Thumbnail

კომუნა "მზესუმზირას" თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროება

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

eZo Festival-ის ორგანიზატორ კომუნა Mzesumzira-ს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. მისი დამფუძნებლების განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის კვალდაკვალ შექმნილი ფინანსური პრობლემების გამო "მზესუმზირა" გაქრობის წინაშე დგას:

"ეგრე ჩუმად გაქრობაც არ გვინდა. ამიტომ, ასეთი რამე ვიფიქრეთ: თუ შენთვის "მზესუმზირა" ძვირფასია და გინდა, მის გადარჩენაში მიიღო მონაწილეობა, შეგიძლია, რამდენიმე რამ გააკეთო და სანაცვლოდ საჩუქრებიც მიიღო".

კომუნასთვის დახმარების მსურველებს სხვადასხვა ნივთის, მათ შორის გულსამაგრის, პოსტერის, ლეიბლ Mzesumzira Records-ის რელიზების და ივენთის ბილეთის მოცემულ ბმულზე შეძენა, ანაც შემოწირულობის გადარიცხვა შეუძლიათ.

"რამდენიმე პაკეტი გვაქვს, რომელიც ჩვენც დაგვეხმარება და, იმედი გვაქვს, შენთვის საინტერესო რამეებსაც შეგახვედრებს. თუ არაფერი მოგეწონა, ან მაგდენით დახმარება არ შეგიძლია, შემოწირულობებსაც ვიღებთ - მანდვე შეგიძლია, რამდენიც შეგიძლია, იმდენი მოგვცე. ნებისმიერი თანხა მნიშვნელოვანია - ფული ფულად და ისედაც, მხარდაჭერაც ბევრს ნიშნავს. თუ ფულით ვერ გვეხმარები (რა გასაკვირია, ყველანი გაჭედილები ვართ), ლინკის გაზიარებაც საქმე იქნება", - ნათქვამია განცხადებაში.

გულსამაგრი + პოსტერი 30 ₾

"მზესუმზირას" გულსამაგრი და დიზაინერ კვაჭის ილუსტრაცია, რომელიც 2019 წლის "ეზო ფესტივალის" დახურვის ივენთისთვის შეიქმნა.

Mzesumzira Records-ის ყველა EP + პოსტერი + გულსამაგრი 50 ₾

12 არტისტის მიერ დარელიზებული 28 ტრეკი, რომელიც Mzesumzira Records-ზე გამოიცა და არტ-დირექტორ გიო ქვლივიძისა და დიზაინერ გვანცა ჩიჯავაძის მიერ შექმნილი პოსტერი; ასევე გუაპა კერამიკსის მიერ დამზადებული ხელნაკეთი გულსამაგრი.

ივენთის ბილეთი და ღვინო ჟუჟუნა 100 ₾

"ღონისძიება გაიმართება პირველივე შესაძლებლობისთანავე. სამადლობელ ივენთს ექსკლუზიურად დაესწრებიან მხოლოდ ის ადამიანები, რომლებიც ამ პაკეტს შეიძენენ. მანამდე კი თავის შექცევა ჩვენ მიერ გამოგზავნილი ჟუჟუნა ღვინით შეგიძლიათ", - აცხადებენ "მზესუმზირას" დამფუძნებლები.

კომუნა "მზესუმზირა" 2014 წელს ჩამოყალიბდა. რამდენიმე მცირემასშტაბიანი ღონისძიების გამართვის შემდეგ, 2015 წელს მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი eZo Festival დაფუძნდა, რომელიც ყოველწლიურად მთაწმინდის ფერდობზე იმართება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული