Thumbnail

ჯენიფერ ლოპესი: მე და ალექსს კითხვა გაგვიჩნდა, საერთოდ გვინდა თუ არა დაქორწინება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ პოპვარსკვლავ ჯენიფერ ლოპესს, რომელიც ამ ზაფხულს ბეისბოლის ვარსკვლავ ალექს როდრიგესზე აპირებდა დაქორწინებას, რადიოშოუში Radio Andy სტუმრობისას წამყვანმა, ენდი კოენმა ჰკითხა, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო საქორწილო გეგმები ჩაეშალა, შეიძლება თუ არა, რომ საერთოდ გადაიფიქროს ამ ნაბიჯის გადადგმა. კოენმა 51 წლის ჯეილოს ვარსკვლავური წყვილის, კურტ რასელისა და გოლდი ჰოუნის მაგალითი მოუყვანა - მსახიობები უკვე 35 წელია, ერთად ცხოვრობენ, თუმცა, დღემდე ხელი არ მოუწერიათ. მომღერლის თქმით, ბოლო პერიოდში მართლაც დაფიქრდა იმაზე, საერთოდ არის თუ არა საჭირო მისი და ალექსის ოფიციალური ქორწინება.

ჯენიფერ ლოპესი: ყოველ შობას უცვლელი რიტუალით ვხვდები

ჯენიფერ ლოპესი: ხალხი ჩემზე ამბობდა, არც მუსიკოსია კარგი და არც მსახიობიო

"მე და ალექსმა ნამდვილად ვისაუბრეთ ამ თემაზე - ჩვენს ასაკში, როცა წარსულში ორივე ვიყავით დაქორწინებული, კიდევ ერთხელ უნდა გადავდგათ თუ არა ეს ნაბიჯი და საერთოდ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის. უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ამის გაკეთება. ყოველ შემთხვევაში საჩქარო ნამდვილად არაფერია", - უპასუხა ლოპესმა კითხვას.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მაისში მუსიკოსმა ტელეკომპანია NBC-ის დილის გადაცემაში The Today Show ჩართვისას ისაუბრა, რამდენად გულგატეხილი იყო საქორწილო გეგმები რომ ჩაეშალა.

"რაღაც მხრივ იმედგაცრუებული ვარ, ზაფხულისთვის დიდი გეგმები მქონდა, ახლა კი ყველაფერი შეჩერებულია. ვნახოთ, შესაძლოა, მომავალში რაიმე უკეთესი მოხდეს", - ამბობდა მაშინ ჯეილო.

წყვილი 2017 წლიდან ერთად ცხოვრობს. 2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ისინი ოფიციალურად დაინიშნენ. ჯეილოს წინა ქორწინებიდან 12 წლის ტყუპი და-ძმა, ემა და მაქსი ჰყავს, ალექსი კი ორი გოგონას, ნატაშას და ელას მამაა.

ჯენიფერ ლოპესი და ალექს როდრიგესი შვილებთან ერთად

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. 2018 წელს კი გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა. 2020 წელს ჯეილო აშშ-ის ნაციონალური საფეხბუთო ლიგის ფინალური მატჩის, Super Bowl-ის ტაიმებს შორის შესვენებაზე გამართული გრანდიოზული შოუს ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული