Thumbnail

ლედი გაგა: თეთრკანიანებს ჩაგვინერგეს, რომ ჩვენ კი არა, სხვებს სჭირდებათ გამოსწორება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

აფროამერიკელთა სამოქალაქო უფლებებისთვის მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგის ქვრივის, კორეტა სკოტ კინგის მიერ 1968 წელს დაარსებულმა ორგანიზაციამ The King Center, რომლის მიზანიც არაძალადობრივი გზით სოციალური ცვლილებების გამოწვევაა, ყოველწლიური დაჯილდოება Beloved Community award გამართა. ვირტუალურ ცერემონიაზე ამერიკელ პოპვარსკვლავ სტეფანი ჯერმანოტას, იგივე ლედი გაგას სპეციალური ჯილდო Yolanda Denise King Higher Ground Award გადაეცა საკუთარი შემოქმედებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის. როგორც ცნობილია, გაგას დედასთან, სინტია ჯერმანოტასთან ერთად ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია Born This Way foundation აქვს დაფუძნებული. სამადლობელ სიტყვაში მუსიკოსი რასობრივ დისკრიმინაციასა და თეთრკანიანთა უსამართლო უპირატესობას შეეხო.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციაზე სახელმწიფო ჰიმნს ლედი გაგა შეასრულებს

ლედი გაგა: ჩემი ყველაზე დიდი მტერი ლედი გაგა იყო

"ჩემი კანის ფერი უპირატესობას არ მანიჭებს. დიახ, ვიცი, რომ თქვენ წინაშე გამოვდივარ, როგორც სტეფანი ჯერმანოტა, იგივე Lady Gaga - ცნობილი თეთრკანიანი ქალი, რომელსაც საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ყოველთვის ფართო ტრიბუნა აქვს. ჩემი რასობრივი იდენტობა მხოლოდ ჩემი კანის სითეთრეში გამოიხატება. ამ ჯილდოს ყველა შავ და ყავისფერკანიან ადამიანს ვუძღვნი, რომლებიც ჩაგვრის პირობებშიც განაგრძობენ გაფურჩქვნას იმის მიუხედავად, რომ თეთრკანიანთა უპირატესობის სისტემური დემონსტრირება მათ ამაში ხელს უშლის.

შავკანიანთა სიცოცხლე და ცხოვრება ღირებულია. მინდა, თეთრკანიანებს მივმართო - შავკანიანები ჩვენი ერის საუკეთესო მხარეს წარმოაჩენენ და ვალდებული ვართ, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უკეთ გავერკვეთ, რომ ეს ჭეშმარიტება მივიღოთ; ვაღიაროთ, რომ თეთრკანიანთა უსამართლო უპირატესობის პირობებში ვერასდროს ვიქნებით ჯანსაღი საზოგადოება. აუცილებელია, თითოეულმა ჩვენგანმა შევიცვალოთ ქცევა, რათა წვლილი შევიტანოთ იმ სამყაროს შექმნაში, რომელშიც ყველა ნამდვილად თავისუფალია.

თეთრკანიანებს არ უნდა შეგვრცხვეს შეცდომების აღიარება. გვასწავლიან, რომ ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს და ეს სხვებს სჭირდებათ გამოსწორება. სხვებში პრობლემის ძიების ნაცვლად, გთავაზობთ, საკუთარ თავს ვკითხოთ - რატომ ვართ ასეთები? მჯერა, რომ სამართლიანობაზე, თანასწორობასა და ჰუმანურობაზე დაფუძნებული საზოგადოების შექმნა, რომელსაც მარტინ ლუთერ კინგი ადვოკატირებდა, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ თეთრკანიანები თავიდან ამოვიგდებთ იმ არასწორ შეხედულებებს, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა ჩაგვინერგეს", - აღნიშნა ვიდეომიმართვაში ლედი გაგამ.

11 გრემის მფლობელმა სტეფანი ჯერმანოტამ, სასცენო სახელით Lady Gaga, კარიერა 2001 წელს დაიწყო. არაერთი ჰიტის ავტორს განსაკუთრებული წარმატება სინგლმა Bad Romance მოუტანა, რომელიც 2009 წელს ჩარტებისა და გაყიდვების ლიდერი გახდა. 2016 წელს მომღერალს ამერიკულ სერიალში American Horror Story: Hotel შესრულებული როლისთვის ოქროს გლობუსი გადაეცა. 2019 წელს კი ამერიკული მუსიკალური დრამის A Star Is Born საუნდტრეკმა Shallow გაგას ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოები მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული