Thumbnail

რა მეტსახელებით მიმართავდნენ ფრედი მერკური და ელტონ ჯონი ერთმანეთს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულ ბრიტანელ მუსიკოსებს, ფრედი მერკურსა და ელტონ ჯონს მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდათ. ელტონი იმ ადამიანთა მცირერიცხოვან ჩამონათვალში შედიოდა, რომლებთან კონტაქტიც ფრედიმ სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა. მერკურის თაყვანისმცემლებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ არტისტი თავის გარემოცვას მუდმივად ანებივრებდა ყურადღებით, მართავდა წვეულებებს და მათ გახალისებაზე ზრუნავდა, ზოგიერთ მეგობარს მან მეტსახელიც შეურჩია.

ფრედი მერკურის მეგობარი იხსენებს, როგორ აღნიშნავდა მუსიკოსი შობას

რატომ დაუტოვა ფრედი მერკურიმ მთელი ქონება ყოფილ შეყვარებულს

როგორც გამოცემა Mirror წერს, ფრედისა და ელტონს წარმოსახვითი ალტერ ეგოები ჰყავდათ, რომლებიც დრაგ ქუინები იყვნენ. მერკური ჯონს შერონს, ის კი "ქუინის" ფრონტმენს მელინდას ეძახდა. სწორედ შერონით იხსენიებს ფრედი ელტონს მისალოც ბარათში, რომელიც ამ უკანასკნელმა მერკურის სიკვდილის შემდეგ, შობა დღეს მიიღო.

"მისი გარდაცვალების გამო ძალიან დამწუხრებული ვიყავი, კარზე მეგობარმა მომიკაკუნა და ბალიშის პირში გახვეული რაღაც გადმომცა. გავხსენი და შიგნით ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მხატვრის, ბრიტანელი ჰენრი სკოტ ტუკის ნამუშევარი დამხვდა. ნახატთან ერთად ბარათიც მივიღე, რომელზეც ეწერა - ძვირაფასო შერონ, ვიფიქრე, მოგეწონებოდა. სიყვარულით, მელინა", - იხსენებდა ელტონი.

აღსანიშნავია, რომ ფრედის კიდევ რამდენიმე ახლობელი ადამიანისთვის ჰქონდა შერჩეული საპირისპირო სქესის სახელები. "ქუინის" წევრებს, ბრაიან მეისა და როჯერ ტეილორს ის მეგისა და ლიზის ეძახდა, ყოფილ შეყვარებულს, მერი ოსტინს, რომელიც მისი უახლოესი მეგობარი გახდა, სტივი შეარქვა, ხოლო ბრიტანელ მუსიკოს როდ სტიუარტს მითოლოგიური გმირის, ფილიდას სახელით მოიხსენიებდა.

ფრედი მერკური, ელტონ ჯონი და როდ სტიუარტი ჯგუფის შექმნას გეგმავდნენ

ელტონ ჯონსა და ფრედი მერკურის ერთობლივი კომპოზიცია არ გაუვრცელებიათ. თუმცა, როგორც როდ სტიუარტმა 2012 წელს გავრცელებულ ავტობიოგრაფიულ წიგნში გაამხილა, მუსიკოსები სუპერჯგუფის შექმნას გეგმავდნენ, რომელსაც Nose, Teeth & Hair (ცხვირი, კბილები და თმა) უნდა რქმეოდა. ფრედი 1991 წლის 24 ნოემბერს შიდსის ფონზე განვითარებული ბრონქიალური პნევმონიით გარდაიცვალა. 1992 წელს ელტონმა მისი ხსოვნის პატივსაცემად უემბლის სტადიონზე გამართულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რა დროსაც "ქუინის" წევრებთან ერთად კომპოზიცია The Show Must Go On, ხოლო Guns N' Roses-ის სოლისტის, აქსლ როუზის მხარდამხარ Bohemian Rhapsody შეასრულა. 1995 წელს BRIT Awards-ზე ელტონ ჯონს ფრედი მერკურის სახელობის ჯილდო გადაეცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული