Thumbnail

ინტერნეტმომხმარებლების აზრით, The Weeknd ახალ კლიპში ბელა ჰადიდს აშარჟებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა კანადელმა მუსიკოსმა ფსევდონიმით The Weeknd ახლახან თავის ალბომში After Hours შესულ კომპოზიციაზე Save Your Tears გადაღებული კლიპი გაავრცელა. ისევე, როგორც ჩანაწერში წარმოდგენილ სხვა სიმღერებზე შექმნილ ვიზუალურ ნამუშევრებში, უიქენდი აქაც გრიმის საშუალებით შეცვლილი გარეგნობით გვევლინება. თუმცა, ამ შემთხვევაში ის ჩალურჯებული თვალების და გატეხილი ცხვირის ნაცვლად, პლასტიკური ქირუგიის შედეგად შეცვლილი სახის ნაკვთებს უწევს დემონსტრირებას.

► რეცენზია: The Weeknd - After hours

რატომ მივიდა უიქენდი American Music Awards-ის ცერემონიაზე სახვევებით

ინტერნეტმომხმარებელთა ნაწილმა მიიჩნია, რომ ამ გრიმით 30 წლის არტისტმა ყოფილი შეყვარებული, ამერიკელი მოდელი, ბელა ჰადიდი გააშარჟა.

"უიქენდი, მგონი, ბელას აშარჟებს. შეხედეთ ცხვირსა და ტუჩებს".

"უიქენდი აშკარად ბელა ჰადიდს არტყამს მთელი ამ პლასტიკური ქირურგიის თემით".

"მგონი, უნდოდა, პლასტიკური ოპერაციით ბელა ჰადიდს დამსგავსებოდა".

"ბელა ჰადიდმა ასეთი რა დაუშავა უიქენდს, რომ ასე ძალიან ვერ იტანს", - წერენ სოციალურ ქსელებში.

ზოგიერთმა ფანმა კი კლიპში მონაწილე მსახიობი პოპვარსკვლავ სელენა გომესს მიამსგავსა, რომელსაც მუსიკოსი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასევე ხვდებოდა.

Save Your Tears-ის გავრცელების შემდეგ აქტიურად დაიწყო იმაზე საუბარი, რომ მასში უიქენდი სწორედ ყოფილ შეყვარებულებზე, ბელა ჰადიდსა და მომღერალ სელენა გომესზე მღეროდა. რაც შეეხება ალბომში შესულ კიდევ ერთ ტრეკს Escape From LA, მსმენელთა ვარაუდით, მასში მომღერალი პირდაპირ მიუთითებს ლოს ანჯელესში გაზრდილი ბელა ჰადიდის პლასტიკურ ოპერაციებზე.

"ყველა ლოს ანჯელესელი გოგო ერთნაირად გამოიყურება,
ერთმანეთისგან ვერ ვარჩევ,
ერთი და იგივე სამუშაო აქვთ ჩატარებული სახეზე.
მათ არ ვაკრიტიკებ", - მღერის უიქენდი.

LA girls all look the same
I can't recognize
The same work done on they face
I don't criticize.

აღსანიშნავია, რომ თავად ბელა ჰადიდმა პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის პასუხად 2018 წელს ჟურნალ InStyle-თან ინტერვიუში განაცხადა:

"ხალხს ჰგონია, რომ პლასტიკური ოპერაციები გავიკეთე. იცით, რა? შეგვიძლია, ჩემი სახის სკანირება ჩავატაროთ. ტუჩზე ფილერის მიკარებაც კი მაშინებს. სულ არ მინდა, სახე დავიზიანო".

უიქენდი და ბელა ჰადიდი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდებოდნენ. დაშორების შემდეგ, 2017 წელს მომღერალმა პოპვარსკვლავ სელენა გომესთან დაიწყო ხანმოკლე რომანი, 2018 წელს კი კანის კინოფესტივალზე კვლავ ბელასთან ერთად გამოჩნდა. ურთიერთობამ მხოლოდ ერთ წელს გასტანა.

უიქენდი: My Dear Melancholy-ს გამოშვების შემდეგ თავი უკეთ ვიგრძენი

კანადელმა მუსიკოსმა, აბელ ტესფაიემ, სასცენო სახელით The Weeknd, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. მან სახელი 2011 წელს გავრცელებული მიქსტეიპებით House Of Balloons, Thursday და Echoes Of Silence გაითქვა, რომლებიც მოგვიანებით კომპილაციური ალბომის სახით გამოუშვა.

2013 წელს უიქენდმა სადებიუტო სტუდიური ალბომი Kiss Land გაავრცელა. ორი წლის შემდეგ გამოცემული Beauty Behind the Madness კი მისი პირველი ჩანაწერი გახდა, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტში ლიდერის პოზიცია დაიკავა. 2016 წელს კანადელი შემსრულებლის მორიგი წარმატებული ნამუშევარი Starboy გამოდის. 2020 წლის მარტში კი გაყიდვაში მისი მეოთხე სტუდიური ალბომი After Hours ეშვება. სამი გრემის მფლობელი მუსიკოსის შემოქმედება ალტერნატიული არენბისა და პოპის სინთეზია. არტისტის თქმით, მასზე გავლენა მაიკლ ჯექსონმა, პრინსმა და არ ქელიმ მოახდინეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული