Thumbnail

როგორ იხსენებდა ფრედი მერკურის დედა შვილთან უკანასკნელ შეხვედრას

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული Queen-ის ფრონტმენის, ფრედი მერკურის პერსონალურმა ასისტენტმა და მეგობარმა, პიტერ ფრისტოუნმა მის მიერ დაწერილ ბიოგრაფიულ წიგნში Freddie Mercury ოჯახის წევრებთან მუსიკოსის უკანასკნელი შეხვედრა გაიხსენა. როგორც პიტერი წერს, ისინი ფრედის გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ესტუმრნენ და მის მონახულებას რამდენიმე დღის შემდეგაც გეგმავდნენ, თუმცა, არტისტმა ამის ნება აღარ მისცა, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა და არ სურდა, ოჯახს ასეთი დაუძლურებული ენახა.

რატომ დაუტოვა ფრედი მერკურიმ მთელი ქონება ყოფილ შეყვარებულს

როგორ ახერხებდა ფრედი მერკური სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე სიმღერების ჩაწერას

ნახეთ: ბოლო დაბადების დღე, რომელიც ფრედი მერკურიმ გადაიხადა

"დედ-მამა, ბომი და ჯერ ბულსარები, უმცროსი და, კაშმირა თავის ქმართან, როჯერთან და ორ შვილთან ერთად კვირის დასაწყისში, ნაშუადღევს მოვიდნენ. მას ზეადამიანური ძალის ფასად დაუჯდა, რომ ისინი ორი-სამი საათის განმავლობაში გაერთო. ასე ცდილობდა მათ დაცვას - სურდა, ოჯახი დაერწმუნებინა, რომ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ და თავს კარგად გრძნობდა. ოთახში ჩაი, ბუტერბროდები და ნამცხვრები შევუტანეთ. ვინ იცოდა, რომ ფრედის უკანასკნელად ხედავდნენ ცოცხალს. იმის მიუხედავად, რომ კვირის ბოლოს კიდევ უნდოდათ მის სანახავად მოსვლა, კატეგორიული უარი მიიღეს. ფრედის არ სურდა, ის მძიმე მდგომარეობაში ენახათ და დატანჯულიყვნენ", - წერდა პიტერი.

აღსანიშნავია, რომ მერკურის დედამ, ჯერმა ერთ-ერთ ინტერვიუში ეს შეხვედრა თავადაც გაიხსენა:

"გვკითხა, ყველაფერი რიგზე გაქვთ? ჟურნალისტები ხომ არ გაწუხებენო? ვუპასუხეთ, რომ ჩვენზე არ ენერვიულა. ასეთი მძიმე ავადმყოფი იყო და მაინც აქეთ ზრუნავდა ჩვენზე. მქონდა თუ არა გაცნობიერებული, რომ ჩემი შვილი კვდებოდა? რა თქმა უნდა. მას არაფრის თქმა არ სჭირდებოდა, ვიცოდით, რომ ძალიან ავად იყო".

არტისტის დედამ ისიც აღნიშნა, რომ ფრედი ოჯახთან არც საკუთარ ავადმყოფობაზე საუბრობდა და არც სექსუალურ იდენტობაზე.

"ასე ცდილობდა ჩვენს დაცვას. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ იმ დროში მისთვის ძალიან რთული უნდა ყოფილიყო ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მის გრძნობებს პატივს ვცემდით", - ამბობდა მუსიკოსის დედა.

ფრედი მერკური 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. არტისტმა მუსიკალური კარიერა 1969 წელს დაიწყო. ის საზოგადოებამ ჯგუფ Queen-ში მოღვაწეობით გაიცნო. გამორჩეული ვოკალური მონაცემების მქონე შემსრულებელი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: Bohemian Rhapsody, Killer Queen, Somebody to Love, Don't Stop Me Now, We Are the Champions და Crazy Little Thing Called Love. გამოცემა Rolling Stone-მა 2008 წელს ის ყველა დროის საუკეთესო მომღერლებს შორის დაასახელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული