Thumbnail
ფოტო: popmusic

Kay G-მ საკონსტიტუციო სასამართლოში დავა მოიგო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ჰიპ ჰოპ არტისტ გიორგი ქებურიას, იგივე Kay G-ის საქმე "გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ" განიხილა და გადაწყვეტილებაც გამოიტანა. მოსამართლეთა კოლეგიამ უმეტეს ნაწილში გაითვალისწინა მოსარჩელის პოზიციები და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით იძლევა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. სასამართლომ დაადგინა:

  • აუცილებელია, უშუალოდ ჩხრეკის ჩატარების პროცესი და მოპოვებული მტკიცებულება, გამყარებული იყოს სხვა ნეიტრალური მტკიცებულებით, იქნება ეს ჩხრეკის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, ამ საგამოძიებო მოქმედებაზე ნეიტრალური დამსწრე პირის ჩვენება, ან სხვა ობიექტური მტკიცებულება. სხვა შემთხვევაში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა დაიშვას სისხლის სამართლის საქმეზე;
  • სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელის ჩვენება, რომელიც არსებითად ემყარება და იმეორებს ინფორმანტის/კონფიდენტის მიერ მისთვის მიწოდებულ ოპერატიულ ინფორმაციას, არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სამართალდამცველის ამგვარი ჩვენება, თავისი შინაარსით, არის ირიბი მტკიცებულება, რომელიც ნაკლები სანდოობითა და უტყუარობის დაბალი ხარისხით ხასიათდება;
  • საკონსტიტუციო სასამართლომ ცალკე იმსჯელა გადაუდებელი აუცილებლობის პირობებში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერებაზე და დაადგინა, რომ იმ შემთხვევაშიც, როცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებმა ამოიღეს უკანონო ნივთი, თავისთავად ეს ფაქტი არ უნდა გახდეს სასამართლოს ნებართვის გარეშე ჩატარებული ჩხრეკის დაკანონების საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩხრეკის შედეგი არ არის რელევანტური იმის შესაფასებლად, თუ რამდენად დასაბუთებული იყო გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული ჩხრეკა.

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად არ ცნო ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარება, მაგრამ განმარტა, რომ ასეთ ვითარებაში სამართალდამცველებს ვალდებულება აქვთ, რაღაც ფორმით გადაამოწმონ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის სანდოობა. ამავდროულად, უშუალოდ ოპერატიული ინფორმაციის მიღმა, უნდა არსებობდეს სხვა ფაქტი თუ ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს ჩხრეკის დასაბუთებულობაზე.

"აღნიშნული სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს მას შემდეგ წარედგინა, რაც 2017 წელს სამართალდამცავებმა ჰიპ ჰოპ პროექტ Birja Mafia-ს წევრები, Young Mic და Kay G დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით. რეპერების დაკავებას მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა და მოგვიანებით, საქმეზე არასაკმარისი მტკიცებულებების არსებობის გამო, პროკურატურამ ორივე დაკავებულის მიმართ შეწყვიტა საქმის წარმოება. საქმემ ნათლად გამოაჩინა, როგორც მკაცრი ნარკოპოლიტიკის პრობლემურობა, აგრეთვე ე.წ. ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში პოლიციის თვითნებობის და მათი მხრიდან ნარკოტიკის "ჩადების" საფრთხეები. აღსანიშნავია, რომ ამგვარი საქმეები, სადაც პოლიციის თვითნებობაზე და ნივთმტკიცების "ჩადებაზე" მიუთითებს ბრალდებული, იშვიათობას არ წარმოადგენს", - ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის განცხადებაში, რომელიც ქეი ჯის საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოადგენდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ 2021 წლის 1 ივლისამდე განუსაზღვრა საქართველოს პარლამენტს ვადა, რათა მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები.

ჰიპ ჰოპ პროექტ "ბირჟა მაფიის" წევრები მიშკა მგალობლიშვილი და გიორგი ქებურია 2017 წლის 7 ივნისს დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 8-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდათ. თავად რეპერები ამტკიცებდნენ, რომ სამართალდამცველებმა მათ ნარკოტიკები ჩაუდეს და დაკავების მიზეზი კლიპი "თსლ შავი ზედა" იყო, რომელშიც მუსიკოსებმა პოლიცია გააშარჟეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული