Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიციას.

2020 წლის 10 საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომი

10. 21 Savage x Metro Boomin - Many Men

2020 წელს თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული დუეტი, 21 Savage-ის ფსევდონიმით ცნობილი შეია აბრაჰამ-ჯოზეფი და Metro Boomin, იგივე ლილენდ უეინი ახალი ალბომით Savage Mode II დაგვიბრუნდნენ. ვერ ვიტყვით, რომ ეს უკანასკნელი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც კოლეგების წინა ნამუშევარი, თუმცა მასში შესული რამდენიმე ტრეკი კომპლიმენტებს ნამდვილად იმსახურებს. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას Many Men იპყრობს, რომელიც მონოტონური, უაღრესად ჩამთრევი ინსტრუმენტალით გამოირჩევა.

კრიმინალური სამყაროს წევრების ცხოვრების წესის შესახებ დაწერილ კომპოზიციას გენგსთა რეპის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, 50 Cent-ის ამავე სახელწოდების მქონე ჰიტიდან ნასესხები სემპლი ძალზე უხდება. აშკარაა, რომ ლეგენდარული კერტის ჯექსონის პერსონა თუ შემოქმედება ამბიციურობისა და წარმატების სიმბოლოდ ჩვენს გარემომცველ რეალობაშიც ყალიბდება. ამ ჩანაწერში ჟანრისთვის 2000-იან წლებში დამახასიათებელი ჟღერადობის მიმართ ნოსტალგია ნათლად იგრძნობა, რაც მას მიმზიდველს, ფაქტობრივად, მსმენელთა ყველა თაობისთვის ხდის.

9. Lil Baby - Sum 2 Prove

Lil Baby-ის ფსევდონიმით ცნობილი არტისტი, დომინიკ ჯონსი მოწოდებით რეპერი არასდროს ყოფილა, მუსიკალური კარიერა კი კრიმინალით სავსე გეტოში გაზრდილი ახალგაზრდისთვის უბრალოდ ფულის გამომუშავების უსაფრთხო გზას წარმოადგენდა. სწორედ ეს გარემოება ხდის განსაკუთრებით საინტერესოს იმ ფაქტს, რომ ერთი შეხედვით ათასგზის გადაღეჭილ, თვითამოწურვის პირას მყოფ თრეფსა და მამბლ რეპში რაღაც ახალს სწორედ ატლანტელმა ემსიმ მიაგნო.

ჯონსის შემოქმედებას ამ მიმდინარეობათა წარმომადგენლის კვალობაზე უჩვეულოდ შთამბეჭდავი ფლოუ, ორაზროვანი მეტაფორები, სიტყვებით ოსტატური თამაში და შესრულების არაორდინარული, მელოდიური მანერა გამოარჩევს, რომლის წყალობითაც მისი რეჩიტატივი ხშირად მისამღერივით ისმინება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით ეფექტურად კომპოზიციაში Sum 2 Prove აისახა, რომელშიც ავტორი ჟანრში საუკეთესოობაზე სავსებით საფუძვლიან პრეტენზიას გამოთქვამს. მართლაც, ის 2020 წლის მეინსთრიმ ჰიპ ჰოპის მთავარი ტრიუმფატორი გახლავთ და ეს სტატუსი, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, ჭეშმარიტი ტალანტისა და ინოვაციების წყალობით მოიპოვა.

8. Conway the Machine & The Alchemist ft. Schoolboy Q - Shoot Sideways

დემონდ პრაისმა, იგივე Conway the Machine-მა 2020 წელს სამი სხვადასხვა სტუდიური ნამუშევარი გამოსცა, თუმცა მათ შორის არტისტისთვის ჩვეული ხარისხის თამასა სრულფასოვნად მხოლოდ LULU-შია შენარჩუნებული. მართალია, ნიუ იორკელი რეპერისთვის ბოლო დროს ინსტრუმენტული სელექცია და პროდაქშენი ერთგვარ აქილევსის ქუსლად იქცა, მაგრამ ამ ალბომში ეს პრობლემები ოდნავადაც არ იგრძნობა, რაც დიდწილად The Alchemist-ის ფსევდონიმით ცნობილი პროდიუსერის, დენიელ მამანის დამსახურებაა.

ალქიმიკოსის ხელწერამ თავი განსაკუთრებით შთამბეჭდავად კომპოზიციაში Shoot Sideways იჩინა, რომლის პირქუშ, დეპრესიულ ჟღერადობასთან პრაისის ფატალიზმით აღსავსე, აგრესიული ლირიკა იდეალურ თანხვედრაშია. ამ ყველაფერს კი ერთ მთლიანობად კალიფორნიელი Schoolboy Q-ს, იგივე ქუინსი ჰანლის მიერ შესრულებული მისამღერი კრავს, რომელიც ლეგენდარული კოლექტივის, Cypress Hill-ის ჰიტის Boom Biddy Bye Bye შთაგონებითა შექმნილი.

7. JackBoys - GANG GANG

თანამედროვე ჰიპ ჰოპის სუპერვარსკვლავმა, ტრევის სკოტმა ბოლო წლებში ნათლად გვიჩვენა, რომ სხვა ღირსებებთან ერთად, ნიჭიერი კოლეგების აღმოჩენის უნარიც გააჩნია. მის მიერ დაარსებული ლეიბლის Cactus Jack Records წევრი არტისტებით დაკომპლექტებულმა კოლექტივმა JackBoys პოპულარობა უსწრაფესად მოიპოვა და დიდი ალბათობით, ჯგუფის ჩანაწერები მომდევნო წლებში არაერთხელ გამოჩნდება გლობალურ ჩარტებში.

გაერთიანების სავიზიტო ბარათი ჯერჯერობით სადებიუტო კომპილაციურ ალბომში შესული კომპოზიცია GANG GANG გახლავთ. დახვეწილ, თრეფის ელემენტებით გაჯერებულ მელოდიურ ბენგერში განსაკუთრებულ ყურადღებას შარშანწინდელი აღმოჩენა, ახალგაზრდა ნიუ იორკელი რეპერი, Sheck Wes იქცევს, რომლის ფლოუც ეპოქალური Slick Rick-ის შესრულების მანერის გათანამედროვებულ ვერსიას მოგვაგონებს. ტრევისს კი, თავისი უნიკალური ქარიზმის ხარჯზე, ისედაც ძალზე ეფექტური ტრეკი სრულიად ახალ სიმაღლეზე აჰყავს.

6. Ab-Soul - Dangerookipawaa Freestyle

ოთხწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ ჰერბერტ სტივენსი, იგივე Ab-Soul ახალი სინგლით Dangerookipawaa Freestyle ძალზე მოულოდნელად და ეფექტურად დაბრუნდა. ლეგენდარული სოულ შემსრულებლის, ჩარლზ ბრედლის კომპოზიციიდან Strictly Reserved for You ნასესხებ სემპლზე დაფუძნებული, ინტენსიური ინსტრუმენტალის ფონზე სოული ნათლად გვაჩვენებს, რატომ ელოდებოდა ასე მოუთმენლად მის გამოღვიძებას ჰიპ ჰოპის ათასობით თაყვანისმცემელი.

ამ ნამუშევარში კალიფორნიელი არტისტის ფლოუ ტრადიციულად მელოდიურიცაა და აგრესიულიც. რაც შეეხება მეტაფორებით, ალიტერაციებითა და მახვილგონივრული რითმებით სავსე ლირიკას, აქ კომენტარი ზედმეტია - სწორედ იმ ხარისხის ჩანაწერია, რომელსაც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ლეიბლის, Top Dawg Entertainment-ის წევრისგან უნდა ველოდოთ. შედეგად კი, რეპერის მომდევნო სტუდიური ალბომის მიმართ ინტერესი ორმაგად იზრდება.

5. Future ft. Drake - Life Is Good

Future-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნეივედიუს უილბერნის მერვე სტუდიური ნამუშევრის High off Life ცენტრალური კომპოზიციის სტატუსს უდავოდ Life Is Good იმსახურებს. ალბომის კომერციულ წარმატებაში ლომის წვლილი სწორედ ამ ტრეკმა შეიტანა, რისი მიზეზიც დიდწილად მასში დრეიქის მონაწილეობაა. ამ უკანასკნელის შესრულების მანერა, ტრადიციულად, საოცრად მელოდიურია. კანადელი სუპერვარსკვლავი თავის უნიკალურ უნარს, ყველაფერი ჰიტად აქციოს, რასაც კი შეეხება, სრული დატვირთვით იყენებს.

ფიუჩას და დრიზის წარსულშიც არაერთხელ უთანამშრომლიათ, თუმცა ახალი კოლაბორაცია მათი პარტნიორობის ყველა ადრეული შემთხვევისგან გამოირჩევა. მასში, ფაქტობრივად, ორი ურთიერთგანსხვავებული ჩანაწერია გაერთიანებული, რომელთგან თითოეული მისი ავტორის საფირმო სტილსა და ჟღერადობას სრულფასოვნად ასახავს. თანამედროვე მეინსთრიმში ძალზე იშვიათად თუ წააწყდებით ორი შემსრულებლის ასეთ ეფექტურ დუეტს, სადაც კოლეგები, უბრალოდ, იდეალურად ავსებენ ერთმანეთს.

4. Pink Siifu & Fly Anakin - Mind Right

Fly Anakin-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ფრენკ უოლტონისა და ლივინგსთონ მეთიუზის, იგივე Pink Siifu-ს ერთობლივი პროექტი FlySiifu's მუსიკალური ფირფიტების მაღაზიაში გატარებულ ერთ წარმოსახვით დღეს აღწერს, რომლის განმავლობაშიც კოლეგებს დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის როლი აქვთ მორგებული.

ეს ორიგინალური კონცეფცია განსაკუთრებით ეფექტურად ალბომის წამყვან სინგლზე Mind Right აისახა, რომლის ხისტი, მკვეთრად ლოუ ფაი ესთეტიკის მქონე ინსტრუმენტალი ისე ისმინება, თითქოს მტვერდადებული ჩანაწერიდან სემპლის მოხსნისა და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭების პროცესს პირადად ვესწრებით, რეპერების ურთიერთგანსხვავებული რეჩიტატივის მანერა კი ამ სცენას კიდევ უფრო ხელშესახებს ხდის. აქვე აღსანიშნავია არენბი შემსრულებლის Liv.e დამსახურება, რომელიც კომპოზიციის მელანქოლიურ, სიზმრისეულ ატმოსფეროს ისე ორგანულად ერგება, რომ მისი მოწვეული სტუმრის სტატუსით მოსახსენიებლად ენა არ გვიბრუნდება.

3. Pop Smoke - Christopher Walking

ბრუკლინელი არტისტი Pop Smoke, იგივე ბაშარ ჯექსონი 2020 წლის 19 თებერვალს მის სახლში შეჭრილი მძარცველების ტყვიას ემსხვერპლა. სულ რაღაც ოცი წლის ასაკში გარდაცვლილმა, ხმის სპეციფიკური ტემბრით გამორჩეულმა რეპერმა ძალზე მნიშვნელოვანი კვალის დატოვება მოასწრო და სწორედ მისი დამსახურება გახლავთ, რომ ბრიტანული დრილ ჟღერადობა თანამედროვეობაში მოდურ ტენდენციად იქცა.

ჯექსონის წელს გამოცემული ნამუშევრებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Christopher Walking იქცევს. არტისტის რეჩიტატივის მანერაში არაერთი გამოჩენილი კოლეგის, პირველ რიგში კი მისი მენტორის, ლეგენდარული 50 Cent-ის გავლენა იგრძნობა. ამ ტრეკის ლირიკაში ავტორი თავს გახმაურებული კრიმინალური დრამის "ნიუ იორკის მეფე" მთავარ პერსონაჟს, კრისტოფერ უოქენის მიერ განსახიერებულ ფრენკ უაითს ადარებს და მშობლიური ქალაქის მონარქობაზე აცხადებს პრეტენზიას. ეს ამბიცია პოპ სმოუქმა სიკვდილის შემდეგ დაიკმაყოფილა - 2020 წლის ნიუ იორკის ჰიპ ჰოპ სცენის გვირგვინი სწორედ მას ეკუთვნის.

2. Royce Da 5'9" ft. Westside Gunn - Overcomer

ჰიპ ჰოპ პროდიუსერები საუკეთესო სემპლებს ხშირად მიკარგულ არქივებსა თუ ყველასგან დავიწყებული მუსიკოსების შემოქმედებაში რომ პოულობენ, ჟანრის თითოეულ თაყვანისმცემელს კარგად მოეხსენება. Royce da 5'9"-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერის, რაიან მონტგომერის ალბომის The Allegory ცენტრალური კომპოზიცია Overcomer ამის კარგი მაგალითია.

ტრეკის ბრწყინვალე ინსტრუმენტალი 1970-იან წლებში მოღვაწე, სრულიად უცნობი სოულ კოლექტივის The Lintons სინგლის Don't You Ever Walm Away ბი საიდზე მოთავსებული სიმღერიდან Real Love ნასესხებ ელემენტებზეა დაფუძნებული. ნამუშევრის ლირიკაში მონტგომერი ძალზე ბევრ ვინმეს და რამეს ეხება, თუმცა მთავარი მესიჯი ნათელია - ის ანდერგრაუნდის ტრადიციების ღალატს არ აპირებს და მომავალშიც ასეთივე ესთეტიკის მქონე ჩანაწერებს შემოგვთავაზებს. აღსანიშნავია ნიუ იორკელი არტისტის, Westside Gunn-ის დამსახურებაც, რომლის სპეციფიკური ფლოუც დეტროიტელი კოლეგის რეჩიტატივის ფონზე შესანიშნავ კონტრასტს ქმნის.

1. MIKE & Jadasea - Regrets

ლონდონელი Jadasea-სა და ნიუ იორკელი მაიკლ ბონიმას, იგივე MIKE-ის ეს ჩანაწერი ბრიტანულ და ამერიკულ ჰიპ ჰოპს შორის გადებული მორიგი ხიდია (პირველი მსგავსი მცდელობა ამავე არტისტების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში გავრცელებული კომპოზიცია Old Earth გახლდათ). მათი რიგით მეორე კოლაბორაციული ნამუშევარი Regrets ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რაშიც დიდი დამსახურება Rbchmbrs-ის ფსევდონიმით ცნობილ პროდიუსერს, თანილ ალექსანდროსს მიუძღვის.

უჩვეულო, ავანგარდული სტრუქტურის მქონე ჩანაწერში ხან ინდასტრიალის გავლენა იკითხება, ხან ჯაზის და ხანაც ტრიპ ჰოპის. ამ ექსპერიმენტული ჟღერადობის ფონზე კი რეპერები სპეციფიკური, მონოტონური რეჩიტატივის საშუალებით აკუსტიკურ ქაოსში მოწესრიგებული ფორმების დაჭერის საშუალებას იმდენად ოსტატურად გვაძლევენ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ჰარმონიულ მთლიანობად წარმოგვიდგება. წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ კომპოზიციად სწორედ ამ ნამუშევარს ვასახელებთ

კომენტარები

ბოლოს დამატებული