Thumbnail

ემინემი: მე ვერ ვარ ძველი თაობის რეპერებივით გავლენიანი

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პლატფორმა Apple Music-ის პოდკასტში At Home With, ჟურნალისტ ზეინ ლუისთან ინტერვიუში, დეტროიტელმა რეპერმა, ემინემმა აღნიშნა, რომ ჰიპ ჰოპის პიონერების მუსიკალური მემკვიდრეობა და მათ მიერ ჟანრის განვითარებაში შეტანილი წვლილი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად მარშალ მეზერსის მოღვაწეობა.

ემინემი ხსნის, რატომაა რთული ყველა დროის საუკეთესო რეპერის დასახელება

ემინემი სნუპ დოგს: მეგონა, ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

"გულწრფელად რომ გითხრათ, თავი ჟანრის პიონერების სიმაღლეზე არასდროს დამიყენებია. ჩემი შემოქმედება მათ შემოქმედებასავით შთამაგონებელი არ არის. თავის დროზე მათ ჰიპ ჰოპზე უფრო დიდი გავლენა მოახდინეს. და როდესაც ჩემი ფავორიტი ემსიების შესახებ მეკითხებიან, არ ვიცი, მათი ჩამოთვლა საიდან დავიწყო. ისინი ძალიან კარგები იყვნენ და არიან. რაკიმი ერთ-ერთი საუკეთესოა. არ ვიცი, ბოლო პერიოდში რამდენად ქმნის მუსიკას, მაგრამ დარწმუნებული ვარ და გარანტიას გაძლევთ, რომ ის ახლაც ძალიან მაგარია. მისნაირი ნიჭი არასდროს გაქრება", - განაცხადა რეპერმა პოდკასტში საუბრისას.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული