Thumbnail

Tekashi 6ix9ine-ს სასამართლოში კიდევ ერთხელ უჩივიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულ ამერიკელ ჰიპ ჰოპ არტისტ ტეკაში სიქსნაინს სასამართლოს წინაშე წარდგომა კიდევ ერთხელ მოუწევს. საქმე 2018 წლის აპრილში მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროში მომხდარ ყაჩაღობას უკავშირდება, რასთან კავშირიც რეპერმა გასულ წელს აღიარა. არსებული ინფორმაციით, ტეკაში შენობის გარეთ ავტომობილში იჯდა და ვიდეოკამერით იღებდა კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods-ის ორ წევრს, რომლებიც სასტუმროს ფოიეში მყოფ ორ პირს აყაჩაღებდნენ. სასამართლოში საჩივარი სწორედ ამ უკანასკნელებმა შეიტანეს.

Tekashi 6ix9ine-ის გამტაცებელს 24 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქვემოთ მოცემული ვიდეო მოიცავს, როგორც სასტუმროს სამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებულ მასალას, აგრეთვე, სიქსნაინის მიერ გადაღებულ კადრებს.

საკეთა უონზერისა და კევინ დოზიერის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად მათ დაკარგეს ზურგჩანთა, ძვირფასი სამკაულები, ფული და არაერთი სხვა ნივთი, რომლებიც მოგვიანებით ტეკაშის სახლში აღმოაჩინეს. ისინი დაყაჩაღების, ცემისა და ემოციური ზიანის მიყენების სანაცვლოდ კომპენსაციას მოითხოვენ.

დაზარალებულების განცხადებით, ბოროტმოქმედების რეალური სამიზნე Rap-A-Lot Records იყო, რომლის ერთ-ერთ წევრთანაც ტეკაშის პირადი უთანხმოება ჰქონდა. უონზერი და დოზიერი კი მათ შეცდომით სწორედ ამ ლეიბლთან დაახლოებული პირები ეგონათ. როგორც ჰიპ ჰოპ შემსრულებლის ადვოკატები აცხადებენ, ისინი თავიანთ კლიენტს ამ საქმეშიც კვლავინდებურად დაიცავენ.

ტეკაშიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. ახალგაზრდა რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა ციხიდან სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მალევე მოიპოვა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მის მიერ გამოშვებული კომპოზიცია GOOBA კი პირველი ჰიპ ჰოპ ჩანაწერი გახდა, რომელმაც იუთუბზე გამოქვეყნებიდან 24 საათში რეკორდული, 41 მილიონი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული