Thumbnail

დეკემბერი: აუცილებლად მოსასმენი 10 კომპოზიცია

გთავაზობთ 2020 წლის დეკემბერში გამოშვებულ, აუცილებლად მოსასმენ 10 კომპოზიციას:

ნახეთ სრული ფლეილისტი

10. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone

ანონიმი ქართველი არტისტების პროექტმა Circus Mircus ახალი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone და მასზე შექმნილი ვიდეოკლიპი გაავრცელა. ეს პირველი სინგლია, რომელიც მუსიკოსებმა ჯგუფისვე სახელწოდების მქონე სადებიუტო EP-ის გამოშვების შემდეგ გამოაქვეყნეს.

9. MF Doom - The Chocolate Conquistadors

ლეგენდარულმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, დანიელ დუმილეიმ, ფსევდონიმით MF Doom, ახალი კომპოზიცია The Chocolate Conquistadors გამოუშვა. მუსიკოსმა ტრეკი ცნობილი კომპიუტერული თამაშის GTA ახალი ვერსიისთვის Cayo Perico Heist შექმნა. ინსტრუმენტალის ავტორი კი კანადელ პროდიუსერთა გაერთიანება BADBADNOTGOOD გახლავთ.

8. Taylor Swift - Ivy

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ტეილორ სვიფტმა ახალი სიმღერა Ivy გამოსცა. კომპოზიცია მის ბოლო ალბომში Evermore არის წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 11 დეკემბერს ჩაეშვა. ტრეკის პროდიუსერი ჯგუფ The National-ის გიტარისტი, აარონ დესნერი გახლავთ.

7. The Voidz - Alien Crime Lord

ამერიკულმა ჯგუფმა The Voidz ახალი სიმღერა Alien Crime Lord გაავრცელა. ეს კომპოზიციაც ცნობილი ვიდეოთამაშის GTA განახლებული ვერსიის The Cayo Perico Heist ერთ-ერთი საუნდტრეკია.

6. Madlib - Road of the Lonely Ones

ლეგენდარულმა კალიფორნიელმა პროდიუსერმა Madlib ახალი ჩანაწერი Road of the Lonely Ones გამოაქვეყნა. კომპოზიცია მის მომავალ ალბომში Sound Ancestors შევა, რომლის არანჟირების ავტორიც ბრიტანელი ელექტრონული მუსიკოსი Four Tet იქნება.

5. Thom Yorke, Burial & Four Tet - Her Revolution

ტომ იორკმა, Burial-მა და Four Tet-მა ერთობლივი კომპოზიცია Her Revolution გაავრცელეს. ჩანაწერი კიდევ ერთ ტრეკთან ერთად 12-ინჩიანი ვინილის სახით მხოლოდ 100 ეგზემპლარად გამოიცა და ლონდონში მდებარე ორ მუსიკალურ მაღაზიაში Sounds of the Universe და Phonica Тoday იმავე დღეს სრულად ამოიყიდა.

4. Shame - Snow Day

ბრიტანულმა ჯგუფმა Shame ახალი კომპოზიცია Snow Day გაავრცელა. სინგლი ბენდის რიგით მეორე ალბომში Drunk Tank Pink იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2021 წლის 15 იანვარს გამოიცემა.

3. Sky Collar - Look Up ft. Luna997 & Faeywa

შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის იუთუბის არხზე ახალგაზრდა მუსიკოსის Sky Collar კომპოზიცია Look Up გამოქვეყნდა. მასთან ერთად ჩანაწერში მაქსიმე მაჩაიძე, იგივე Luna997 და გიგა ყუბანეიშვილი, ფსევდონიმით Faeywa მონაწილეობენ. ტრეკის პროდიუსერი კი SABANADZE გახლავთ.

2. Paul McCartney - Deep Deep Feeling

ლეგენდარულმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, პოლ მაკკარტნიმ ახალი სიმღერა Deep Deep Feeling გამოუშვა. კომპოზიცია მის ბოლო, რიგით მე-18 სოლო ალბომში McCartney III შევიდა, რომელიც 18 დეკემბერს გამოიცა.

1. Darkside - Liberty Bell

ნიკოლას ჯაარმა და დეივ ჰარინგტონმა კოლაბორაციული პროექტის Darkside ფარგლებში ახალი კომპოზიცია Liberty Bell გაავრცელეს. სინგლი არტისტების რიგით მეორე ალბომში Spiral შევა, რომელსაც დუეტი რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, 2021 წლის გაზაფხულზე გამოუშვებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული