Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 საუკეთესო ელექტრონულ კომპოზიციას.

2020 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული ალბომი

10. Squarepusher - Terminal Slam

სხვა ყველაფერთან ერთად, 2020 წელი Squarepusher-ის დაბრუნების წელი იყო. დაბრუნდა და კიდევ ერთხელ გაგვახსენა, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ სცენაზე მისი მსგავსი არტისტების ყოფნა. ისეთების, რომლებიც მუსიკალური ტენდენციების ცვლილების პარალელურად ქარში მოყოლილი ლერწამივით არ ირხევიან და ქმნიან იმას, რაც დროსა და კონტექსტს უძლებს.

Terminal Slam-ს ჩვენთვის კარგად ნაცნობ ტერიტორიაზე მივყავართ, 1990-იანი წლების IDM სამყაროში, სადაც ქაოსის კონტროლი არტისტებისთვის ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრიტანელი მუსიკოსი მხოლოდ ნოსტალგიით გვკვებავს. პირიქით, ის მომავლისკენ გვექაჩება. ადგილისკენ, რომელიც წლის დასაწყისში არც კი ვიცოდით, რომ წინ დაგვხვდებოდა. კომპოზიციაში გახმოვანებულ იდეას ძალზე კარგად ეხმაურება დაიტო მანაბეს მიერ შექმნილი კლიპიც, რომელშიც ხელოვნური ინტელექტი ქუჩაში ადამიანის სახეებისა და სარეკლამო ბილბორდების იდენტიფიცირებას ახდენს და შემდეგ მათ გლიჩებით ანაცვლებს. ეს Squarpusher-ის სამყაროა, სადაც ჩვენ ყოველთვის სტუმრები ვართ.

9. Jayda G - Both of Us

წელს Jayda G-ის ძალიან არ გაუმართლა, კორონავირუსის პანდემიას მუსიკალური ფესტივალები ერთმანეთის მიყოლებით რომ არ ჩაეშალა, დარწმუნებული ვარ, Both Of Us 2020 წლის ზაფხულის ჰიმნი გახდებოდა. როგორც წესი, მსმენელის საამებლად ჩაფიქრებული ჰიტები ერთმანეთზე მოსაწყენი დრამატურგიული გადაწყვეტილებებით გამოირჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე წარმატებისთვის განწირულ კომპოზიციასთან გვაქვს, რომელმაც გრემის დაჯილდოების ჟიურისაც კი მოაწონა თავი.

ჩიკაგო ჰაუსისა და დისკოს სიმსუბუქე ამ ნამუშევარს იდეალურ გრუვს აძლევს, თუმცა Jayda G-ის უნარი ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საცეკვაო ჩანაწერი სიურპრიზებით სავსე მოგზაურობად აქციოს, სწორედ ის მიზეზია, რომლის გამოც ამ ნამუშევარმა არა მხოლოდ popmusic-ის, არამედ მთელი მსოფლიოს მუსიკალური მედიის ყურადღება მიიპყრო.

8. Focalistic - Vrr Phaa ft. Vigro Deep

თუ გაინტერესებთ, რა ხდება საცეკვაო ელექტრონული მუსიკის პერიფერიულ სცენებზე, ჩათვალეთ, რომ დიდი აღმოჩენების პირას დგახართ. Focalistic-ის სახელით ცნობილი ლეთაბო სებეტსო ერთ-ერთი ასეთი აღმოჩენაა - ახალგაზრდა არტისტი, რომელიც სამხრეთაფრიკულ ჰიპ ჰოპში საკუთარი, ყველასგან განსხვავებული წესებით გამოჩნდა და კომპრომისების გარეშე აკეთებს იმას, რისიც სჯერა.

შემსრულებელი ძირითადად სუაჰილიზე მღერის, რომელიც ტანზანიის, კენიისა და უგანდის ოფიციალური ენაა, მაგრამ მისი მუსიკალური ენერგიისთვის ეს ბარიერს არ წარმოადგენს. პირიქით, ჰაუს მუსიკისთვის დამახასიათებელ რიტმულ სპეციფიკასა და მელოდიაზე ის რეჩიტატივს ისე ოსტატურად კითხულობს, რომ ავთენტურობასთან დაკავშირებით არანაირი კითხვები არ გვრჩება. Vrr Phaa საინტერესოა არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეგზოტიკურად ჟღერს, არამედ იმისთვისაც, რომ დავინახოთ, რამდენად ფართოა ელექტრონული მუსიკის საზღვრები და როგორ ყურადღებას იმსახურებს მისი მივიწყებული სცენები.

7. Daniel Avery - Lone Swordsman

სანამ კორონავირუსი ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიას მიწაზე საბოლოოდ დანარცხებდა, წლის დასაწყისში ერთი მტკივნეული დარტყმა უკვე მივიღეთ - გარდაიცვალა ლეგენდარული ენდრიუ ვეზერჰოლი, ფანტასტიკური დიჯეი, პროდიუსერი და Primal Scream-ის ეპოქალური ალბომის Screamadelica ერთ-ერთ შემოქმედი. მისი სიკვდილის შესახებ დენიელ ეივერიმ სტუდიაში ყოფნისას შეიტყო, შედეგად კი კომპოზიცია Lone Swordsman შეიქმნა, რომელიც სწორედ 56 წლის ასაკში გარდაცვლილი არტისტის ხსოვნას ეძღვნება.

"ენდრიუ ნამდვილი გმირი იყო, მეგობარი და ადამიანი, რომელიც ყოველთვის გვახსენებდა, როგორ უნდა გაკეთდეს საქმე", - ეივერის ამ სევდიანი, ნოსტალგიური და ძალზე ემოციური ნამუშევრით გვსურს, მასთან ერთად გამოვხატოთ დიდი პატივისცემა ელექტრონული მუსიკის ნამდვილი რაინდის, ენდრიუ ვეზერჰოლის მიმართ.

6. Ital Tek - Leaving the Grid

2020 წლის 10 საუკეთესო ელექტრონული ალბომის მიმოხილვისას, Ital Tek-ზე საუბრის დროს ვახსენეთ, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში ვერსად ვნახეთ სივრცული თავისუფლებისა და ამავდროულად, თავმდაბლობის ისეთი განცდა, როგორიც მის ალბომში Outland. კომპოზიცია Leaving the Grid ამ სივრცული თავისუფლების ერთგვარი მანიფესტია - მისი მოსმენისას თითქოს ნაცნობ სამყაროში ვხვდებით, სადაც ადრე Lorn-მა ან Kavinsky-მ გვამოგზაურეს, მაგრამ პაუზების დელიკატური გამოყენებითა და აუჩქარებლობით Ital Tek ამ ექსპედიციას უფრო საინტერესო გამოცდილებად აქცევს.

ინგლისელი მუსიკოსი კულმინაციის ფენომენსაც კი უცნაურად ეპყრობა, თითქოს, პატივს არ სცემს და ყურადღებას არ აქცევს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს მხოლოდ მისი თავმდაბლობის ბრალია. სინამდვილეში, Ital Tek-ის მუსიკა ძალზე მკაფიო სიგნალებს გვიგზავნის იმის შესახებ, როდის რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. თუ არ გჯერათ, ჯერ Leaving the Grid-ს მოუსმინეთ, შემდეგ კი მთლიანად ალბომს.

5. Kelly Lee Owens - Melt!

"ცეკვა პოლიტიკური აქტია", "იცეკვე რევოლუციისთვის", "იცეკვე ან მოკვდი" - არაერთი ფრთიანი ფრაზა შეიძლება გაგვახსენდეს, როდესაც ელექტრონული მუსიკის სოციალურ-პოლიტიკურ განზომილებასა და იმ პასუხისმგებლობებზე ვსაუბრობთ, რომელსაც საკლუბო კულტურა საკუთარ თავზე იღებს. თუმცა, ხშირად ეს გამონათქვამები და მათ უკან მყოფი ადამიანები ისეთივე ცარიელები არიან, როგორც გრემის ჯილდოებისთვის განკუთვნილი კუთხე ბიორკის სახლში.

წლის ერთ-ერთ გამორჩეულ ალბომზე მუშაობისას კელი ლი ოუენსმა გადაწყვიტა, ისეთი ტექნო ბენგერი შეექმნა, რომელიც, ერთი მხრივ, საცეკვაო მოედნებს დაიპყრობდა, მეორე მხრივ კი, გლობალურ პრობლემებს გამოეხმაურებოდა. Melt! კლიმატის ცვლილების საკითხს ეძღვნება და გვახსენებს, როდესაც გვძინავს, ყინული დნება. კომპოზიციის მსვლელობისას სიტყვა "ყინული" ყურში ისე ჰიპნოტურად ჩაგვესმის, ვერც კი ვამჩნევთ, საიდან გვეპარება მისი დნობისა თუ სრიალის ხმები, რომლებიც ძალზე ოსტატურადაა დასემპლილი. Inner Song-ში ეს ერთადერთი ტრეკია, რომელიც ალბომის საერთო კონტექსტიდანაა ამოვარდნილი, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს და როგორც მუსიკოსი აღნიშნავს, ჩაძინებისას სწორედ ეს უკანასკნელი მოგვიღებს ბოლოს.

4. Zora Jones - Paranoid

ზორა ჯოუნსი მუსიკოსი, დიჯეი, მოდის დიზაინერი და გრაფიკული არტისტია, რომელიც ყოველდღიურად, სავარაუდოდ, რამდენიმე საათს უთმობს, როგორც ჰენტაი ანიმეს, ასევე ფრაქტალური პორნოგრაფიის საუკეთესო მიღწევების გაცნობას. Sinjin Hawke-თან ხანგრძლივი კოლაბორაციის შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ სადებიუტო სოლო ალბომის გამოცემის დრო იყო, რომელშიც ყველა მისმა ობსესიამ და ფეტიშმა ერთდროულად მოიყარა თავი. Paranoid კი მთელი ამ ქაოსის საუკეთესო ილუსტრაციაა.

"დეკონსტრუქციული საკლუბო მუსიკა" ის ტერმინია, რომელიც ხშირად ქაოტური და შინაარსისგან დაცლილი მუსიკალური გადაწყვეტილებების გასამართლებლად გამოიყენება. ამ შემთხვევაში კი დეკონსტრუქციული მიდგომა ერთადერთი სწორი არტისტული ნაბიჯი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც ზორა ჯოუნსმა ხელოვნურ ინტელექტსა და ადამიანებს შორის ეროტიკული ურთიერთმიმართებების დაფიქსირება შეძლო. ეს კომპოზიცია მომავლის სამყაროს შესახებ გვიყვება, სადაც ადამიანური ფორმები და შინაარსები CGI კულტურის მსხვერპლია, ყველაფერი ფლუიდური ხდება და სრულად იშლება ზღვარი ადამიანურ ემოციასა და მის ეკვივალენტ კომპიუტერულ ალგორითმს შორის.

3. DNGDNGDNG - Hiperboria

ტროპიკული ფუტურიზმის მაცნეები 2020 წელს ახალი პროექტით Continentes Perdidos დაგვიბრუნდნენ, რომელშიც მიღმური სამყაროს ბგერითი მრავალფეროვნების შესწავლას შეუდგნენ. ამ კომპილაციაში ჩვენს განსაკუთრებით ყურადღებას კომპოზიცია Hiperboria იმსახურებს, რომელიც აფრო-ფუტურისტული ალუზიებისა და პოლირითმიის დამსახურებით ეგზოტიკურ მუსიკალურ მოგზაურობას გვთავაზობს.

კომპოზიციის მოსმენისას ზოგჯერ აფრიკული ლანდშაფტი გახსენდება, ზოგჯერ ამაზონის ჯუნგლები, ხანდახან კი ჩხრიალა გველის მოახლოებასაც ვგრძნობთ, მაგრამ ერთი რამ არ იცვლება - ნაბიჯებს მხოლოდ წინ ვდგამთ და ერთი წუთითაც არ გვინდა, სეირნობა და შესაბამისად ამ ახალი სამყაროს აღმოჩენა შევწყვიტოთ.

2. Charli XCX - Forever

"მე უთქვენოდ მოვიწყინე", - გამოუცხადა თვითიზოლაციაში მყოფმა ჩარლიმ თავის მსმენელებს და მათთან ერთად ახალ ალბომზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ამ ჩანაწერის ყველაზე შთამბეჭდავი კომპოზიციაა Forever. სიყვარულის შესახებ დაწერილი უამრავი ბანალური სიმღერისგან მას ის გამოარჩევს, რომ მუსიკოსი საკუთარი გრძნობების მსუბუქი რომანტიზმის საფარველში მოქცევას არ ცდილობს. ჩარლი ხომ თავის სათქმელს ყოველთვის მოურიდებლად და ზოგჯერ ვულგარულადაც კი გამოხატავს. მაშინაც კი, როცა ის ისეთ სათუთ გრძნობას ეხება, როგორიც სიყვარულია.

ინგლისელი შემსრულებლის მიერ შექმნილი სასიყვარულო ბალადა პროდიუსერებმა ბიჯეი ბარტონმა და ეიჯი კუკმა ჰიპერაქტიურ საცეკვაო ჰიმნად აქციეს, რომელიც თითქოს ცდილობს, ყველა ის დანაკლისი აანაზღაუროს კარანტინმა და თვითიზოლაციაში ყოფნამ რომ მოიტანა - წვეულებებზე მეგობრებთან ერთად გართობა, დაუფიქრებელი, სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება და უბრალოდ, ცხოვრებით ტკბობა.

1. Eartheater - Faith Consuming Hope

Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin ჩვენმა რედაქციამ წლის საუკეთესო ჩანაწერებს შორის დაასახელა და ამის უამრავი მიზეზი გვქონდა. Faith Consuming Hope კი არა მხოლოდ ერთ-ერთი ასეთი მიზეზია, არამედ ალბომის მთავარი გასაღებიც. კომპოზიცია, რომელშიც ალექსანდრა დრევჩინი იმ მსხვერპლზე საუბრობს, რომელიც ფენიქსის ხელახალ დაბადებას მოსდევს.

ფენიქსის საკუთარი ფერფლიდან აღდგენას ყოველთვის პოზიტიურ მეტაფორად ვიყენებთ და მისი საშუალებით ხაზს ვუსვამთ ჩვენს ან სხვის უნარს, განახლებული გამოვიდეს ყველაზე რთული მდგომარეობიდანაც კი. მაგრამ, თუ გიფიქრიათ, რას გრძნობს ფენიქსი სიკვდილის დროს? თუ გინახავთ მისი გვამი ან შეგიგროვებიათ მისი ფერფლი? Eartheater მოვლენებს სწორედ ამ კუთხით გვიჩვენებს და გვეუბნება, რომ ყოველი ახალი დაბადება ამავდროულად სიკვდილიც არის. გიტარის აკორდები და სიმებიანი საკრავები ამ ტრაგიკული ისტორიის ბგერით ლანდშაფტს ქმნიან, დრამი და ტალღოვანი ბასი კი კულმინაციისკენ მიგვაცილებს, სადაც ერთად ვნახავთ ფერფლის წვასა და ახალ დაბადებას.

კომენტარები

ბოლოს დამატებული