Thumbnail

ემინემი ხსნის, რატომაა რთული ყველა დროის საუკეთესო რეპერის დასახელება

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2020 წლის დასაწყისში გამოცემული ალბომის Music To Be Murdered By ახლახან გავრცელებული დელუქს ვერსიის Side B პრომოუშენის ფარგლებში ლეგენდარული ემსი, მარშალ მეზერსი, ფსევდონიმით Eminem, ცნობილი მუსიკალური პლატფორმის Apple Music პოდკასტს At Home With ესტუმრა. ჟურნალისტ ზეინ ლოუისთან ინტერვიუში მან არაერთ საინტერესო საკითხზე, მათ შორის ფავორიტ თანამედროვე კოლეგებზე, ყველა დროის საყვარელ შემსრულებლებსა და "ოქროს ხანად" წოდებულ 1980-იანი წლების ჰიპ ჰოპზე ისაუბრა.

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

ფავორიტი თანამედროვე კოლეგების შესახებ

"ვრეპავ იმიტომ, რომ საუკეთესო ვიყო, მაგრამ მე არ ვარ ერთადერთი, ვინც ამის გამო რეპავს. ლილ უეინი, ჯეი ქოული, ქენდრიქ ლამარი, ჯოინერ ლუკასი სწორედ ამისთვის მოღვაწეობენ. ეს მიზანი გზაა დიდი არტისტობისკენ".

ყველა დროის საყვარელი შემსრულებლების შესახებ

ინტერვიუში მარშალმა მისი ყველა დროის საყვარელი კოლეგები კიდევ ერთხელ გამოარჩია. ჩამონათვალში Tupac, Rakim, Kool G Rap, Kane, Treach, Phero Munch, KRS-One, LL Cool J, Redman და სხვა რამდენიმე კოლეგა ახსენა. ამასთან, აღნიშნა, რომ ჟანრის ისტორიაში საუკეთესო ჯგუფად ლეგენდარულ კოლექტივს Run–D.M.C. მოიაზრებს. "ისე კი, რადგანაც ჰიპ ჰოპი მუდმივად ვითარდება, რთულია იმის თქმა, რომელია ყველა დროის საუკეთესო რეპერი", - აღნიშნა ემინემმა.

ჰიპ ჰოპის ფავორიტი პერიოდის შესახებ

ემინემი ასეთად "ოქროს ხანად" შერაცხულ 1980-იან წლებს მიიჩნევს. "ჰიპ ჰოპმა განვითარების ეტაპები გაიარა. დღეს ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ისეთ ფლოუს ამუშავებენ, რომელიც აქამდე არ მომისმენია. მაგრამ მაშინ იყვნენ რეპერები, რომლებიც იმ პერიოდისთვის ძალიან ბევრს ნიშნავდნენ, ისინი იყვნენ ინოვატორები. მგონია, რომ იმ დროის მუსიკის გაგება დღეს ახალგაზრდების დიდ ნაწილს გაუჭირდება... ალბათ, ყველა იფიქრებს, რომ მათი ეპოქაა საუკეთესო. ჩემთვის ასეთი "ოქროს ხანაა", რადგან იქმნებოდა ისეთი რაღაცები, რაც არავის ჰქონდა გაგონილი. ხალხი ამბობდა, რომ ჰიპ ჰოპი მალე გაქრებაო, ვერ განვითარდებაო. 40-50 წელია და დღეს ის ყველაზე მოთხოვნადი ჟანრია. ეს, პირველ რიგში, პიონერების გაკვალული გზის დამსახურებაა".

ვიდეოინტერვიუდან აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ ემინემს რეპ ალბომების კასეტების დიდი კოლექცია აქვს.

ჰიპ ჰოპის ერთ-ერთმა საუკეთესო წარმომადგენელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1988 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ლეიბლში Interscope Records გაწევრიანების შემდეგ გახდა, როდესაც 1999 წელს კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი The Slim Shady LP გამოუშვა. 2002 წელს მუსიკოსმა ოსკარის დაჯილდოებაზე ნომინაციაში "წლის საუკეთესო საუნდტრეკი" კომპოზიციით Lose Yourself გაიმარჯვა. ჩანაწერი მის ბიოგრაფიულ ფილმში 8 Mile შევიდა. ემინემი პირველი რეპერი გახდა, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

ემინემის მეცხრე ალბომი Revival, რომელიც 2017 წლის დეკემბერში გამოვიდა, კომერციულად წარუმატებელი გამოდგა. 2018 წლის 31 აგვისტოს კი მუსიკოსმა ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე ახალი სტუდიური ჩანაწერი Kamikaze გაავრცელა. გამოსვლიდან ერთ კვირაში მსმენელებმა ნამუშევრის 434,000-ზე მეტი ეგზემპლარი შეიძინეს, რამაც ალბომი ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოახვედრა. 2020 წლის იანვარში მარშალმა ახალი ალბომი Music To Be Murdered By ყოველგვარი ანონსისა და პრომოუშენის გარეშე გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული