Thumbnail

რეპერი MF Doom 49 წლის ასაკში გარდაიცვალა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ლეგენდარული მუსიკოსი, დანიელ დუმილეი, ფსევდონიმით MF Doom, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია ალტერნატიული ჰიპ ჰოპ არტისტის ცოლმა, ჟასმინ დუმილეიმ შემსრულებლის ინსტაგრამის გვერდის საშუალებით გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჟანრის გავლენიანმა წარმომადგენელმა ჯერ კიდევ 31 ოქტომბერს დაგვტოვა.

მოუსმინეთ: MF DOOM ტრეკებს The Chocolate Conquistadors და Lunch Break აქვეყნებს

"შენ ყველაზე კარგი მეუღლე, მამა, მასწავლებელი და მეგობარი იყავი, რისიც მხოლოდ ნატვრა შემეძლო. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მე და ჩვენს ოჯახს გვასწავლე. პატიების უნარიც შენი წყალობით გამიჩნდა და ადამიანებისთვის მეორე შანსის მიცემაც უკვე შემიძლია. მადლობა, რომ საკუთარი თავის შეცნობაში დამეხმარე. მიჭირს, სიტყვებით აღვწერო, შენ და ჩვენი გარდაცვლილი ვაჟი მალაჩი ჩემთვის რამდენს ნიშნავთ", - დაწერა ჟასმინმა.

1971 წლის 7 იანვარს ლონდონში დაბადებული MF Doom ჟანრის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი გახლდათ. მისი ფლოუ და ერთი შეხედვით აბსტრაქტული, მაგრამ ამავე დროს ღრმა შინაარსის მქონე ტექსტები დღემდე უნიკალურად მიიჩნევა. დუმილეი ჰიპ ჰოპის ანდერგრაუნდში 1988 წელს გამოჩნდა. მისი შემოქმედება 6 ალბომს, 15 სოლო სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კოლაბორაციულ ნამუშევარს მოიცავს. რეპერის ყველაზე წარმატებული პროექტი კალიფორნიელ პროდიუსერთან, მედლიბთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტი Madvillain გახლავთ. გაერთიანების 2004 წლის ალბომი Madvillainy კი ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული