Thumbnail

Nas: ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჯეი ზისთან მქონდა დაპირისპირება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ნასირ ესკობარ ჯოუნსი, ფსევდონიმით Nas, ლეგენდარული პროდიუსერისა და გავლენიანი ფიგურის, რიკ რუბინის გადაცემის Broken Records სტუმარი გახლდათ. ცნობილი ლეიბლის Def Jam დამფუძნებელთან საუბრისას, ქუინსელმა ემსიმ ბრუკლინელ კოლეგასთან, ჯეი ზისთან წლების წინ მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა. ასევე აღნიშნა, რომ ბიფი ჟანრის განუყრელი ნაწილია, რა დროსაც რეპერებს საკუთარი თავის მაქსიმალურად წარმოჩენა უწევთ.

ნახეთ: ნასმა განმარტა, თუ რატომ ვერ მოახერხა ბიგისთან თანამშრომლობა

Lil' Cease: Biggie ფიქრობდა, რომ Jay-Z მასზე უკეთესი იყო

"ჯეისთან დაპირისპირება ნამდვილი ემსინგის ხელოვნება იყო. როდესაც რეპ კულტურაში ერთვები, ბიფიც აუცილებლად გექნება. მე კი წილად მხვდა პატივი, ჯეი ზისთან მქონოდა ეს პაექრობა", - განაცხადა ნასირმა.

რიკ რუბინმა აღნიშნა, რომ ხსენებულმა დაპირისპირებამ ჟანრი ახალ საფეხურზე აიყვანა, რაზეც ნასმა უპასუხა:

"ვიმეორებ, ეს ყველაფერი ემსინგის ხელოვნება იყო. როცა ცდილობ, საუკეთესო რამ შექმნა, რაც კი შეგიძლია და ამ დროს თავით სხვა ემსის ასკდები, მასთან ომში ერთვები - ასეთია ეს ხელოვნება დასაბამიდან, დაწყებული ქულ მოუ დითა და დამთავრებული ბიზი ბით. ამიტომ მირჩევნია ჰიპ ჰოპი სხვა ჟანრებს. არ ვამბობ, რომ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობებში არ არის პაექრობა, მაგრამ შეჯიბრი ყველაზე მეტად რეპს უხდება", - აღნიშნა ნასმა.

ნიუ იორკელი ტიტანების ბიფი, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებს, ჟანრის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ და მნიშვნელოვან დაპირისპირებადაა მიჩნეული. იმ დროისთვის უკვე სახელგანთქმული ნასი კოლეგას, რომელიც სადებიუტო ალბომზე Reasonable Doubt მუშაობს, ტრეკზე Bring It On თანამშრომლობასა და, შესაბამისად, დახმარებაზე უარს ეუბნება. ჯეის პირველი გასროლა სწორედ ხსენებული ალბომის კომპოზიციას Dead Presidents II უკავშირდება, რომელშიც მან "ესქოუს" ჩანაწერი The World Is Yours გასემპლა.

მას შემდეგ არტისტებმა ერთმანეთს არაერთი დის-ჩანაწერი მიუძღვნეს. მსმენელთა დიდი ნაწილის აზრით, დაპირისპირების გამარჯვებული ნასი ნამუშევრის Ether წყალობით გახდა. თუმცა, აუცილებლად აღსანიშნავია ჯეის ჩანაწერი Takeover, რომლის მოსმენის შემდეგ, როგორც ნასირი იხსენებს, ორი დღე იატაკზე გაუნძრევლად იწვა. ბიფი ოფიციალურად 2005 წელს დასრულდა. მუსიკოსებმა მას შემდეგ მრავალჯერ ითანამშრომლეს და დღემდე კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული