Thumbnail

ამა თუ იმ უნიკალური ღირსებით გამორჩეული ფირფიტების ფასი ასეულათასობით და ზოგ შემთხვევაში, მილიონობით აშშ დოლარსაც აღწევს, შეძლებული კოლექციონერები კი მზად არიან, უიშვიათეს ჩანაწერებში კოლოსალური თანხები გადაიხადონ.

ჩვენს დღევანდელ სტატიაში სწორედ ხუთ ყველაზე ძვირადღირებულ ფირფიტას წარმოგიდგენთ.

5. John Lennon & Yoko Ono - Double Fantasy ($150,000)

1999 წელს ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის, ჯონ ლენონისა და მისი ცოლის, იოკო ონოს ერთობლივი ალბომის Double Fantasy ერთ-ერთი ეგზემპლარი 150,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ეს სწორედ ის ფირფიტა გახლავთ, რომელზეც ლენონმა საკუთარ მკვლელს, მარკ დევიდ ჩეპმენს საბედისწერო გასროლამდე ხუთი საათით ადრე ავტოგრაფი დაუტოვა. (ჩეპმენის ბრალეულობის ერთ-ერთ მტკიცებულებად სამართალდამცველებმა სწორედ მის მიერ ალბომზე დატოვებული თითის ანაბეჭდები წარადგინეს). 2020 წლის მიწურულს ისტორიული მნიშვნელობის მქონე ვინილი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანეს. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მისი ფასი ამჯერად 1,5 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს.

4. The Beatles - Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ($290,500)

The Beatles-ის ალბომზე კოლექტივის რომელიმე წევრის ხელმოწერა მის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის. იმ შემთხვევაში კი, თუ ფირფიტას ოთხივეს ავტოგრაფი ამშვენებს, ფასი ასტრონომიულ რიცხვებს უახლოვდება. ამის ერთ-ერთი მაგალითი ჯგუფის ეპოქალური ნამუშევრის Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band ის ეგზემპლარი გახლავთ, რომელიც 2013 წელს გამართულ ონლაინ აუქციონზე, არც მეტი, არც ნაკლები, 290,500 აშშ დოლარად გაიყიდა. უიშვიათესი ჩანაწერის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია, რადგანაც ამ უკანასკნელმა ანონიმურობის შენარჩუნება ისურვა.

3. Elvis Presley - My Happiness / That's When Your Heartaches Begin ($300,000)

1953 წლის 18 ივლისს ქალაქ მემფისში მდებარე ერთ-ერთ სტუდიას 18 წლის ელვის აარონ პრესლი ეწვია და დედისთვის საჩუქრად ორი კომპოზიცია My Happiness და That's When Your Heartaches Begin ჩაწერა. როკ-ენ-როლის მომავალ ლეგენდას თავისი პირველი ფირფიტის დამზადება სულ რაღაც ოთხი დოლარი დაუჯდა, 2015 წელს კი ეს უძვირფასესი რელიკვია პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ჯგუფებში The White Stripes და The Raconteurs მოღვაწეობით ცნობილმა ჯეკ უაითმა 300,000 აშშ დოლარად შეიძინა.

2. The Beatles - White Album ($790,000)

და ისევ The Beatles. ლეგენდარული ბრიტანული კოლექტივის მეცხრე სტუდიური ნამუშევრის White Album თითქოს არაფრით გამორჩეული ეგზემპლარი 2015 წელს გამართულ აუქციონზე 790,000 აშშ დოლარად გაიყიდა. ბენდის დრამერის, რინგო სტარის კუთვნილი ფირფიტის უზარმაზარი ფასი იმ ფაქტმა განაპირობა, რომ მისი სერიული ნომერი 0000001 გახლავთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპოქალური ალბომი გასაყიდად პირველად სწორედ ამ ვინილზე დაიპრესა. აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დიდი თანხაა, რაც კომერციულად გავრცელებულ ჩანაწერში ოდესმე გადაუხდიათ.

1. Wu-Tang Clan - Once Upon a Time in Shaolin ($2,000,000)

სამყაროში ნიუ იორკული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, Wu-Tang Clan-ის მეშვიდე სტუდიური ალბომის Once Upon a Time in Shaolin ერთადერთი ეგზემპლარი არსებობს. 2015 წელს უნიკალური ფირფიტა 2 მილიონ აშშ დოლარად ამერიკელმა ბიზნესმენმა, მარტინ შკრელიმ შეიძინა, რომლის სახელიც ფარმაცევტულ ბაზარზე მომხდარ არაერთ სკანდალში ფიგურირებს. ამ უკანასკნელმა 2018 წელს ჩანაწერის გაყიდვა სცადა, თუმცა სანამ ჩანაფიქრის განხორციელებას მოასწრებდა, თაღლითობის გამო თავი გისოსებს მიღმა ამოჰყო, ფედერალურმა სასამართლომ კი მისი კუთვნილი ქონების დიდ ნაწილთან ერთად ფირფიტის კონფისკაციაც მოახდინა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული