Thumbnail

როგორ მოიქცა ნინა სიმოუნი, როდესაც გაიგო, რომ მისი 11 წლის გოგონა სიგარეტს ეწეოდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული არტისტის, ნინა სიმოუნის ერთადერთმა შვილმა, მუსიკოსმა ლისა სიმოუნმა იუთუბზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც იხსენებს, როგორ მოიქცა დედამისი, როცა გაიგო, რომ ის სიგარეტს ეწეოდა.

ნახეთ: ნინა სიმოუნის შვილიშვილი საპროტესტო კომპოზიციას Fight The Fight ავრცელებს

"11 წლის ვიქნებოდი, როცა ვიღაცამ დედას ენა მიუტანა, სიგარეტს ეწევაო. ნინა მოვიდა და მითხრა, როგორც გავიგე, სიგარეტი მოგიწევიაო. მოტყუებას აზრი არ ჰქონდა, აშკარა იყო, რომ ყველაფერი იცოდა. ისიც მწეველი იყო და მითხრა, მაჩვენე ერთი, როგორ ეწევიო. ამის გაგონებაზე თვალები გამიფართოვდა, მან კი შეკვრა გახსნა, ერთი ღერი თავისთვის ამოიღო, მეორე გამომიწოდა, სანთებელა აანთო, ჩემკენ გამოწია და მომიკიდა. როგორც შევძელი, მოვწიე და ბოლი გამოვუშვი, მან კი მომიგო - ო, არა, ასე არ ეწევიანო. სიგარეტი პირში ჩაიდო და ღრმა ნაფაზი დაარტყა, შემდეგ კი მირჩია, მეც იგივე გამეკეთებინა.

რა თქმა უნდა, საშინელი ხველა ამივარდა. გამიკვირდა კიდეც, რომ ხმამაღლა არ გაეცინა, რადგან ვიცოდი, შინაგანად ხარხარებდა. ამის შემდეგ თვალებში ჩამხედა და მითხრა - აღარ გავიგო, რომ ოდესმე კიდევ მოწიოო. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოგონებაა, რაც დედასთან მაკავშირებს. მას შეეძლო, ბევრი გზა გამოენახა ჩემთვის ჭკუის სასწავლებლად, მაგრამ საკუთარი სათქმელი ისე მოიტანა ჩემამდე, რომ თავი დასჯილად არ მეგრძნო", - ამბობს ლისა.

ნინა სიმოუნს ლისა 1962 წელს შეეძინა ქმრისგან, ენდრიუ შტოუდისგან, რომელიც ნიუ იორკში დეტექტივად მუშაობდა, წლების შემდეგ კი ნინას მენეჯერი გახდა. ლისა, დედის მსგავსად, მუსიკას გაჰყვა. მან ბროდვეის სპექტაკლებში მონაწილეობით გაითქვა სახელი. ის აგრეთვე დედის შესახებ გადაღებული, ოსკარის ნომინანტი დოკუმენტური ფილმის What Happened, Miss Simone? ექსკლუზიური პროდიუსერიც არის, რომელიც Netflix-მა 2015 წელს გაავრცელა.

მუსიკოსი და შავკანიანთა უფლებებისთვის მებრძოლი აქტივისტი, ნინა სიმოუნი თავდაპირველად პიანისტი იყო, თუმცა, ერთ-ერთ კლუბში მუშაობის დასაწყებად, ინსტრუმენტზე დაკვრის პარალელურად, სიმღერა მოსთხოვეს, რამაც მისი, როგორც ჯაზ ვოკალისტის კარიერას დაუდო დასაბამი. 1958-74 წლებში არტისტმა 40-ზე მეტი ალბომი გამოუშვა. სიმოუნს, რომლის საშემსრულებლო სტილიც კლასიკური მუსიკის, ჯაზის, ბლუზის, არენბის, გოსპელისა და პოპის ჟღერადობებს აერთიანებდა, წარმატება მოუტანა ისეთი სიმღერების შესრულებამ, როგორებიცაა: My Baby Just Cares for Me, I Put a Spell on You, Feeling Good და სხვები. მუსიკოსი 2003 წელს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული