Thumbnail

არიანა გრანდე მანჩესტერის საავადმყოფოებში მყოფ ბავშვებს საჩუქრებს ურიგებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, არიანა გრანდემ ინგლისის ქალაქ მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოების Royal Manchester Children’s Hospital და Manchester Royal Infirmary (MRI) მცირეწლოვან პაციენტებს საშობაოდ ონლაინ მაღაზია "ამაზონის" 100 გირვანქა სტერლინგის ღირებულების ვაუჩერები გაუგზავნა. როგორც ადგილობრივი გაზეთი Manchester Evening News წერს, საჩუქრები ასობით ბავშვმა მიიღო.

არიანა გრანდე დაინიშნა

ნახეთ: საშობაო სიმღერა მერაია ქერის, არიანა გრანდესა და ჯენიფერ ჰადსონის შესრულებით

ამასთან დაკავშირებით გამოცემა MRI-ში სამკურნალოდ მყოფი ერთ-ერთი ბავშვის მამას, სახელად სტივს ესაუბრა, რომელმაც მომღერლის საჩუქრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუქზე პირველმა გაავრცელა.

"როგორც ვხვდები, ვაუჩერი საავადმყოფოში მკურნალ ყველა ბავშვს შეხვდა. ჩემი გოგონას პალატაში რომ შევედი, ბედნიერებისგან აღელვებული დამხვდა. მითხრა, ნახე, მამიკო, არიანა გრანდესგან ვაუჩერი მივიღეო. ფურცელი პატარა ყუთში იდო, მას არც წერილი მოჰყოლია და არც გამომგზავნის ვინაობა ეწერა ზედ. ეს ლამაზი ჟესტია - არ უცდია, საკუთარი თავისთვის რეკლამა გაეკეთებინა, რაც იმაზე მიუთითებს, თუ რამდენად გულწრფელად სურდა ბავშვების გახარება. ჩემი გოგონა ძალიან ნასიამოვნები დარჩა. არიანა არაჩვეულებრივი ადამიანია", - აღნიშნა მან.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, მუსიკოსმა ვაუჩერების გარდა სათამაშოებიც დაარიგა.

"უაღრესად მადლიერები ვართ იმის გამო, რომ არიანა გრანდემ მცირეწლოვან პაციენტებს საშობაოდ საჩუქრები უსახსოვრა. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს საავადმყოფოსთვის, რადგან მან სწორედ ჩვენ შეგვარჩია იმისთვის, რომ ვაუჩერები და სათამაშოები დაერიგებინა", - წერს სოციალურ ქსელში კლინიკა Royal Manchester Children’s Hospital.

We are extremely grateful to Ariana Grande for thinking of our young patients this Christmas. It means so very much to...

Posted by Royal Manchester Children's Hospital Charity on Thursday, December 24, 2020

 

არიანა გრანდე მანჩესტერში მცხოვრები ოჯახების მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას მას შემდეგ იჩენს, რაც 2017 წელს, მისი კონცერტის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, მანჩესტერ არენას დერეფანში დაჯგუფება ISIS-ის ტერორისტმა თავი აიფეთქა, რასაც 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი მძიმედ დაშავდა.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული