Thumbnail

ვიქტორია ბექჰემმა გაამხილა, რომელმა მუსიკოსმა უბიძგა Spice Girls-ის დატოვებისკენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ბრიტანულმა Vogue-მა 2017 წელს წერილი გამოაქვეყნა, რომელიც ცნობილი ჯგუფის, Spice Girls-ის ყოფილმა წევრმა, დიზაინერმა ვიქტორია ბექჰემმა 18 წლის საკუთარ თავს გაუგზავნა. 2021 წელს კი გამოცემამ ვიქტორიას სთხოვა, საკუთარი თავისთვის მომავალში მიეწერა. ბექჰემმა ტექსტში გაიხსენა, როგორ გადაწყვიტა ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ელტონ ჯონის კონცერტზე ყოფნისას, რომ "სფაის გერლზიდან" უნდა წასულიყო.

"ელტონი Tiny Dancer-ს ისეთი გატაცებით მღეროდა, თითქოს პირველად ასრულებდა. შენ კი მიხვდი, რომ სცენაზე დგომა მისთვის ჟანგბადივით იყო საჭირო. სწორედ ამ მომენტმა მოახდინა გარდატეხა - იმის მიუხედავად, რომ სიმღერა და ცეკვა სიამოვნებას განიჭებდა, გაიაზრე, რომ ეს შენი ნამდვილი მისწრაფება არ იყო. იმ დღეს დაიწყე საკუთარი ოცნებების ძიება. დრო იყო, უარი გეთქვა "სფაის გოგონად" ყოფნაზე. პირველად სწორედ მაშინ გარისკე მარტო ყოფნა, რაც შემზარავი იყო - ძალიან გაშინებდა შენი ცხოვრების იმ თავის დახურვა, რომელმაც შეგქმნა ისეთად, როგორიც ხარ", - მიმართავს ვიქტორია საკუთარ თავს მომავალში.

ვიქტორია ბექჰემმა პოპულარობა სწორედ ჯგუფ "სფაის გერლზში" მოღვაწეობით მოიპოვა, რომელიც 85 მილიონი გაყიდული ალბომით კომერციულად ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. მას შემდეგ, რაც 2001 წელს ბენდის წევრებმა განაცხადეს, რომ განუსაზღვრელი ვადით პაუზას იღებდნენ და სოლო კარიერაზე აპირებდნენ გადართვას, ვიქტორია ლეიბლში Virgin Records გაწევრიანდა და სადებიუტო ალბომი Victoria Beckham გაავრცელა. მასში შესული კომპოზიციები Not Such an Innocent Girl და A Mind of Its Own ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ათეულში მოხვდა. არტისტმა სიმღერებზე მუშაობა განაგრძო, თუმცა, 2004 წელს მან ნამუშევრის My Love Is For Real გამოშვებაზე უარი განაცხადა და მუსიკალური კარიერა შეწყვიტა. ამის შემდეგ, 2007 წელს მან "სფაის გერლზთან" ერთად გამართულ ტურნეში მიიღო მონაწილეობა და წარმატებული საკონცერტო გამოსვლებიც ჰქონდა, თუმცა, მისი მუსიკალური მოღვაწეობა აღარ გაგრძელებულა.

ვიქტორია Spice Girls-ის დანარჩენ წევრებთან ერთად

სხვადასხვა მოდის სახლთან თანამშრომლობის შემდეგ, ვიქტორიამ ქმართან, ცნობილ ფეხბურთელ დევიდ ბექჰემთან ერთად ტანსაცმლისა და პარფიუმერიის ბრენდი David & Victoria Beckham დააფუძნა, შემდეგ კი ასევე ტანსაცმლის ხაზი Victoria by Victoria Beckham წარადგინა. 2011 წელს მან British Fashion Awards-ზე წლის დიზაინერის ტიტული მოიპოვა. იმის მიუხედავად, რომ ვიქტორიას გემოვნებიან ადამიანად მიიჩნევენ, ჰქონდა პერიოდი, როდესაც მისი დიზაინით შექმნილი სამოსი ვერ იყიდებოდა და კომპანია წაგებაზე მუშაობდა.

2019 წელს ვიქტორიამ კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ბრენდი Victoria Beckham Beauty დააფუძნა. ამავე Spice Girls-ის მსოფლიო ტურნე გაიმართა, ბექჰემმა კი მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული