Thumbnail

ბილი აილიში იხსენებს, როგორ შექმნა როზალიასთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Lo Vas A Olvidar

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა პლატფორმა Apple Music-ის ეთერში, ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში მისი და ესპანელი პოპვარსკვლავის, Rosalía-ს ახლად გავრცელებული კომპოზიციის Lo Vas A Olvidar შექმნის პროცესზე ისაუბრა. 19 წლის არტისტმა ყურადღება სიმღერის ბოლო ნაწილზე გაამახვილა, რომელშიც ინგლისურად მღერის:

► გინესის რეკორდები, რომლებიც ბილი აილიშს ეკუთვნის

"ამას ისე მეუბნები, თითქოს არჩევანის გაკეთების საშუალება მქონდეს. თუ მნიშვნელოვანი არ ვიყავი, მაშინ რატომ ფლანგავდი ჩემზე მთელ შხამს?".

"You say it to me like it’s something I have any choice in / If I wasn’t important, then why would you waste all your poison?".

ბილის თქმით, ამ მონაკვეთის დაწერაში არა მარტო ძმა და მუსიკალური პარტნიორი, ფინიას ო’კონელი, არამედ მშობლები და ფინიასის შეყვარებული, კლაუდია სელევსკიც დაეხმარნენ.

"ესე იგი, დედაჩემი, მამაჩემი, ფინიასი, მე, კლაუდია - ყველა ერთად შევიკრიბეთ სტუდიაში. ჩანაწერის მოსმენის შემდეგ მე და ფინიასმა ვიფიქრეთ, კიდევ ერთი ნაწილი ხომ არ მიგვემატებინა. ოთახში მთელ ჩემს ოჯახთან ერთად ვიჯექი. დედაჩემის და მამაჩემის ჩათვლით ყველა განვიხილავდით, როგორ დაგვეწერა. თავის იდეებს გვიზიარებდნენ. წესით თითოეული მათგანი უნდა იყოს მოხსენიებული ამ სიმღერის ავტორთა სიაში, რადგან ერთად დავწერეთ მისი ბოლო ნაწილი", - აღნიშნა ახალგაზრდა მუსიკოსმა.

ბილიმ უშუალოდ როზალიასთან თანამშრომლობის პერიოდიც გაიხსენა:

"სიმღერის ძირითადი ნაწილი ესპანურენოვანია, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, წერის პროცესში როზალია მთავაზობდა, ინგლისური ტექსტი ხომ არ გირჩევნიაო, მე კი მტკიცედ განვუცხადე, რომ ის ესპანურ ენაზე უნდა ყოფილიყო, რადგან ასე ძალიან ლამაზად ჟღერდა. ყოველთვის მიყვარდა არაინგლისურენოვანი მუსიკა, უამრავი ისეთი სიმღერისთვის მომისმენია, რომლის შინაარსიც არ მესმის, ამაში ყოველთვის იმალება რაღაც ინტრიგა".

ბილიმ და როზალიამ პირველი ერთობლივი ნამუშევარი Lo Vas A Olvidar და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი 21 იანვარს გაავრცელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული