Thumbnail

MF DOOM-ის გარდაცვალების შემდეგ მისი მოსმენები 870%-ით გაიზარდა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

მას შემდეგ, რაც 2020 წლის 31 დეკემბერს ლეგენდარული მუსიკოსის, დანიელ დუმილეის, ფსევდონიმით MF DOOM, გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მუსიკალურ პლატფორმებზე არტისტის ნამუშევრების მოსმენები 870 პროცენტით გაიზარდა. მონაცემები გამოცემა Billboard-მა გამოაქვეყნა. 31 დეკემბრიდან 5 იანვრის ჩათვლით აშშ-ში დუმის შემოქმედება სტრიმინგ სერვისებზე 25 მილიონჯერ მოისმინეს, როდესაც 25-30 დეკემბრის პერიოდში მაჩვენებელი 2,6 მილიონს შეადგენდა.

რეპერი MF Doom 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

არსებული ინფორმაციით, ალბომის Madvillainy მეორე ნაწილის 85% მზადაა

მოუსმინეთ: MF DOOM ტრეკებს The Chocolate Conquistadors და Lunch Break აქვეყნებს

ამასთან, 5-დღიან მონაკვეთში გავლენიანი შემსრულებლის ალბომების გაყიდვებმა 1264%-ით იმატა. კერძოდ, დუეტ "მედვილენის" ყოფილი წევრის სტუდიური ნამუშევრების 4 000 ეგზემპლარის რეალიზაცია მოხდა.

1971 წლის 7 იანვარს ლონდონში დაბადებული MF Doom ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ. მისი ფლოუ და ერთი შეხედვით აბსტრაქტული, მაგრამ ამავე დროს ღრმა შინაარსის მქონე ტექსტები დღემდე უნიკალურად მიიჩნევა. დუმილეი ჰიპ ჰოპის ანდერგრაუნდში 1988 წელს გამოჩნდა. მისი შემოქმედება 6 ალბომს, 15 სოლო სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს მოიცავს. რეპერის ყველაზე წარმატებული პროექტი კალიფორნიელ პროდიუსერთან, მედლიბთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტი Madvillain გახლავთ. გაერთიანების 2004 წლის ალბომი Madvillainy კი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

2020 წლის 31 დეკემბერს, მუსიკოსის ცოლმა, ჟასმინ დუმილეიმ დანიელის გარდაცვალების ცნობა გაავრცელა. როგორც აღმოჩნდა, "სუპერვილენმა" შარშან, 31 ოქტომბერს დაგვტოვა. სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული