Thumbnail

შუგა განმარტავს, რატომ არ შეცვალა BTS-ის წევრები მიღწეულმა წარმატებებმა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პლატფორმაზე Weverse პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრის, მინ იუნგის, იგივე შუგას ინტერვიუ გამოქვეყნდა. მუსიკოსთან საუბარში ჟურნალისტმა შენიშნა, რომ კოლექტივის წევრები მიღწეულ წარმატებებს არ შეუცვლია, რადგანაც ისინი დღესაც ისეთები არიან, როგორებიც კარიერის დასაწყისში იყვნენ.

BTS: ხალხი დაგვცინოდა, როცა ჩვენს მიზნებსა და ოცნებებზე ვსაუბრობდით

ნახეთ: BTS-მა სიმღერა Life Goes On შუგას ჰოლოგრამასთან ერთად შეასრულა

"ჩემი აზრით, ამის მიზეზი ის არის, რომ წარმატებას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. მაგალითად, საოცარი შეგრძნებაა ბილბორდის ჩარტებში პირველი პოზიციის დაკავება, მაგრამ ამავდროულად შენს თავს ეკითხები - "კარგი და მერე?". როცა გრემის ნომინაცია მივიღეთ, ვამბობდით - "ეს მართლა მოხდა?". რა თქმა უნდა, გვიხაროდა, მაგრამ ამან ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენა არ შეგვიქმნა. თუ გრემიზე წარგადგინეს, წარგადგინეს; თუ გაიმარჯვებ, გაიმარჯვებ და ეგ იქნება, ამის გამო არ გადაირევი. ვიცი, ეს პრესტიჟული ჯილდოა და მადლობელი ვიქნებით, თუ მას მოვიპოვებთ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ჩვენი ფანების მხარდაჭერის გარეშე არაფერი იქნებოდა შესაძლებელი. უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, როცა დიდ ჯილდოებს ვიღებთ, თაყვანისმცემლები ჩვენზე მეტად არიან გახარებული. ჩვენც ვზეიმობთ, მაგრამ საკითხს უფრო ასე ვუდგებით - "მოდი, გავაკეთოთ ის, რაც გასაკეთებელია", - ამბობს 27 წლის მომღერალი.

შუგამ, რომელიც მხარზე გაკეთებული ოპერაციის გამო გარკვეული პერიოდი ჯგუფის აქტივობებს ჩამოშორებული იყო, იმაზეც ისაუბრა, როგორი სანახავია სცენაზე კოლექტივი მის გარეშე.

"ვერ ვიტყვი, რომ ეს კარგი შეგრძნებაა. სიცარიელეს განვიცდიდი, რადგან უკვე შვიდი წელია, რაც ერთი ჯგუფი ვართ. მაინცდამაინც მე რომ ვაკლდი იმიტომ კი არა, უბრალოდ, ამ ყველაფერს რაღაც აკლდა, რაც წესით იქ უნდა ყოფილიყო", - აღნიშნა მან.

"ბითიესი"

შუგამ პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. 2013 წელს სეულში ჩამოყალიბებულ ბოიბენდს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. BTS კეიპოპის ისტორიაში პირველი კოლექტივია, რომელმაც ჩარტებში Billboard 200, Billboard Hot 100 და Billboard Artist 100 პირველი პოზიციის დაკავება შეძლო. 2019 წელს "ბითიესი" ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. ბიჭებმა 2021 წლის გრემიზე ნომინაციაც მიიღეს ჯგუფის მიერ პოპის საუკეთესოდ შესრულების კატეგორიაში სიმღერით Dynamite.

კოლექტივში მოღვაწეობის გარდა, შუგა სოლო ნამუშევრებსაც ავრცელებს და სხვა არტისტებისთვისაც ქმნის კომპოზიციებს. პირველი სოლო მიქსტეიპი Agust D მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა, 2020 წელს კი საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი კიდევ ერთი ალბომი D-2 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული