Thumbnail

Fox News-ის წამყვანის კომენტარს ჰარი სტაილზის ჩაცმულობის შესახებ კრიტიკა მოჰყვა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის თოქ-შოუს The Ingraham Angle წამყვანი, რეიმონდ ეროიო ინტერნეტმომხმარებლებმა მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც თავის მონოლოგში პოპულარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჰარი სტაილზის ჩაცმის სტილთან დაკავშირებით აღნიშნა:

ნახეთ: ჰარი სტაილზმა კომპოზიციაზე Golden კლიპი გადაიღო

"ჰარი სტაილზ, გთხოვ, Armani-ს მამაკაცების ხაზიდან შეარჩიე ხოლმე ტანსაცმელი, ან, სულ მცირე შარვალი ჩაიცვი. გენდერული ნორმებიდან გადახრილი გარდერობი მაგარ ტიპად არ წარმოგაჩენს, ეს არც არტისტიზმის გამოხატულებაა. უბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურები. სიახლეც არაფერია - ეს ჯერ კიდევ დევიდ ბოუიმ გააკეთა ათეულობით წლით ადრე, მაშინ მშობლებს ჩაფიქრებულიც არ ჰყავდი", - განაცხადა მან გადაცემის რუბრიკაში We Want None of in 2021.

ამ სიტყვებმა მომღერლის თაყვანისმცემლები გააღიზიანა:

"ჰარი სტაილზი კაბაში იმაზე უკეთ გამოიყურება, ვიდრე შენ ზოგადად".

"როცა ლამაზი კაცისგან საფრთხეს ელი, რადგან იცი, რომ შენს ცოლს შეუძლია, ჰარის გამო ისე მიგატოვოს, რომ არც დაფიქრდეს".

"ჰარი სტაილზი გვიჩვენებს, რომ ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ჩაიცვას ის, რაც თვითონ მოესურვება და თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ტანსაცმელმა ადამიანს თავდაჯერება უნდა შემატოს. როგორც თავად ამბობს, სწორად შერჩეული სამოსი თავს სუპერგმირად გაგრძნობინებს. ასე რომ, დაფიქრდი ამაზე და ბოდიში მოიხადე".

"სულ ვხვდებოდი, რა იყო "ფოქს ნიუსი", მაგრამ ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. ყველამ ვიცით, რომ ჰარი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა კაბაში, ზოგმა ამ ფოტოსესიის არსი ჯერ კიდევ ვერ გაიაზრა. არა უშავს, თქვენს უმრავლესობას ტუმბოს უჯრაში ჟურნალ Vogue-ის ეგზემპლარი აქვს შენახული".

ჰარი სტაილზი ამერიკული Vogue-ის დეკემბრის ნომრის გარეკანზე გამოჩენით პირველი მამაკაცი გახდა, რომელიც ამ ჟურნალის გარეკანზე მარტო, ქალის გარეშე გამოსახეს. კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამოცემის ფურცლებზე დაბეჭდილმა ფოტოებმა მიიქცია, რომელთა უმრავლესობაშიც მომღერალი კაბებშია გამოწყობილი. გენდერული სტერეოტიპების ნგრევა მას ბევრმა მოუწონა, თუმცა, გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებმაც კრიტიკული შეფასებები არ დაიშურეს. თავად ჰარი მათ იუმორით მიუდგა და ერთ-ერთ მათგანს, ამერიკელ პოლიტიკურ აქტივისტ ქენდის ოუენსს ტვიტერზე მისივე სიტყვებით გამოეხმაურა - "დააბრუნეთ მამაკაცური კაცები".

როგორ გამოეხმაურა ჰარი სტაილზი კრიტიკას, რომ საკმარისად მამაკაცური არ არის

26 წლის მუსიკოსი ფართო საზოგადოებამ 2010 წელს ბოიბენდში One Direction მოღვაწეობით გაიცნო. 2017 წელს მან სადებიუტო სტუდიური ალბომი Harry Styles გამოუშვა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველი პოზიცია დაიკავა. ის კრისტოფერ ნოლანის ცნობილ ფილმში Dunkirk-შიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული