ცნობილი ფინური მეტალ ჯგუფის Children of Bodom ყოფილი ფრონტმენი და გიტარისტი, ალექსი ლაიჰო 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მუსიკოსს ჯანმრთელობის პრობლემები ხანგრძლივად, ბოლო წლების განმავლობაში აწუხებდა. ის ქალაქ ჰელსინკიში, საკუთარ სახლში გასულ კვირას დაიღუპა. არტისტის სიკვდილის შესახებ ცნობა Children of Bodom-ის ფეისბუქის გვერდზე დაადასტურეს.
► რეპერი MF Doom 49 წლის ასაკში გარდაიცვალა
"ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული გიტარისტი, ალექსი ლაიჰო გარდაიცვალა. მუსიკოსი, რომელსაც მეტწილად ჯგუფიდან Children of Bodom იცნობდნენ, გასულ კვირას ჰელსინკიში დაიღუპა. 25-წლიანი მეგობრობის შემდეგ ჩვენ ძმა დავკარგეთ, მსოფლიომ კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სონგრაითერი და გიტარისტი. ის ყოველთვის გვემახსოვრება, მისი მუსიკა კი სამუდამოდ დარჩება სამყაროს. ამ რთულ დროს ჩვენ მისი ოჯახის გვერდით ვართ. ლაიჰომ და დრამერმა, იასკა რაატიკაინენმა Children of Bodom 1993 წელს ჩამოაყალიბეს. ჯგუფმა მალევე მოიხვეჭა სახელი და მსოფლიოში მეტალის შემსრულებელ ერთ-ერთ საუკეთესო ბენდად იქცა. უკანასკნელი, გამოსამშვიდობებელი კონცერტი კოლექტივმა 2019 წლის დეკემბერში გამართა. ამის შემდეგ ალექსიმ პროექტ BODOM AFTER MIDNIGHT-ის ფარგლებში სამი სიმღერა ჩაწერა და ერთი ვიდეორგოლი გადაიღო, რომლებიც აუცილებლად გავრცელდება", - წერენ ბენდის ყოფილი წევრები ფეისბუქის გვერდზე.
ალექსი ლაიჰომ პოპულარობა Children of Bodom-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ის კოლექტივის წამყვანი ვოკალისტი და გიტარისტი გახლდათ. ამის გარდა, სხვადასხვა დროს ის იყო პროექტების Sinergy, The Local Band, Warmen და Kylähullut წევრი. გამოცემამ Guitar World ლაიჰო 2004 წელს ყველა დროის საუკეთესო ჰევი მეტალ გიტარისტებს შორის დაასახელა.
კომენტარები