Thumbnail

Cardi B-მ გაამხილა, რა დაუჯდა WAP, Money და სხვა კლიპების გადაღება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ქარდი ბიმ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში გაამხილა, რა ბიუჯეტით გადაიღო თავისი რამდენიმე ვიდეორგოლი. რეპერის თქმით, მისი ყველაზე ძვირადღირებული კლიპი WAP გახლავთ, რომელზეც მილიონი დოლარი დაიხარჯა.

900 000 დოლარი დაჯდა რეპერისა და პოპვარსკვლავ ბრუნო მარსის ჰიტი Please Me.

ხოლო 400 000 ამერიკული დოლარით განისაზღვრა კომპოზიციაზე Money გადაღებული ვიდეორგოლი, რომლის ნახვაც იუთუბის მხოლოდ სრულწლოვან მომხმარებლებს შეუძლიათ.

ნახეთ: ქარდი ბის რეაქცია, როცა WAP-ის მოსმენისას ოთახში 2 წლის შვილი შევიდა

ჰიპ ჰოპ შემსრულებლის წარმომადგენლებს სადებიუტო სინგლზე Bodak Yellow შექმნილი ვიდეონამუშევარი 15 000 დოლარი დაუჯდათ.

"სახალისო ფაქტი: Bodak Yellow-ს კლიპის გადაღება 15 000 დოლარი დამიჯდა. დუბაიში ვიყავი და იდეა გამიჩნდა, რომ ამ ვიდეორგოლზე მემუშავა", - ამბობს არტისტი.

ქარდიმ თავის ქმართან, რეპერ ოფსეტთან ერთად ჩაწერილი პირველი ტრეკის Lick კლიპის გადაღებებიც გაიხსენა:

"ეს კლიპი სადღაც 15 000 დოლარამდე დაჯდა. სასტუმრო Holiday Inn-ის კაზინოში გადავიღეთ. ცოტა დაბნეულიც კი ვიყავი, რადგან ძალიან მცირე ბიუჯეტი ჰქონდა. მაშინ ოფსეტს კარგად არ ვიცნობდი, ამიტომ მისი მრცხვენოდა და როდესაც გადაღების პროცესში მაკოცა, სუნთქვა შემეკრა".

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს სამმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული