Thumbnail

ბილი აილიშმა საკუთარი ჩაცმის სტილი სამი სიტყვით დაახასიათა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულ ამერიკელ მუსიკოსს, ბილი აილიშს ჟურნალ Vanity Fair-ის პროექტში Time Capsule მონაწილეობისას ჰკითხეს, როგორ აღწერდა საკუთარ ჩაცმის სტილს სამი სიტყვით.

ბილი აილიში: ახალ ალბომს არ გამოვუშვებ, თუ ვარცხნილობის გამო ისევ დამცინებთ

"ბილი აილიშის პაროდია - ასეთია ჩემი სტილი", - აღნიშნა 19 წლის არტისტმა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ნოემბერში ბილი აილიშმა პლატფორმა Apple Music-ის რადიოსადგურის Beats 1 ეთერში, წამყვან ზეინ ლოუისთან ინტერვიუში ისაუბრა, რა გამოწვევების წინაშე დააყენა კორონავირუსის პანდემიამ და საკუთარ იდენტობასთან დაკავშირებული რა პრობლემის გადალახვა მოუხდა მას.

"ამ წლის დიდი ნაწილი, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, საკუთარი თავის ტყვეობაში ვიყავი. ვფიქრობდი, რომ საკუთარ თავს ვპაროდირებდი. ეს იყო ძალიან გიჟური და უცნაური, რთულად გადასალახი რამ. და ნამდვილად არ ვიცი, ამ შეგრძნებას თავი როგორ დავაღწიე. იშვიათად კიდევ მემართება, მაგრამ რამდენიმე თვის წინ ტანსაცმელსაც რომ ვიცვამდი, ვამბობდი, ბილი აილიშს ვგავარ-მეთქი. შემდეგ კი მუსიკის კეთება დავიწყე და მაშინაც საკუთარი თავის არაჭეშმარიტ ვერსიად ვგრძნობდი თავს.

სახლში მისული ტელევიზორში საკუთარ თავს ვუყურებდი, მაღაზიაში შევდიოდი და ჩემი ხმა მესმოდა, ეს ძალიან კარგია. უბრალოდ, საკუთარი თავი აკვიატებასავით მექცა, მანამდე მას ბუნებრივად ვიღებდი, ახლა კი ისეთ რაღაცად იქცა, რის შესახებაც ყველამ იცოდა. ადრე ის ვიყავი, ახლა კი ვცდილობდი, მისთვის მიმებაძა. ასე რომ, ნამდვილად მომიხდა იმ დაბრკოლების გადალახვა, რომ თავს ბილი აილიშის პაროდიად ვგრძნობდი", - ამბობს ბილი.

ბილი აილიში ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მან თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო. ბილი 2020 წელს ყველაზე ახალგაზრდა მუსიკოსი გახდა, რომელმაც გრემის დაჯილდოების ისტორიაში ოთხ ძირითად კატეგორიაში: წლის ალბომი, წლის სიმღერა, წლის ჩანაწერი და წლის ახალბედა არტისტი გაიმარჯვა. მეხუთე გრემი მან საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის ნომინაციაში დაიმსახურა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული