Thumbnail

მერაია ქერი: ჰგონიათ, სიმღერით All I Want for Christmas Is You ბევრ ფულს ვშოულობ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, მერაია ქერის ჰიტმა All I Want for Christmas Is You მუსიკალურ პლატფორმა Spotify-ზე რეკორდი დაამყარა. სიმღერას "სპოტიფაის" არსებობის ისტორიაში ერთ დღეში ყველაზე მეტჯერ, 17 223 000-ჯერ მოუსმინეს. ეს შედეგი, სავარაუდოდ, შობის დღესასწაულს უკავშირდება.

► მერაია ქერის All I Want for Christmas Is You ჩარტებს უბრუნდება

► მერაია ქერი კიდევ ერთ საშობაო ალბომს გამოუშვებს

მიღწეულ რეკორდს სოციალურ ქსელ ტვიტერზე თავად მერაია გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ 1994 წელს მის მიერ დაწერილი სიმღერა ხალხს დღესაც კი ბედნიერებას ანიჭებს.

"ვიცი, ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ვზივარ და ამ სიმღერით ფულს ვაკეთებ (პატარა საიდუმლო: არტისტები ძალიან ცოტას შოულობენ პლატფორმებზე მოსმენებიდან). თუმცა, რეალურად მოხარული და მადლიერი ვარ, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი დაწერილი კომპოზიცია ადამიანებს ახალისებს და ბედნიერებას ანიჭებს. დიდი მადლობა ყველას და შობას გილოცავთ", - წერს მერაია ტვიტერის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ 1958 წელს გავრცელებული კომპოზიციის The Chipmunk Song შემდეგ, All I Want For Christmas Is You პირველი საშობაო ჰიტია, რომელიც ბილბორდის ჩარტის სათავეში მოექცა. 2017 წლის მონაცემებით, სიმღერის საავტორო უფლებებისთვის, შემოსავალმა 60 მილიონი დოლარი შეადგინა. ტრეკი გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნშიც მოხვდა.

მერაია ქერიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1986 წელს დაიწყო. მან წარმატება სადებიუტო ალბომის გამოსვლისთანავე მოიპოვა. კარიერის განმავლობაში მუსიკოსმა 200 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის ჯილდო ხუთჯერ აქვს მიღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული