Thumbnail

ცნობილია, როდის დაუბრუნდება შუგა BTS-ის აქტივობებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის წევრი, მინ იუნგი, იგივე შუგა, მხარზე გაკეთებული ოპერაციიდან ორი თვის თავზე, კოლექტივის აქტივობებს ახალი წლის ღამეს დაუბრუნდება. ამის შესახებ 27 წლის მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს პლატფორმა VLIVE-ის საშუალებით ამცნო, როდესაც თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობდა.

ნახეთ: BTS-მა სიმღერა Life Goes On შუგას ჰოლოგრამასთან ერთად შეასრულა

ნახეთ: Steve Aoki-მ MAX-ის და BTS-ის შუგას Blueberry Eyes გაარემიქსა

"მხრის ფიქსატორს უკვე აღარ ვხმარობ, მაგრამ ხელს მაღლა ბოლომდე მაინც ვერ ვწევ. ცოტა ტკივილს ისევ ვგრძნობ. რეაბილიტაციის პროცესს ვაგრძელებ. აქტიურად ვვარჯიშობ, რომ მხრის გამოძრავება ბოლომდე შევძლო. ნელა, მაგრამ მაინც მივდივარ უკეთესობისკენ", - აღნიშნა შუგამ.

არტისტისვე თქმით, "ბითიესს" სცენაზე საახალწლო კონცერტის 2021 New Year's Eve Live დროს შეუერთდება, რომელსაც კოლექტივის ლეიბლის Big Hit Labels ქვეშ გაერთიანებული ჯგუფები და არტისტები 31 დეკემბერს გამართავენ. კომპანია Big Hit Entertainment-ის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმებმა შუგას სცენაზე დაბრუნების რეკომენდაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცეს, თუ ის ქორეოგრაფიით დატვირთულ პერფორმანსებში არ იქნება ჩართული. როგორც ცნობილია, მუსიკოსმა მხარი წლების წინ, კურიერად მუშაობის პერიოდში დაიზიანა, როდესაც მოტოციკლით გადაადგილებისას ავარიაში მოყვა.

შუგამ პოპულარობა BTS-ის წევრობით მოიპოვა. კოლექტივში მოღვაწეობის გარდა, ის სოლო ნამუშევრებსაც ავრცელებს და სხვა არტისტებისთვისაც ქმნის კომპოზიციებს. პირველი სოლო მიქსტეიპი Agust D მუსიკოსმა 2016 წელს გამოუშვა, 2020 წელს კი საკუთარი პროდიუსინგით შექმნილი კიდევ ერთი ალბომი D-2 გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული