Thumbnail

Dr. Dre-ს საავადმყოფოში ყოფნისას მისი სახლის გაძარცვა სცადეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლოს ანჯელესის პოლიციამ ლეგენდარული მუსიკოსის, დოქტორ დრეს საცხოვრებლის სიახლოვეს ოთხი ადამიანი დააკავა, რომლებიც არტისტის სახლში შეჭრას გაძარცვის მიზნით ცდილობდნენ. ბრენტვუდის დასახლებაში სამართალდამცველები სამშაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც მცველებმა შენობის ფასადზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერების საშუალებით გალავნიდან ეზოში გადმომძვრალი პირები შენიშნეს. დასავლური მედიის ცნობით, ბოროტმოქმედები ავტომობილით გაქცევას შეეცადნენ, თუმცა, მათი აყვანა მალევე მოხერხდა.

Dr. Dre საავადმყოფოში მკურნალობს

აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ დღეს, 5 იანვარს დაწერა 55 წლის არტისტმა ტვიტერზე, რომ თავის ტვინის სისხლძარღვთა ანევრიზმა აღმოაჩნდა და Cedars-Sinai-ის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. პოლიციის ინფორმაციით, დაკავებულებს მანქანაში ხელსაწყოები აღმოჩნდათ, რომლებიც ძარცვის დროს ხშირად გამოიყენება. მათი აყვანის კადრები იუთუბზე გავრცელდა.

ანდრე იანგი, იგივე Dr. Dre, ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1985 წელს ელექტროჰოპ კოლექტივში World Class Wreckin' Cru დაიწყო. შემდეგ იყო ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანება N.W.A, რომლის წევრებიც, მის გარდა, Arabian Prince, DJ Yella, Eazy-E, Ice Cube და MC Ren იყვნენ. 1992 წელს კი მუსიკოსმა სადებიუტო სოლო ალბომი The Chronic გამოუშვა. მსოფლიო მასშტაბით ნამუშევრის 6 მილიონზე მეტი ასლი გაიყიდა.

დოქტორ დრე ერთ-ერთი უმსხვილესი ლეიბლის Interscope Records-ის თანადამფუძნებელია. დრეს უკავშირდება ისეთი არტისტების წარმატება, როგორებიც არიან: Snoop Dogg, Eminem, 50 Cent, The Game და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული