Thumbnail

ემინემი სნუპ დოგს: მეგონა, ჩვენ ერთ გუნდში ვიყავით

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ორ ვეტერანს, სნუპ დოგსა და ემინემს შორის კვლავ დაძაბული ურთიერთობაა. სახელოვანი კოლეგები, რომლებიც, ლეგენდარული დოქტორ დრეს დამსახურებით, ერთი გუნდის წევრებად მოიაზრებოდნენ, ერთმანეთს სნუპის განცხადების შემდეგ დაუპირისპირდნენ. 2020 წლის ზაფხულში დასავლელმა შემსრულებელმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ემინემს 10 საუკეთესო რეპერს შორის ვერ დაასახელებდა. ასევე, სნუპმა განმარტა, რომ, რამდენიმე ემსის შემოქმედებისგან განსხვავებით, მას მარშალ მეზერსის მუსიკის გარეშე ცხოვრება ნამდვილად შეუძლია.

Snoop Dogg: თუ განაწყენდით, რომ ემინემი ჩემი ფავორიტი არაა, არა უშავს, გადაიტანთ

ემინემი ხსნის, რატომაა რთული ყველა დროის საუკეთესო რეპერის დასახელება

მოგვიანებით დეტროიტელმა უფროსი კოლეგა ალბომის Music To Be Murdered By: Side B კომპოზიციაში Zeus გადისა, რასაც სნუპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. შემდეგ სიტუაცია დროებით ჩაწყნარდა. ბოლო ინტერვიუში კი ემინემი ამ საკითხს კვლავ შეეხო:

"რამდენიმე თვის წინ სნუპის ინტერვიუს ვუყურე. ეს რა ჯანდაბა იყო? არაერთხელ გადავახვიე და მოვუსმინე. ფავორიტ 10 რეპერს შორის არ დამასახელა, რაც ჩემთვის ძალიან ნორმალურია. ასევე აღნიშნა, რომ დრეს გარეშე ასეთი წარმატებული ვერ ვიქნებოდი. ეს ასეა და ამას არც მე უარვყოფ. ემსიები კი, რომლებიც სნუპმა ჩამოთვალა, მეც ძალიან მომწონს და არცერთის მიმართ პრობლემა არ მქონია.

მაგრამ მან ასეთი რამ თქვა - "მე ემინემის შემოქმედების გარეშე ცხოვრება შემიძლია". ამ სიტყვებით დიდი უპატივცემულობა გამოავლინა. მისი საუბრის ტონი ძალიან არ მომეწონა. სნუპისგან ამას არ მოველოდი.

მას შემდეგ ხალხი გამუდმებით ამ თემაზე მესაუბრებოდა - მე კი არ ვიცოდი, რა მეპასუხა. დავიბენი. ვფიქრობდი, ჩვენ ერთი გუნდის წევრები და მეგობრები ვართ. მე ხომ ცოტა ხნის წინ შენთან, სტუდიაში ვიყავი და ვისაუბრეთ. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. ვიმეორებ, სნუპის ათეულის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მეტიც, შესაძლოა, ჩემი სიაც ზუსტად ასე გამოიყურებოდეს. მაგრამ რა საჭირო იყო იმის თქმა, რომ შენ ჩემი მუსიკის გარეშე ცხოვრება შეგიძლია? ეს უპატივცემულობაა", - განაცხადა მარშალმა.

დეტროიტელის ინტერვიუს შემდეგ მარშალის ერთ-ერთმა ფან-გვერდმა ინსტაგრამზე გამომწერებს ჰკითხა, იზიარებდნენ თუ არა მოსაზრებას, რომ სნუპმა ემინემის მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა. კითხვას კომენტარებში თავად სნუპ დოგი გამოეხმაურა:

"ილოცეთ, რომ ამ ლაჩრულ კითხვაზე არ გიპასუხოთ".

კარიერის განმავლობაში სნუპ დოგისა და ემინემის გზა არაერთხელ გადაიკვეთა. კოლეგები ერთმანეთის მიმართ პატივისცემას ხშირად გამოხატავდნენ. მათი გამორჩეული კომპოზიცია Bitch Please II გახლავთ, რომელიც დეტროიტელის 2000 წლის ალბომის The Marshall Mathers LP სინგლია. ამასთან, სნუპი და ემინემი ამავე წელს ჟანრის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელი ტურნეს Up In Smoke Tour ჰედლაინერები იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული