Thumbnail

ელვის პრესლის შვილი: მაიკლ ჯექსონი მუქარით მაიძულებდა შვილის გაჩენას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, ელვის პრესლის შვილმა, ლისა მარი პრესლიმ, რომელიც 1994-96 წლებში მაიკლ ჯექსონის ცოლი იყო, განქორწინებიდან წლების შემდეგ მედიასთან ღიად ისაუბრა, რა სირთულეებს აწყდებოდა არტისტთან ურთიერთობაში. როგორც ლისამ გაამხილა, მაიკლი შვილის გაჩენას აძალებდა და მუქარასაც არ ერიდებოდა.

როგორ გადაურჩა მაიკლ ჯექსონი სიკვდილს სიმღერაზე Billie Jean მუშაობისას

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

პრესლის თქმით, ჯექსონი მას ულტიმატუმს უყენებდა, რომ, თუ ბავშვის ყოლაზე უარს იტყოდა, შვილებს დები როუი გაუჩენდა, რომელიც მაშინ გაიცნო, როცა კანის დაავადება ვიტილიგოს სამკურნალოდ დერმატოლოგ არნოლდ კლეინს მიმართა. ქალი ამ დროს ექიმის ასისტენტად მუშაობდა და ჯექსონის მკურნალობის პროცესში იყო ჩართული.

"ვთხოვდი, მეტი დრო მოეცა ჩემთვის, რადგან ბავშვის გაჩენისთვის ჯერ მზად არ ვიყავი. ვიცოდი, რომ ის ქალი მთელი ეს დრო მაიკლის გვერდით იყო და არწმუნებდა, შვილს მე გაგიჩენო. მაიკლმა მითხრა კიდეც - თუ დაორსულებას არ აპირებ, ამას დები გააკეთებსო. ბევრს ვჩხუბობდით, რადგან შვილების საკითხზე ვერ ვთანხმდებოდით. მე, უბრალოდ, არ მსურდა, შეცდომა დამეშვა. მომავალს ვუყურებდი და ვფიქრობდი - არ მინდა, მასთან მეურვეობის თემაზე სასამართლოში დავა მომიხდეს-მეთქი. ამიტომ ჯერ მსურდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერი კარგად იყო", - იხსენებდა ის.

ლისამ პირველი ქმარი, დენი კეო სწორედ ჯექსონთან უერთიერთობის გამო მიატოვა და განქორიწინებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, რაც მაიკლს გაჰყვა ცოლად. ქალს წინა ქორწინებიდან ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

"ჯერ კიდევ იმის გადახარშვას ვცდილობდი, რაც ჩავიდინე. როგორ მოვექეცი ასე ადამიანს? მე ხომ ორი პატარა მყავდა. სწორედ ბავშვების გამო მინდოდა, დავრწმუნებულიყავი, რომ მომავალში ყველაფერი კარგად იქნებოდა - მე და მაიკლი ნამდვილად შევძლებდით მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რადგან ბევრი დაბრკოლება იყო გადასალახი", - ამბობდა პრესლი.

ლისა მაიკლთან და თავის შვილებთან ერთად

ლისა მაიკლს პირველად 1975 წელს, 7 წლის ასაკში შეხვდა, როცა ლას ვეგასში მის კონცერტს დაესწრო. ისინი ერთმანეთს 1992 წელს, მას შემდეგ დაუახლოვდნენ, რაც ჯექსონს ბავშვებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაში პირველად დასდეს ბრალი. ამ პერიოდში მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად წამალდამოკიდებულებასთანაც უწევდა გამკლავება.

"მიმაჩნდა, რომ მას ცუდი არაფერი ჩაუდენია და უსამართლოდ ადანაშაულებდნენ. დიახ, სწორედ იმ პერიოდში დავიწყე მისი შეყვარება. მინდოდა, გადამერჩინა. ვგრძნობდი, რომ ამის გაკეთება შემეძლო", - ამბობდა ლისა.

ჯექსონი და პრესლი არაოფიციალურად 1995 წლის დეკემბერში დაშორდნენ. ოთხი დღით ადრე მაიკლი საავადმყოფოში მოხვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

"როცა კლინიკაში მის სანახავად მივედი, პალატაში შესვლის ნება დამრთო, მაგრამ მკაცრად შეზღუდული დროით. ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც ცხოვრებაში მომიხდა, იყო მაიკლისგან წასვლა და მისი საკუთარ ბედისწერასთან დატოვება. თუმცა, მე ის სასოწარკვეთამდე მიყვარდა და ვცდილობდი, რამე მომეხერხებინა", - აღნიშნავდა ლისა.

პერის ჯექსონი: მამის მადლიერი ვარ, რომ ბავშვობაში ხალხისგან დასაცავად ნიღბით მატარებდა

1996 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაიკლ ჯექსონი სწორედ დები როუისგან ელოდებოდა შვილს. ამავე წლის ნოემბერში მათ იქორწინეს და მალევე ვაჟი, მაიკლ უმცროსი ეყოლათ. მათმა თანაცხოვრებამ 1999 წლამდე გასტანა. ამ დროის განმავლობაში წყვილს კიდევ ერთი შვილი, პერის ჯექსონი გაუჩნდა. მოგვიანებით როუიმ განაცხადა, რომ ჯექსონთან ფიქტიურ ქორწინებაში იმყოფებოდა და ბავშვები ხელოვნური განაყოფიერების შედეგად გააჩინა ანონიმური დონორისგან. დებისთან განქორწინების შემდეგ მაიკლმა ბავშვების აღზრდაზე სრული პასუხისმგებლობა აიღო. 2002 წელს მას ანონიმი სუროგატი დედისგან კიდევ ერთი შვილი, პრინს მაიკლ II ეყოლა.

მაიკლ ჯექსონი დები როუისთან ერთად

აღსანიშნავია, რომ ლისა მარი პრესლი მუსიკოსის რიგით მეცხრე ალბომში HIStory: Past, Present and Future, Book I შესულ კომპოზიციაზე You Are Not Alone გადაღებულ კლიპში მონაწილეობს.

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. მსოფლიოში გაყიდული 350 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული