიტპატიმრის სტატუსსაც არ აძლევდნენ და კრიმინალებად ასაღებდნენ. ამ ყველაფრის ფონზე უაღესად ცინიკურად ჟღერს ფრაზა, რომელიც პერმანენტულად გასდევს ტრეკს: "ჩვენ არ ვაწამებთ, ჩვენ ცივილიზებული ერი ვართ, კონფრონტაციის მოწინააღმდეგენი". არ ვიცი, რამდენად დაეჯერება Au Pairs-ს, მაგრამ ძალიან შთამბეჭდავად რომ ჟღერს ეს ყველაფერი, ფაქტია. სხვათა შორის, 1986 წელს ეს ციხე გაუქმდა და სასტუმროდ გადაკეთდა, ხოლო ლესლი ვუდსი ბოლო 28 წელია ადვოკატად მუშაობს ლონდონში, რაც გასაკვირი სულაც არ არის.

3. Ton Steine Scherben - Rauch-Haus-Song

მემარცხენე სტუდენტი, გეორგ რაუში 1972 წელს დასავლეთ ბერლინში გამართული ერთ-ერთი დემონსტრაციის დროს პოლიციასთან შეტაკებისას დაიღუპა. ამ ფაქტმა ქალაქში მრისხანების ნამდვილი ტალღა ააგორა. გაგულისებული ლევაკები კროიცბერგში ახლად გარემონტებული მუნიციპალური სავადმყოფოს ცარიელ შენობაშიც კი შეიჭრნენ, მას რაუშ-ჰაუსი დაარქვეს და ხელისუფლებას განუცხადეს, ის უკვე ჩვენია და ცოცხალი თავით აღარ დავთმობთო. რამდენიმედღიანი მოლაპარაკების შემდეგ ოფიციალური პირები დანებდნენ. სისტემაზე გამარჯვებით აღტაცებული საინიციატივო ჯგუფის ნაწილი დასავლეთ ბერლინური ბენდის Ton Steine Scherben ახლომდებარე სტუდიაში შევარდა და მუსიკოსებთან ერთად ცხელ გულზე ეს კომპოზიცია ჩაწერა, რომელიც გერმანიაში დღემდე დაუმორჩილებელი სკვოტერების ჰიმნად მიიჩნევა.

სწორედ ასეთი ისტორიები ქმნიდნენ იმ სოციალურ-კულტურულ ღირებულებებს, რომლითაც დღემდე ამაყობს ბერლინი. რაც შეეხება Ton Steine Scherben-ს, ისინი სრულიად სამართლიანად ითვლებიან ამ ქალაქის კონტრკულტურის პიონერებად. მარტო ის რად ღირს, რომ მათი ლიდერი, რიო რაიზერი ერთი ჯიბით მაოს ციტატების წითელ წიგნს ატარებდა, მეორეთი ბიბლიას, სექსუალური ორიენტაციით გეი იყო და ისე გარდაიცვალა, რომ თავისი საკულტო სტატუსის მიუხედავად, ვალებიდან ვერაფრით ამოვიდა.

2. Rotting Christ & Diamanda Galas - Orders from the Dead

გენოციდსა და ჰოლოკოსტის შესახებ შექმნილ ტრეკებში  ამას ვერცერთი შეედრება. მისი ტექსტი ბერძენ მწერალ ქალს, დიდო სოტირიუს ეკუთვნის. ის უშუალოდ იყო იმ პროცესების მოწმე, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს განვითარდა, როდესაც თურქეთმა მთელი ბერძენი მოსახლეობა აყარა და მცირე აზიიდან გაასახლა, რასაც ასეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სწორედ ამ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება გენოციდს შემთხვევით გადარჩენილი სოტირიუს მთელი შემოქმედება, რომელშიც ეს ნაწარმოები ერთ-ერთი საუკეთესოა.

მე ასეთი თავზარდამცემი და ტრაგიკული პოეტური ტექსტი არც წამიკითხია. ჯერ მარტო სათაური რად ღირს - "განკარგულებები გარდაცვლილებისგან". მკვდრები და მათი გზავნილები ცოცხლებისადმი კი დიამანდა გალასის სტიქიაა. გალასი თან ეთნიკურად ბერძენია და მისი ეს ბერძნულ-ინგლისური გოდება ნამდვილ ანტიკურ ტრაგედიამდე მაღლდება, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ის მარტო, მინიმალური აკომპანემენტით ასრულებს ამ კომპოზიციას. უცნაურია, მაგრამ ბერძნული ბლექ მეტალ ბენდის მიერ რეარანჟირებული მუსიკალური გაფორმება აშკარად აპაპსავებს სიმღერას და მთელ მაგიას უკარგავს მას. თუმცა, გალასის ნარატივი მაინც დიდებულია, სხვა განზომილებიდან მოდის და ამქვეყნიურობის არაფერი სცხია. ამ ვერსიის ერთადერთი პლუსი ისაა, რომ უფრო ადვილად აღსაქმელია, ვიზუალიც გადადებული აქვს და ტიტრებიც გააჩნია. არადა, დიამანდას ორიგინალს რომ ეს ატრიბუტები ჰქონოდა, აუცილებლად პირველ ადგილზე წამოვასკუპებდი.

1. Crosby, Stills, Nash & Young - Ohio

1970 წლის 4 მაისს ოჰაიოში, კენტის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ამერიკული ავიაციის მიერ ვიეტნამური დასახლებების მორიგ დაბომბვაზე საპასუხოდ პერმანენტული საპროტესო აქცია დაიწყეს. ვაშინგტონმა სასწავლებელში ეროვნული გვარდიის შეიარაღებული დანაყოფი გაგზავნა, რამაც დემონსტრანტები კიდევ უფრო აღაშფოთა. დღემდე გაუგებარია  ვინ გასცა ბრძანება ან როგორ მოხდა, რომ გვარდიელებმა უმისამართო სროლა ატეხეს, რასაც ოთხი სტუდენტის სიცოცხლე შეიწირა, ბევრი კი დაიჭრა. ფოლ როკ სუპერჯგუფის CSN&Y წევრებმა ეს ამბავი სტუდიაში მუშაობის დროს მედიიდან შეიტყვეს და ძალიან დაითრგუნენ. ნილ იანგმა გიტარა აიღო, ახლომდებარე ტყეში გაუჩინარდა და ერთ საათში მზა სიმღერით დაბრუნდა. ასე შეიქმნა Ohio, რომელიც კენტში დატრიალებულ ტრაგედიას ეხება.

საოცარია, როგორ გრძნობდნენ მაშინ არტისტები ეპოქის მაჯისცემას. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოვლენასა და მასზე კომენტარს შორის ზღვარი საერთოდ წაშლილია და რაღაც ურთიერთშექცევად პროცესთან გვაქვს საქმე. სწორედ ამიტომ ამბობდა, ალბათ, ბრიუს სპრინგსტინი, მაშინ მუსიკა თავად იყო ცხოვრებაო. წლების შემდეგ, უკვე 1990-იანებში პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონს ჰკითხეს, რა იყო თქვენთვის უფრო მძიმე, ვიეტნამის ომში დამარცხება თუ უოთერგეითის სკანდალიო. კენტის ტრაგედიაო, უპასუხა ნიქსონმა, არასდროს დამვიწყებია და დღემდე მძიმე ტვირთად მაწევსო. კათარზისი - ამაზეცაა ეს ტრეკი.


0. Muammar Gaddafi - Zenga Zenga Song (Noy Alooshe remix)

იუთუბზე ატვირთული ეს აუდიოვიზუალური პროექტი არა მხოლოდ რეალური ისტორიის საფუძველზეა შექმნილი, არამედ თავადაც პოლიტიკურ-ისტორიული მნიშვნელობის ამბავია. ლიბიის აწგარდაცვლილმა ლიდერმა, პოლკოვნიკმა მუამარ კადაფიმ ქვეყანაში შეარაღებული ამბოხის დაწყების შემდეგ ეროვნული ტელევიზიის ეთერში განაცხადა, რომ სასტიკად გაუსწორდებოდა ოპოზიციას - ყველგან, ყველა ქუჩაზე, სახლსა თუ ჩიხში (ჩიხი არაბულად zanqa). ებრაელმა ჟურნალისტმა და მუსიკოსმა, ნოი ალუშმა კადაფის ეს ექსპანსიურ-თეატრალური გამოსვლა ტელევიზიით ნახა და ისე მოიხიბლა, რომ Pitbull-ის კომპოზიციის Hey Babe მელოდიური სემპლი აიღო, ზედ რომელიღაც ტრანს ტრეკის ბითი დაადო, კადაფის ფრაზეოლოგიას მოარგო, ვიდეო ფუტაჟიც გაახალისა და იუთუბზე ატვირთა. ასე გაჩნდა Zenga Zenga (დამახინჯებული zanqa), რომელმაც ნამდვილი ფურორი მოახდინა და ნახვების რაოდენობით 5 მილიონს გადააჭარბა.

საინტერესოა, რომ ამ ყველაფრის შედეგად აღტაცებული იყვნენ ოპოზიციის მომხრეებიც და კადაფის მხარდამჭერებიც. zanqa zanqa-ს გარდა ტრეკში ხომ ფრაზა "მე ხალხს ვუყვარვარ" არის დალუპული. ეს ყველაფერი კურიოზული და სახალისო ამბად დარჩებოდა, მალევე ტრაგედიაში რომ არ გადაზრდილიყო იქიდან გამომდინარე, თუ რა უქნეს კადაფის, როდესაც ლიბერალური გარდაქმნებით აღტკინებულ-გამარჯვებულმა ბრბომ მისი მოხელთება შეძლო. მაგრამ ამას უკვე აღარ მოვყვები, რევოლუციურ-დემოკრატიული სადისტური გეი ჰორორ ჰარდკორი ნამდვილად არასდროს მხიბლავდა.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები და ტერმინოლოგია გამოხატავს ავტორის პოზიციას, რასაც, შესაძლოა, რედაქცია არ იზიარებდეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული