Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 20 საუკეთესო ქართულ კომპოზიციას.

ნახეთ სრული ფლეილისტი

20. Circus Mircus - The Ode to the Bishkek Stone

პროექტი Circus Mircus სამი ანონიმი მუსიკოსითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მსმენელთა წინაშე საცირკო დასის წევრების მსგავსი იმიჯით გამოდიან (მათი სადებიუტო პერფორმანსის ხილვა აქ შეგიძლიათ). თუმცა, წესით და რიგით, გამოცდილ მელომანებს ბავონც გევორქიანის, იგორ ფონ ლიხტენშტეინისა და დამოკლეს სტავრიადისის ფსევდონიმების მიღმა მდგომ არტისტთა ნამდვილი ვინაობის ამოცნობა არ უნდა გაუჭირდეთ. მათი კომპოზიცია The Ode to the Bishkek Stone ყირგიზეთის დედაქალაქში მდებარე ნარკოსარეაბილიტაციო ცენტრითაა შთაგონებული. მის პაციენტებს სამი დღით გარეთ, კარავში უშვებენ და აძლევენ ქვას, რომელსაც საკუთარი პრობლემები უნდა გაუმხილონ, შემდეგ კი მთიდან გადააგდონ. ექსცენტრიკული, ნახევრად კომიკური, ნახევრად დეპრესიული განწყობის ნამუშევარი, რომლის უცნაურ ტექსტსა და იდეას მისივე ექსპერიმენტული ჟღერადობა იდეალურად შეეფერება.

19. წერილი - მტვრიან მიწაზე

ქართული ალტერნატიული როკ სცენის ვეტერანი ჯგუფი წელს მსმენელებს ახალი მინი ალბომით "ეგ არის" დაუბრუნდა, რომლის ჩაწერისას მუსიკოსებს კიდევ ერთი ცნობილი კოლექტივის Mother on Mondays წევრი, ლევან ჯავახიშვილი შეუერთდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ნამუშევარში შესულ კომპოზიციას "მტვრიან მიწაზე" ძირითად პოსტ პანკის ჟანრში მოღვაწეობით ცნობილი ბენდისთვის უჩვეულო, ელექტრონული ჟღერადობა და ინდასტრიალის ელემენტების სიუხვე გამოარჩევს. თუმცა, კვლავ უცვლელია ჯგუფის ფრონტმენის, გია თოიძის შესრულების საფირმო მანერა და დეპრესიული, ნიჰილიზმით სავსე ლირიკა. სიმღერა პანდემიის მიერ ადამიანების ცხოვრების წესში შეტანილი ცვლილებებითაა შთაგონებული, უამრავი ნეგატივითა და ათასგვარი პრობლემით სავსე 2020 წელს "წერილის" შემოქმედებისთვის დამახასიათებელი ესთეტიკა კი ისეთი აქტუალურია, როგორც არასდროს.

18. 4D Monster Lobsters - YOU N ME VS THE REST OF THE WORLD

ქართველ მუსიკოსებს შორის ბილინგუალური კომპოზიციები ყოველთვის პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა ბოლო დროს ასეთი ნამუშევრები განსაკუთრებით მომრავლდა. მათგან ერთ-ერთი ჯგუფის Four Dimensional Monster Lobsters ეს სიმღერა გახლავთ, რომლის ტექსტშიც ქართული და ინგლისურენოვანი მონაკვეთები ერთმანეთს იშვიათი ბუნებრივობითა და ძალდაუტანლობით ენაცვლება. ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული ჩანაწერი, რომელშიც გამოცდილი მსმენელის ყური სამოციანი წლების ფსიქოდელიის ელემენტებსაც აღმოაჩენს, დრიმპოპსაც და ალტერნატიულ როკსაც, ცალკეულ მომენტებში ძალზე ეფექტურად ბალანსირებს დისონანსურობის ზღვარზე. ვოკალიც ძალზე საინტერესოდაა დამუშავებული და საერთო აკუსტიკურ ქსოვილში ჰარმონიულად ჯდება. მოკლედ, მშვენიერი კომპოზიციაა, რომელიც ადასტურებს, რომ 2018 წელს დაარსებული კოლექტივი სპეციფიკური, მკვეთრად ინდივიდუალური ხელწერის მქონე პროექტად ჩამოყალიბდა.

17. Killages - Oma

ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ კოლექტივმა Killages მიმდინარე წლის სექტემბერში საკმაოდ შთამბეჭდავი სადებიუტო სტუდიური ალბომი Original Brothers გამოუშვა, თუმცა ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ამ ნამუშევრის გამოსვლამდე ერთი თვით ადრე გავრცელებულმა კომპოზიციამ Oma მიიპყრო. ეს ტრეკი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ 2016 წელს ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბებული ჯგუფის ძირითად კოზირს მისი ფრონტმენის, გუგა მაჭარაშვილის შესრულების მანერა წარმოადგენს, რომელიც მსმენელის დაინტერესებასა და ჩათრევას ჩანაწერის პირველი წამებიდანვე ახერხებს. ატმოსფერული, მელოდიური ინსტრუმენტალიც ძალზე ეფექტურადაა დამუშავებული. ერთი სიტყვით, მუსიკოსების მორიგი ხარისხიანი და გემოვნებიანი ჩანაწერი, რომელიც ჩვენს სიაში ადგილს სრულიად დამსახურებულად იკავებს.

16. ლექსო რატიანი - ძილი

ლექსო რატიანმა ამ კომპოზიციით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ თანამედროვე ქართულ სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო და თვითმყოფადი მუსიკოსია. 17 წლის არტისტის მიერ თვითიზოლაციაში შექმნილი სიმღერა ისეთ მენტალურ მდგომარეობას აღწერს, რომელიც, დიდი ალბათობით, თითოეული მკითხველისთვის მეტ-ნაკლებად ნაცნობია. გასაგები მიზეზების გამო, 2020 წელს მინიმალისტური ინსტრუმენტიზაცია, დეპრესიული ლირიკა და ნიჰილისტური განწყობა ერთგვარ ტრენდადაც კი იქცა, რომელიც ათასობით ნამუშევარში აისახა და გარკვეულწილად გაიცვითა კიდეც. თუმცა, ამ ჩანაწერს ყველაფერი შეიძლება ვუწოდოთ ბანალურის გარდა, რაშიც მისი მოსმენისას თავადვე დარწმუნდებით.

15. Anushka Chkheidze - Lingotto

ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე არტისტის, ანუშკა ჩხეიძის მიერ 2020 წელს გამოცემულ სადებიუტო ალბომში Halfie განსაკუთრებულ ყურადღებას კომპოზიცია Lingotto იპყრობს. უჩვეული ატმოსფერო, მიკროპასაჟების მუდმივი მონაცვლეობა და ემბიენთური აკუსტიკური ნაკადი, რომლის მოსმენაც ყოველდღიურ სცენებსაც კი ცნობიერების ყველაზე ღრმა შრეებში ჩაკარგულ ჰალუცინაციებს ამსგავსებს. ჩანაწერში აშკარად იგრძნობა IDM-ისა და გლიჩის ჟანრების ისეთი ლეგენდარული წარმომადგენლების გავლენა, როგორებიც არიან Aphex Twin, Boards of Canada, Autechre და სხვები, თუმცა ის ამავდროულად არც ინდივიდუალური ხელწერის ნაკლებობას განიცდის. ერთი სიტყვით, შესანიშნავი ტრეკია, რომელიც ავტორის მომავალი ნამუშევრების მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ამძაფრებს.

14. KoKa - Pow!

ნორვეგიაში მცხოვრებმა კოკა ნიკოლაძემ თავისი პირველი ოპერა Vor dem Gesetz ("კანონის წინაშე") ფრანც კაფკას შთაგონებით ჯერ კიდევ 2012 წელს დაწერა. თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მოღვაწე ხელოვანი ნაწარმოებებს თავისივე ხელით აწყობილი ინსტრუმენტების საშუალებით ქმნის. ჩვენს სიაში შეტანილი კომპოზიცია Pow! კი მისი ბექგრაუნდის მქონე არტისტისთვის, ერთი შეხედვით, უჩვეულო მიმართულებას, ექსპერიმენტულ ჰიპ ჰოპს მიეკუთვნება და ტრაიბალური ატმოსფერო, ყოველდღიური ნივთების ხმების კრეატიული გამოყენება და აბსტრაქტული, ძალზე ქარიზმატული მანერით შესრულებული რეჩიტატივი გამოარჩევს. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ტრეკზე გადაღებული, ძალზე ეფექტური ვიდეორგოლი, რომელიც კონცეფციით მიშელ გონდრის მიერ შექმნილ კლიპებს მოგვაგონებს.

13. კოლექტივი - 1921 წლის 25 თებერვალს ჩვენ წავედით კოჯორში და უკან აღარ დავბრუნებულვართ

1921 წლის თებერვლის მიწურულს კოჯორ-ტაბახმელაში რუსეთის საოკუპაციო მე-11 არმიასთან ბრძოლაში ქართველ იუნკერებთან ერთად მოწყალების და, ეროვნულ გმირად შერაცხული მარო მაყაშვილიც დაიღუპა. ჯგუფ Bedford Falls-ის წევრების, მიხო კალანდარიშვილისა და სანდრო დიასამიძის მიერ შარშან დაარსებული პროექტის ეს კომპოზიცია სწორედ მათ ხსოვნას ეძღვნება. დიდი ხნის წინ მივეჩვიეთ, რომ მსგავს თემებზე ქართულ მუსიკაში უმეტესწილად უადგილო პათეტიკით სავსე ნამუშევრები იქმნება, თუმცა ეს მშვიდი, უპრეტენზიო, ინდი ფოლკის ჟანრში გადაწყვეტილი სიმღერა საუკუნის წინ მომხდარ ტრაგედიას გაცილებით ნათლად და მეტი გულწრფელობით წარმოაჩენს, ვიდრე ურაპატრიოტიზმით სავსე ნებისმიერი სხვა ჩანაწერი.

12. Melqo - Angels

დავით მანჩხაშვილი, იგივე მელქო სცენაზე სადებიუტო კომპოზიციით "Bloom/აყვავდი" 2018 წელს გამოჩნდა, თუმცა ჩვენი და არაერთი სხვა მსმენელის ყურადღების მიქცევა ამ მოკლე დროშიც მარტივად მოახერხა. 2020 წლის დასაწყისში არტისტმა პირველი სტუდიური ალბომი "ათასწლეული" გამოუშვა, მოგვიანებით კი რამდენიმე ახალი ტრეკიც გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი Angels-ზე შევაჩერეთ. კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციის პირობებში ჩაწერილი ნამუშევარი დაუნტემპოს, ჰიპნაგოგიური პოპისა და ჰიპ ჰოპის მელანქოლიური სინთეზია, რომელსაც ორიგინალური პროდაქშენი და შესრულების არანაკლებ ორიგინალური, თითქმის ჰიპერსომნიული მანერა გამოარჩევს. ვფიქრობთ, ზემოხსენებულ მიმდინარეობათა მოყვარულებს ეს კომპოზიცია აუცილებლად დაგაინტერესებთ.

11. MokuMoku - Lyre

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება MokuMoku თანამედროვე ქართული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეულად საინტერესო ხელწერის მქონე პროექტი რომ არის, 2012 წელს თბილისში დაარსებული ჯგუფის წევრებმა კომპოზიციით Lyre კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ემბიენთური ელექტრონიკისა და ჯაზის რიტმების ორგანულ სინთეზზე აგებულ, მრავალფეროვან ინსტრუმენტალში ყოველი მომდევნო ნაბიჯი მახვილგონივრულადაა გათვლილი, ვოკალიც საჭირო დროსა და ქრონომეტრაჟით შემოდის, საბოლოოდ კი ყველაფერი ერთ თვითმყოფად, დამაინტრიგებელ ესთეტიკურ ხაზს მიჰყვება. სასიამოვნოა, რომ ამ ტრეკის სახით კოლექტივის ისედაც შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ძალზე ეფექტური და დახვეწილი ჩანაწერი შეემატა.

10. Tamada - Cru

ჰაუსის, ფანკისა და ქალაქური სიმღერის სინთეზი ისეთი ექსპერიმენტია, რომელიც ან ძალზე ეფექტური შედეგით უნდა დასრულდეს, ან სრული კატასტროფით - მსგავსი ავანტიურები სხვაგვარად არასდროს მთავრდება. ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტის, ლაშა ჩხაპელიას ახალი პროექტის Tamada სადებიუტო სინგლი Cru, საბედნიეროდ, ზემოხსენებული შემთხვევებიდან პირველს მიეკუთვნება. კომპოზიციის მიმართ საწყის ინტერესს, რა თქმა უნდა, მისი არაორდინარული მიმართულება აჩენს, რომელსაც ავტორი "დიფ დუქანს" უწოდებს, თუმცა მოსმენიდან მცირე ხანშივე ნათელი ხდება, რომ ეს ტრეკი ჩვენს სიაში ადგილს მხოლოდ ორიგინალურობის ხარჯზე არ იკავებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ჩანაწერში გიტარის პარტიას კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველი მუსიკოსი, სტატიაში ზემოთ უკვე ნახსენები ლექსო რატიანი ასრულებს.

9. Gacha Bakradze - Inside

უკვე დიდი ხანია, რაც გაჩა ბაქრაძემ ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის სტატუსი დაიმკვიდრა და ქვეყნის გარეთაც არაერთი თაყვანისმცემელი გაიჩინა. 2020 წელს არტისტმა გერმანულ ლეიბლზე Die Orakel მინი ალბომი Western Arrogance გამოსცა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად არაჩვეულებრივი კომპოზიცია სახელწოდებით Inside შევარჩიეთ. ასეთ ჩანაწერების შემთხვევაში, ტერმინი "მონოტონური" ოდნავადაც არ წარმოადგენს სიტყვა "მოსაწყენის" სინონიმს, ცალკეული პასაჟების ხშირი გამეორება კი ის უმთავრესი ფაქტორია, რომელიც საერთო ემოციური სურათის ეკლექტურობას განაპირობებს. შეგიძლიათ, ამ მოსაზრების ჭეშმარიტება თავადვე გადაამოწმოთ, 14-წუთიანი კომპოზიცია მოსმენის პროცესში ერთფეროვნების განცდას წამითაც არ დაგიტოვებთ.

8. Bobby Kensei x Turbo_ია x Dilla - Shy Girl

Bobby Kensei-ის სახელით ცნობილმა რევაზ ხარჩილავამ წელს მსმენელებს რამდენიმე ახალი კომპოზიცია შესთავაზა, რომელთაგან საუკეთესო უდავოდ Shy Girl იყო. ამ ჩანაწერში მას პარტნიორობას კოლეგები, გიორგი კვეზერელი, იგივე turbo_ია და პოპულარული ჰიპ ჰოპ კოლექტივის, KayaKata-ს წევრი, ზურა ჯიშკარიანი, იგივე Dilla უწევენ. ძალზე საინტერესო ჟღერადობის მქონე კომპოზიციაში მამბლ რეპისა და თრეფის გავლენა იგრძნობა, თუმცა ამ ჟანრებში შექმნილი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ის მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლირიკით გამოირჩევა. რომანტიკულ, მსუბუქი მელანქოლიით გაჟღენთილ და ფსიქოდელიური შტრიხებით მდიდარ ტრეკში ხარისხის სწორედ ის თამასაა შენარჩუნებული, რომელსაც მის შექმნაში მონაწილე თითოეულმა არტისტმა დიდი ხნის წინ მიგვაჩვია.

7. HVL - Nat Mode

ელექტრონული მუსიკის ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ ჟანრის სათავეებთან უმეტესწილად ქალი პიონერები, დელია დერბიშირი, დაფნა ორამი, პოლინა ოლივეროსი და სხვები იდგნენ. საქართველოში ასეთი ფიგურა 1926 წელს დაბადებული ნათელა სვანიძე გახლდათ, რომელიც, მისივე თქმის არ იყოს, ზედმეტად ადრე მოვიდა ამქვეყნად - ავანგარდული ხედვის მქონე კომპოზიტორის ექსპერიმენტები სრულიად აცდენილი იყო საბჭოთა კულტურულ კონიუნქტურასთან, რის გამოც მისი ნამუშევრები თითქმის არასდროს სრულდებოდა. სვანიძეს შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას 1974 წელს შექმნილი "ქართული ლამენტაციები" იქცევს, რომელსაც თამამად შეგვიძლია, ქართული ელექტრონული მუსიკის პირველი ნიმუში ვუწოდოთ. 2020 წელს გამოცემული კომპილაციური ალბომი "ნათელა" სწორედ ამ ნაწარმოების თანამედროვე ინტერპრეტაციებითაა დაკომპლექტებული. მათ შორის, ჩვენი სიისთვის გიგი ჯიქიას, იგივე HVL-ის ტრეკი Nat Mode შევარჩიეთ იმ იმედით, რომ 2017 წელს გარდაცვლილი კომპოზიტორის მემკვიდრეობას მომავალში კიდევ უფრო დიდი პოპულარობა და დაფასება ერგება წილად.

6. Creams - RUN

შარშან Creams იმ ახალ სისხლად მოვიხსენიეთ, რომელიც ქართულ პოპულარულ მუსიკას დიდი ხანია, სჭირდებოდა. როგორც 2020 წელს აღმოჩნდა, ნათია ჭიჭინაძის შემოქმედება მხოლოდ მშობლიური სცენისთვის არაა აქტუალური - არტისტთან კონტრაქტი ბრიტანულმა ლეიბლმა AWAL გააფორმა, რომელსაც სხვადასხვა დროს არაერთ ლეგენდარულ შემსრულებელთან თუ ბენდთან უთანამშრომლია. ამ კოლაბორაციის პირველი შედეგი, სინგლი RUN ძალზე შთამბეჭდავი აღმოჩნდა - ჩამთრევი რიტმი, დახვეწილი ემბიენთური ტექსტურები, საინტერესო განვითარება, უჩვეულო ატმოსფერო და შესანიშნავი პროდაქშენი. მუსიკოსის ჩვეული ქარიზმა და გამომწვევობაც ადგილზეა. ისეთი კომპოზიციაა, ყოველი მოსმენის შემდეგ უფრო და უფრო რომ განდომებს თავიდან ჩართვას, ნათია კი განვითარებას და მასზე დამყარებული იმედების გამართლებას წარმატებით განაგრძობს.

5. Murman Tsuladze - La Flemme de Danser / მოდი, წავიცეკვოთ

La Femme-ს ქართველი მსმენელები, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ პოპულარული ფრანგული კოლექტივის ერთ-ერთი წევრი, ლუკას ნუნიეს რიტერი "მურმან წულაძის" სახელით ცნობილ პროექტში ამოჰყოფდა თავს და სახელად ზაურის დაირქმევდა. 2016 წელს ჩამოყალიბებულ ტრიოში ამ უკანასკნელთან ერთად პარიზელი ტექნო არტისტი, ვიქტორ გასკონი და რუსთაველი მუსიკოსი, მურმან წულაძე მოღვაწეობენ, რომელიც ბენდის ხელწერას უნიკალურ კოლორიტს მატებს. ჯგუფის შემოქმედებაში ძალზე ნათლად იგრძნობა იმ საეჭვო რეპუტაციის მქონე მუსიკის გავლენა, ჩვენში განსაკუთრებული პოპულარობით შავბნელ 1990-იანებში, ბაზრობებსა თუ სამარშრუტო ტაქსებში რომ სარგებლობდა. მათ ჩანაწერებში ეს ინსპირაცია სინთპოპისა თუ ჰაუსის ყალიბშია ჩამოსხმული და თითქოს დემნა გვასალიას მიერ მაღალი მოდის სამყაროში განხორციელებული პროვოკაციების მუსიკალურ ექვივალენტს ქმნის, რომელიც მთელი თავისი დიდებულებით კომპოზიციაში "მოდი წავიცეკვოთ" აისახება. საფრანგეთის დედაქალაქში, "ყვითელჟილეტიანების" აქციებზე გადაღებული კლიპიც სწორედ ისეთია, ამ არაორდინარული ესთეტიკის ნამუშევარს რომ შეეფერება.

4. KayaKata - Malina

ფსიქოდელიური ჰიპ ჰოპის ჟანრში შექმნილი ეს კომპოზიცია KayaKata-ს საფირმო ხელწერის მორიგი ეფექტური ნიმუშია. ამ შემოქმედებითი გაერთიანების სხვა ნამუშევრების მსგავსად, Malina-ს მოსმენის დროსაც რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ყველაფერი ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგადაა შექმნილი. თუმცა, აშკარად უფრო მართებული იქნება, თუ ამ დახასიათებაში "რღვევას" დეფრაგმენტაციით ჩავანაცვლებთ - ჩანაწერის ლირიკაში თითოეულ ფრაზას მოგონებების, განცდებისა და ხატების მთელი წყება ებმის, მათი მონაცვლეობა კი რეალობის სურათს ცალკეულ ნიშნებად შლის და თავიდან აწყობს, რის შედეგადაც მიღებულ ტილოზე გამოსახული, მჟავის ფერებში გადაწყვეტილი პალიტრა და დეკონსტრუირებული ფორმები ერთდროულად სიურრეალიზმსაც მიეკუთვნება და კუბიზმსაც. მოკლედ, ისეთი ტრეკია, რომლის სიტყვებით აღწერაც ბევრს არაფერს იძლევა, ამიტომაც, გირჩევთ, თავად მოუსმინოთ.

3. ერეკლე დეისაძე & Nimit_ta - ნამასა

ქართველი მწერლისა და მუსიკოსის, ერეკლე დეისაძისა და ჯგუფ "შარქათაქის" ყოფილი ფრონტმენის, ბექა კუნდალინის დუეტმა, რომლისგანაც არაერთი შესანიშნავი ჩანაწერი გვახსოვს, 2020 წელს მორიგი შთამბეჭდავი კომპოზიცია "ნამასა" გაავრცელა. ნამუშევრის ლირიკაში ერეკლეს ტრადიციული ხელწერა ძალზე ნათლად იგრძნობა. ვერ ვიტყვით, რომ გეტოების მგოსანი რაიმე ახალს ან განსაკუთრებულს გვთავაზობს, თუმცა ხარისხი კვლავინდებურად სახეზეა. აი, რაც შეეხება ბექას (რომელიც ამ შემთხვევაში Nimit_ta-ის ფსევდონიმით მოგვევლინა), ის აქ ახალ შემოქმედებით საფეხურზეა - მისი ინსტრუმენტალი ამ მელანქოლიურ, ელექტროპოპის სტილში გადაწყვეტილ ტრეკში მელანქოლიურ, თითქოს სიზმრისეულ ატმოსფეროს ქმნის და სიმღერას განუმეორებელ ესთეტიკას სძენს.

2. Bedford Falls - MACEDONIA

კორონავირუსის პანდემიამ და მისმა თანმხლებმა მოვლენებმა გამოძახილი უამრავი არტისტის შემოქმედებაში, მათ შორის ქართული ბენდის Bedford Falls ჩანაწერშიც MACEDONIA ჰპოვა. როდესაც ადამიანებს ოთხ კედელს შორის გამოკეტილ მდგომარეობაში თვეების გატარება უწევთ, სხვაგან ყოფნა ნელ-ნელა ოცნებად იქცევა, შორეული ადგილები კი წარმოსახვაში ზღაპრულ სამყაროს ემსგავსება. სწორედ ეს უჩვეულო, სევდიანი განწყობაა ასახული სიმღერაში, რომელიც 2020 წელს მსგავს თემაზე შექმნილი ასობით ტრეკიდან უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. ჯერჯერობით, მაკედონიისა არ იყოს, ის დღეც საკმაოდ შორსაა, როდესაც მოწოდება "დარჩი სახლში" მსოფლიოში ყველაზე აქტუალური აღარ იქნება, მანამდე კი ოპტიმიზმის შენარჩუნებაში ეს ძალზე ლამაზი კომპოზიცია ნამდვილად დაგეხმარებათ.

1. დავით დათუნაშვილი - 4 Real

დავით დათუნაშვილს მსმენელი ძირითადად ორი პროექტიდან, 2007 წელს ჩამოყალიბებული ინდი როკ ჯგუფიდან Landmark და ამავე ბენდის დრამერთან, გიგი ჯიქიასთან ერთად მოგვიანებით დაარსებული ელექტრონული დუეტიდან Okinawa Lifestyle იცნობს. 2020 წელს კი არტისტმა თავის სოლო დისკოგრაფიას ახალი ალბომი 6 Plus შემატა, რომლიდანაც ჩვენს სიაში შესატანად კომპოზიცია 4 Real შევარჩიეთ. დახვეწილი ინსტრუმენტალი, ლოუ ფაი პროდაქშენი და ნოსტალგიური ჟღერადობა - არაერთი ღირსებით გამორჩეულ ნამუშევარს განსაკუთრებულ ესთეტიკას შესრულების სპეციფიკური მანერა სძენს, რომელიც მის ფსიქოდელიურ, ინტიმურ ატმოსფეროში იდეალურად ჯდება. წლის საუკეთესო ქართულ კომპოზიციად სწორედ ამ ჩანაწერს ვასახელებთ და აუცილებლად გირჩევთ, ალბომში შესული სხვა ტრეკებიც მოისმინოთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული