Thumbnail

არსებული ინფორმაციით, კიმ კარდაშიანი და ქანიე ვესთი შორდებიან

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ჩიკაგოელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ქანიე ვესთი და მისი ცოლი, ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი, თითქმის შვიდწლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს ოფიციალურად შორდებიან. ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება. არსებული ინფორმაციით, განქორწინების ინიციატორი კიმია. გამოცემა New York Post ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში წერდა, რომ ეს უკანასკნელი განქორწინებაზე ფიქრობდა.

"მისთვის ურთიერთობა უკვე დასრულებულია. განქორწინება გარდაუვალია. ისინი ამას ჯერ არ ახმაურებენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული აქვთ. კიმმა ადვოკატი ლაურა ვესერი დაიქირავა, რომელსაც განქორწინების საქმეზე არაერთი ვარსკვლავი მიმართავს. ის ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს მეორე მხარესთან", - წერს Page Six.

გამოცემისვე ცნობით, 40 წლის კიმი ქორწინების ბეჭდით დიდი ხანია, აღარ შეუნიშნავთ, 43 წლის ქანიემ კი შობა-ახალი წელი უაიომინგის რანჩოში, ოჯახისგან განცალკევებით გაატარა.

"კიმმა ქანიე დაარწმუნა, უიაომინგში წასულიყო, რათა მათ ცალ-ცალკე ცხოვრების საშუალება მისცემოდათ და განქორწინებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი მშვიდად მოეგვარებინათ. კარდაშიანი ბოლო პერიოდში ძალიან გაიზარდა. ის სერიოზულად უდგება საადვოკატო პრაქტიკის დასაწყებად დანიშნულ გამოცდას და ასევე სერიოზულობით ეკიდება საკუთარ კომპანიას, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმირების მიმართულებით მუშაობს. ამ დროს კი ქანიე პრეზიდენტად გახდომასა და სხვა სისულელეებზე საუბრობს, რაც კიმს უკვე ყელში ამოუვიდა", - აღნიშნავს წყარო Page Six-თან საუბარში.

წყვილთან დაახლოებულმა კიდევ ერთმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ რეპერს უფრო და უფრო აღიზიანებს და უხერხულად აგრძნობინებს თავს ის გარემოება, რომ კიმი გამუდმებით ყურადღების ცენტრში ექცევა.

"სურს, რომ კარდაშიანების ოჯახს ჩამოშორდეს. საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მათი რეალითი შოუ აუტანელია. ის შეგნებულად არ ესწრება ინსტაგრამის სთორებისთვის დაგეგმილ ფოტოგადაღებებს. ბოლოს მან კიმს დაბადების დღეზე გარდაცვლილი მამის, რობერტ კარდაშიანის ჰოლოგრამა აჩუქა, შემდეგ კი იქაურობა ძალიან სწრაფად დატოვა", - ამბობს ის.

ანონიმური წყაროსვე ცნობით, ქონების გაყოფასა და სხვა საკითხებზე მოლაპარაკების პროცესში ყველაზე დიდი პრობლემა შესაძლოა, კალიფორნიის შტატში, ქალაქ კალაბასასში მდებარე სახლი გახდეს, რომელსაც ქანიეს ინიციატივით სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მთლიანად თეთრი ფერის, მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტილი სახლი წყვილმა 40 მილიონ დოლარად შეიძინა და დამატებით 20 მილიონი მის გადაკეთებაზე დახარჯა.

კიმი და ქანიე კალაბასასში მდებარე სახლში

წყვილის დაშორება არაერთმა წყარომ დაუდასტურა ჟურნალ People-ს.

"ქანიემ იცის, რომ კიმს მობეზრდა, მათი ინტერესები ერთმანეთს რომ აღარ ემთხვევა. კარდაშიანმა საკმარისად ითმინა და საბოლოოდ რეპერს უთხრა, რომ მომავალზე დასაფიქრებლად ცალკე ყოფნა სჭირდებოდა. ვესთი დანაღვლიანებულია, მაგრამ თავს ნორმალურად გრძნობს. იცის, რომ მოსახდენი მაინც მოხდება".

ხოლო კიდევ ერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ წყვილი ქორწინების შენარჩუნების შესაძლებლობასაც განიხლავს:

"ჯერ ყველაფერი არ არის დასრულებული. ისინი ისევ ცდილობენ გაარკვიონ, არის თუ არა შესაძლებელი ამ ქორწინების გადარჩენა“.

კიმმა და ქანიემ 2014 წელს იქორწინეს, წყვილს ოთხი შვილი: ნორთი, სენთი, ჩიკაგო და ფსალმი ჰყავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული