Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომს.

10. Freddie Gibbs & The Alchemist - Alfredo

ინდიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ფრედი გიბსი და The Alchemist-ის ფსევდონიმით ცნობილი პროდიუსერი, დენიელ მამანი რომ შესანიშნავ დუეტს ქმნიან, ეს მათ 2018 წლის ალბომითაც Fetti დაგვიდასტურეს. მიმდინარე წელს კი მუსიკოსებმა საკუთარ მსმენელს კიდევ ერთი კოლაბორაციული პროექტი Alfredo შესთავაზეს, რომლის სახითაც ორივეს ისედაც ძალზე შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი არაჩვეულებრივი ჩანაწერი შეემატა. ნამუშევრის კონცეფცია განგსტერული დაჯგუფებებისა და კრიმინალური საქმიანობის გარშემოა აგებული, რაც, ფაქტობრივად, ყველა დეტალში იკითხება, დაწყებული ტექსტების შინაარსითა და ზოგადი ესთეტიკით, დამთავრებული ფრენსის ფორდ კოპოლას საკულტო სურათით "ნათლიმამა" შთაგონებული გარეკანით.

ცოტა ვინმეს თუ გამოსდის განგსტერული ცხოვრების წესის რომანტიზება ისეთი წარმატებით, როგორც ფრედი გიბსს. თავის ამ ნიჭს ის Alfredo-შიც სრული დატვირთვით იყენებს. რეპერის სპეციფიკური ფლოუ ძალზე უხდება ალბომის ჩამთრევ, ფსიქოდელიურ ჟღერადობას, სადაც უხვადაა წარმოდგენილი ალქემისთის ხელწერის საფირმო ნიშანი - ფორტეპიანოს მკვეთრ, მაღალი რეგისტრის ტონებზე აგებული მელოდიები. აქვე უნდა ვახსენოთ მოწვეული სტუმრების შთამბეჭდავი ჩამონათვალი, რომელშიც რიკ როსი, Tyler, the Creator და ნიუ იორკული გაერთიანების Griselda წევრები გვხვდებიან. ნათელია, რომ ფრედისა და დენიელის სახით თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთ გამორჩეულ დუეტთან გვაქვს საქმე, მათი ეს ნამუშევარი კი გრემის ნომინაციაზე (წლის რეპ ალბომის კატეგორიაში) სრულიად დამსახურებულადაა წარდგენილი.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

9. Benny the Butcher - Burden of Proof

ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის სცენის შარშანდელი აღმოჩენის, შემოქმედებითი გაერთიანება Griselda-ს წარმომადგენლებს მათზე გაცემული ავანსების გამართლება წელს გაცილებით ფართო აუდიტორიის წინაშე მოუწიათ. მათგან ამ საქმეს თავი ყველაზე კარგად Benny the Butcher-ის ფსევდონიმით ცნობილმა ჯერემი პენიკმა გაართვა, რასაც მთელი რიგი მიზეზების გამო, მსმენელები ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. თუმცა, ფაქტია, რომ ნიუ იორკული კოლექტივის სხვა წევრები მეინსტრიმთან კომპრომისზე წავიდნენ და ტრადიციული, ხისტი ჟღერადობა მეტ-ნაკლებად გააშალაშინეს, ბენიმ კი თავის ნამუშევარში საკუთარი ქარიზმა და სტილი თითქმის სრულყოფილად შეინარჩუნა. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ Griselda Records-ის მიერ გამოცემული ალბომებიდან 2020 წელს "ბილბორდის" ჩარტში ყველაზე მაღალ პოზიციას სწორედ Burden of Proof-მა მიაღწია.

ალბომის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი პროდიუსერმა ჩონსი ჰოლისმა, იგივე Hit-Boy-მ შეიტანა, რომელმაც თავისი საფირმო ხელწერა არტისტის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ჟღერადობას, ფაქტობრივად, იდეალურად მოარგო. რაც შეეხება რეპერს, ის აქ მოწოდების სიმაღლეზეა და ნამუშევრის ლირიკაში ჟანრის ლეგენდობასთან დაკავშირებით გამოთქმულ პრეტენზიას შთამბეჭდავი, ხატოვანი რეჩიტატივით ამყარებს. Burden of Proof მცირე ავტობიოგრაფიაა, სადაც ავტორს კრიმინალით სავსე, ღატაკი გეტოებიდან სიმდიდრისა და წარმატებისკენ გამოვლილი გზის აღსაწერად ორმოციოდე წუთიც სავსებით ჰყოფნის. ამ ჩანაწერმა ნათლად დაგვიდასტურა, რომ ბენი ჩარჩოებში მოქცევის ნაცვლად მრავალფეროვნებისა და ახალი გამოწვევებისკენ ისწრაფვის, ამ პროცესში კი თავისი ინდივიდუალიზმისა თუ ავთენტურობის დაკარგვას ოდნავადაც არ აპირებს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

8. MIKE - Weight of the World

MIKE-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერისა და პროდიუსერის, მაიკლ ბონიმას ბოლოსწინა სტუდიური ნამუშევრის Tears of Joy დეპრესიული ატმოსფერო დიდწილად დედის გარდაცვალებამ განაპირობა. ამ ტრაგიკული მოგონების გამოძახილი არტისტის წლევანდელი ალბომის უკიდურესად მინორულ ჟღერადობასა და ნიჰილიზმით აღსავსე ტექსტებშიც ნათლად აისახა. უაღრესად არაკონვენციური სტრუქტურისა და სპეციფიკური ესთეტიკის მქონე Weight of the World ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის ნამდვილი შედევრია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ბრუკლინელი ხელოვანი ჟანრის თანამედროვე ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და ნიჭიერი წარმომადგენელია.

ალბომის მკვეთრად ლოუ-ფაი ჟღერადობის წყალობით მისი მოსმენისას ისეთი ილუზია იქმნება, თითქოს არტისტს საკუთარ აუდიტორიასთან ცალმხრივი სატელეფონო დიალოგი აქვს გამართული, რომლის განმავლობაშიც ყველაზე პირადულ თემებს, მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ბავშვობის მოგონებებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობის დეტალებს ეხება. წინა ჩანაწერების მსგავსად, მაიკის ბუნდოვანი პოეზია აქაც ხშირად ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგად დაწერილ ტექსტებს წააგავს, თუმცა რეჩიტატივის კითხვის არაორდინარული მანერის წყალობით რეპერი ემოციურ სურათს ყველაზე აბსტრაქტულ მონაკვეთებშიც კი სრული სიცხადით წარმოაჩენს - იშვიათად თუ წააწყდებით მუსიკაში სამყაროს ეგზისტენციური სიმძიმის ასეთი საინტერესო ფორმით ასახვას.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

7. Knxwledge - 10​,​000 Proof

თანამედროვე შოუბიზნესში ნამდვილად ცოტაა ისეთი არტისტი, რომელსაც 32 წლის ასაკში ასზე მეტი ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათგან ერთ-ერთი Knxwledge-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ პროდიუსერი, გლენ ბუთი გახლავთ. კალიფორნიელმა მუსიკოსმა სახელი საკუთარ კოლეგებთან ხშირი კოლაბორაციითაც გაითქვა და სხვადასხვა დროს ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ქენდრიქ ლამარი, ერლ სვითშერთი, ჯოი ბედესი, როკ მარსიანო, ანდერსონ ფექი და სხვა. მიმდინარე წელი ბუთისთვის ტრადიციულად ძალზე პროდუქტიული აღმოჩნდა - მან თავის უზარმაზარ დისკოგრაფიას რამდენიმე სხვა ჩანაწერთან ერთად გამორჩეულად საინტერესო ალბომი 10​,​000 Proof შემატა.

ნამუშევარს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ პროდიუსერის, Madlib-ის ხავერდოვანი, მინიმალისტური ხელწერის გავლენა ეტყობა. ამ ინსპირაციის ფონზე კი ჰიუსტონური ჰიპ ჰოპ სცენის (განსაკუთრებით, ეპოქალური DJ Screw-ს) ტრადიციებით ნაკარნახევი, ხისტი მიქსინგი უაღრესად დამაინტრიგებელ კონტრასტს ქმნის. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალზე შთამბეჭდავი კოლაბორაცია ფილადელფიური ანდერგრაუნდის ცოცხალ ლეგენდასთან, Vodka-ს ფსევდონიმით ცნობილ ვეტერან რეპერთან, რომელიც ბუთს პარტნიორობას რამდენიმე ტრეკში უწევს. ეს უკანასკნელი რეჩიტატივის მანერით 90-იანების ნიუ იორკში მოღვაწე ტიტანებს მოგვაგონებს და ალბომის ისედაც ეფექტურ, მრავალფეროვან ჟღერადობას ჟანრის ოქროს ხანისთვის დამახასიათებელი შტრიხებით ამდიდრებს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

6. Royce Da 5’9” - The Allegory

Royce da 5'9"-ის ფსევდონიმით ცნობილ ჰიპ ჰოპ არტისტს, რაიან მონტგომერის ერთგული მსმენელები უმეტესწილად მისი ლირიკული ტალანტის წყალობით იცნობენ. თუმცა, ბოლოსწინა ალბომში Book of Ryan დეტროიტელმა ემსიმ პროდიუსერული ნიჭიც გამოავლინა, წლევანდელ ნამუშევარში The Allegory კი ამ საქმეს კიდევ უფრო აქტიურად და წარმატებით მოჰკიდა ხელი. რეპერის ოცდახუთწლიან კარიერაში ეს ყველაზე პოლიტიზებული ჩანაწერი გახლავთ, სადაც ავტორი სისტემური რასიზმის, პოლიციური ძალადობის, აფროამერიკული სოციუმის ~ პრობლემებისა და კრიმინოგენური სიტუაციის საკითხებს განსაკუთრებით ხშირად ეხება, მისი მიმართულება კი ტრადიციულად ჟანრის კლასიკურ ღირებულებებთან გაცილებით ახლოს დგას, ვიდრე თანამედროვე მეინსთრიმის ტენდენციებთან.

ალბომის ჟღერადობა ნათლად მიგვანიშნებს, რომ ვეტერანი არტისტი ნიუ იორკის ანდერგრაუნდის ახალგაზრდა წარმომადგენელთა შემოქმედებითაა მოხიბლული. ჩანაწერში შესულ რამდენიმე ტრეკში მონტგომერის სწორედ ამ სცენაზე შექმნილი გაერთიანების, Griselda-ს წევრები უწევენ პარტნიორობას. ინსტრუმენტალის გემოვნებიანი სელექციით, შესანიშნავი პროდაქშენითა და ლირიკული, შთამბეჭდავი რეჩიტატივით გამორჩეული The Allegory როისის საფირმო ხელწერის ძალზე ეფექტური ნიმუშია, რომელსაც თამამად შეგვიძლია მისი კარიერის ერთ-ერთი მწვერვალი ვუწოდოთ. აქ უახლეს ისტორიაში იშვიათობად ქცეულ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც გრემის ჯილდოზე (საუკეთესო რეპ ალბომის კატეგორიაში) წარდგენილი ნამუშევრის ღირსეული ნომინანტობა კითხვის ნიშნის ქვეშ ოდნავადაც არ დგას.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

5. Jay Electronica - A Written Testimony

2010 წელს ნიუ ორლეანელი რეპერისა და პროდიუსერის, ელპადარო ალაჰის ხელში ჩასაგდებად ლეიბლებს შორის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული, საიდანაც გამარჯვებული ჯეი ზის კუთვნილი Roc Nation გამოვიდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მსმენელები და კრიტიკოსები არტისტისგან მალევე სრულფასოვან ალბომს ელოდნენ, თუმცა მომდევნო ათი წლის განმავლობაში Jay Electronica-ს ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსის შემოქმედებითი აქტივობა რამდენიმე სინგლითა და კოლეგებთან თანამშრომლობის ცალკეული შემთხვევებით შემოიფარგლებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯეი სკანდალური რომანების, პილიგრიმული მოგზაურობებისა და მის სახელთან დაკავშირებული, რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი ჭორების წყალობით ჰიპ ჰოპის სამყაროში სანახევროდ მითიურ ფიგურად ჩამოყალიბდა, სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი A Written Testimony კი მხოლოდ წელს გამოსცა.

ალბომში შესული კომპოზიციების უდიდეს ნაწილში არტისტს პარტნიორობას ჯეი ზი უწევს, რომელიც თავის უმაღლეს კლასს მთელი ბრწყინვალებით ავლენს. თავად ელპადაროს ტექსტები კი უმეტესწილად რელიგიურ თემატიკაზეა აგებული, მუსიკოსი ხომ ღრმად მორწმუნე მუსლიმი და მოძრაობის “ისლამის ნაცია” წევრი გახლავთ. ყურანიდან აღებული ციტატები, შუმერული მითოლოგია, ძველი და ახალი აღთქმა, ბუდისტური ფილოსოფია, სუფიური მოძღვრება, რასტაფარიანიზმი, აფროკუბისტური სპირიტუალიზმი, ნაწყვეტები მუსლიმი სულიერი ლიდერების გამოსვლებიდან - ეს ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ მასში თავგზა ადრე თუ გვიან გამოცდილ თეოლოგსაც აერევა. ჩანაწერს განსაკუთრებით საინტერესოს სწორედ ზემოხსენებულ თემებსა და ალბომის ინსტრუმენტულ შემადგენელს შორის თანხვედრა ხდის - A Written Testimony-ის მორწმუნეობრივი ეგზალტაციითა და მისტიციზმთან ნარევი ფსიქოდელიით გაჯერებული, ფანტასტიკური ჟღერადობა მხოლოდ იმის თქმის საშუალებას გვიტოვებს, რომ ასეთი ნამუშევრის მოსასმენად ლოდინი ათი წლის განმავლობაშიც ღირდა.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

4. Future - High Off Life

Future-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნეივედიუს უილბერნის მერვე სტუდიურმა ალბომმა მისი თაყვანისმცემლების იმედები ნამდვილად გაამართლა. ნამუშევრის მინიმალისტური, ფსიქოდელიური ტექსტურები და ინსტრუმენტალის სელექცია რეპერის სტაჟიან მსმენელებს, დიდი ალბათობით, მისი შემოქმედების ოქროს ხანას, 2013-15 წლების მონაკვეთს გაახსენებთ. თავად ატლანტელი ვარსკვლავი კი აქ სავსებით სხვა საფეხურზე იმყოფება და მძიმე, ჩამთრევი თრეფ ბითების ფონზე თავის უნიკალურ ქარიზმას სრულყოფილად ავლენს. High off Life კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფუფუნებით სავსე, ეპატაჟური ცხოვრების წესის საკუთარ შემოქმედებაში ასახვაში უილბერნს თითქმის ვერავინ შეედრება.

სპეციფიკური ატმოსფეროს შექმნა და მთელი ნამუშევრის განმავლობაში შენარჩუნება ატლანტელ არტისტს ტრადიციულად ძალზე ეფექტურად გამოსდის. High off Life სექსით, ნარკოტიკებითა და ჰიპ ჰოპით სავსე, გლამურული საღამოს ერთი ხანგრძლივი საუნდტრეკია, რომელიც ჰედონიზმითა და მელანქოლიით თანაბრადაა გაჯერებული. უილბერნი საკუთარ წვეულებებზე არც VIP სტუმრების ნაკლებობას განიცდის - ალბომში შესულ კომპოზიციებში არტისტს პარტნიორობას ტრევის სკოტი, დრეიქი, მიქ მილი და სხვა არაერთი გამოჩენილი კოლეგა უწევს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩანაწერის სახით Future-ის შემოქმედებაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევართან მაინც გვაქვს საქმე.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

3. Action Bronson - Only for Dolphins

Action Bronson-ის ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, არიან არსლანი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მეინსთრიმზე გათვლილი პროდუქტის შექმნას ჯიუტად ცდილობდა, თუმცა ბოლო წლებში ალბანური წარმოშობის რეპერი ნელ-ნელა თავის ანდერგრაუნდ ფესვებს მიუბრუნდა, უმთავრეს პრიორიტეტად კი ჩარტებში ლიდერობის ნაცვლად კვლავ მუსიკალური ღირებულება დაისახა. სწორედ ამ მიდგომის შედეგია ბრონსონის წლევანდელი ალბომი Only for Dolphins, რომელიც, დიდი ალბათობით, მის შემოქმედებაში ყველაზე გამართული და დახვეწილი პროექტი გახლავთ. ნამუშევრის ზოგადი მიმართულება არსლანისა და პროდიუსერ დენიელ მამანის, იგივე The Alchemist-ის შარშანდელ ერთობლივ ჩანაწერს Lamb Over Rice მოგვაგონებს, თუმცა ქრონომეტრაჟითა და ეკლექტურობით ამ უკანასკნელს საგრძნობლად აღემატება.

ალბომში გამოყენებული სემპლები ისეთი დამაინტრიგებელი წყაროებიდანაა ნასესხები, როგორებიცაა თურქული ფსიქოდელიური ფოლკი, ფრანგული ვინტაჟური კინომუსიკა, ბელარუსული ჯაზ როკი და სხვა. ნამუშევარს პროდიუსინგი The Alchemist-თან ერთად ჯგუფის Cypress Hill წევრმა, ლეგენდარულმა DJ Muggs-მაც გაუწია, თუმცა მათ ფონზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Harry Fraud-იც, რომლის დამსახურება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. რაც შეეხება ლირიკას, რეპერის აბსტრაქტული რეჩიტატივი კვლავ მისივე ექსცენტრიკული, თითქოს ფილმიდან "დიდი ლებოვსკი" გადმოსული პერსონაჟის ანარეკლია და უდარდელობით, ოპტიმიზმითა თუ იუმორით თანაბრადაა გაზავებული. Only for Dolphins წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ჩანაწერია და ნათლად გვანახებს, რომ მისი ავტორი თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ანდერგრაუნდის სივრცეში გრძნობს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

2. Pink Siifu & Fly Anakin - FlySiifu’s

Fly Anakin-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ფრენკ უოლტონისა და ლივინგსთონ მეთიუზის, იგივე Pink Siifu-ს ერთობლივი პროექტი FlySiifu's ძალზე ორიგინალურ იდეას ეფუძნება. ალბომი მუსიკალური ფირფიტების მაღაზიაში გატარებულ ერთ წარმოსახვით დღეს ასახავს, რომლის განმავლობაშიც დაწესებულებაში მომუშავე რეპერებს სატელეფონო გზავნილებში კლიენტების მიერ მომსახურების ხარისხთან, შეკვეთების დაგვიანებასთან თუ შენობაში არსებულ მარიხუანის სუნთან დაკავშირებით გამოთქმული პრეტენზიების მოსმენა უწევთ. ეს კონცეფცია ჩანაწერის გარეკანსაც ეტყობა, სადაც ფონზე ბილი ჰოლიდეის, აალიას, Madvillain-ის (ამ საკულტო დუეტის წევრი, ოტის ჯექსონი, იგივე Madlib ალბომში შესული ერთ-ერთი ტრეკის Time Up პროდიუსერადაც მოგვევლინა) და სხვა გამოჩენილ მუსიკოსთა ნამუშევრების ყდებია აღბეჭდილი.

ალბომის ჯაზის, სოულისა და ფანკის ელემენტებით გაჯერებული, ფსიქოდელიური ჟღერადობა აშკარად მედლიბისა და ეპოქალური ჯეიმს იენსის, იგივე J Dilla-ს ლოუ-ფაი ესთეტიკითაა შთაგონებული (ერთ-ერთი სატელეფონო ზარისას მომხმარებელი სწორედ მის სადებიუტო ალბომს Welcome 2 Detroit მოითხოვს). ნამუშევრის მიქსინგში წინა პლანზე სწორედ ინსტრუმენტალია წამოწეული, რომლის ფონზეც რეპერების შთამბეჭდავი, კონტრასტული რეჩიტატივი ერთგვარ კინემატოგრაფიულ ეფექტს ქმნის და ჩანაწერში აღწერილ ლოკაციას, პერსონაჟებსა თუ დიალოგებს ჩვენს თვალწინ აცოცხლებს. FlySiifu's ჰიპ ჰოპ კულტურის ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტს, მუსიკალური მემკვიდრეობის კვლევისა და ახალი ფორმებით გაცოცხლების პრაქტიკას ეხმაურება, მისი გაცნობა კი, პირველ რიგში, ჟანრის ისეთი მსმენელებისთვისაა რეკომენდებული, რომლებსაც ამ ყველაფრის ხიბლი და ღირებულება ესმით.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

1. Roc Marciano - Mt. Marci

რაკიმ ხალიფ მეიერი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და თავისზე გაცილებით პოპულარული კოლეგებისთვის შთაგონების წყაროც გახლავთ. Roc Marciano-ს ფსევდონიმით ცნობილი არტისტი ჟანრის ახალ ესთეტიკასა თუ ტენდენციებს მარტოდმარტო ქმნის, ხვეწს და ავრცელებს. ნიუ იორკელმა რეპერმა დამოუკიდებლად შეძლო ბუმ ბეფისა და გენგსთა რეპის ქვემიმდინარეობის, მაფიოზო რეპის ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლა, მისი გავლენა კი ჩარტების ნაცვლად სრულიად სხვა სივრცეში აისახება და გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედაპირული დაკვირვების შედეგად შეიძლება მოგვეჩვენოს.

როკ მარსიანო ისეთი ხელოვანია, რომლის ხედვასაც ფართო აუდიტორია მის სიცოცხლეში, შეიძლება, ვერც დაეწიოს. ამას თავად მუსიკოსიც მშვენივრად აცნობიერებს, თუმცა იმასაც გრძნობს, რამდენ კოლეგას ავსებს ინსპირაციით და ეს ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას მატებს. სწორედ ამ განწყობის შედეგია წლევანდელი ალბომი Mt. Marci, რომელიც მის შემოქმედებაში ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია.

აშკარაა, რომ ალბომი 1990-იანი წლების ჰიპ ჰოპ სცენის ტენდენციებზეა დაფუძნებული, თუმცა მეიერი მზა რეცეპტების ბრმად გამეორების ნაცვლად, მათი ახალი ინგრედიენტებით გამდიდრებას ცდილობს. მარსიანოს რეჩიტატივის მოსმენისას თითქმის წარმოუდგენელია, მისი მოსალოდნელი განვითარება გამოიცნო - არანაირი თექვსმეტი ტაქტი თუ ბანალური ვერსი-მისამღერი-ბრიჯი-ვერსი ფორმულა. ტექსტის სტრუქტურა კი იმდენად თავისუფალია, რომ გარკვეულ მომენტებში ვერლიბრს უფრო წააგავს, ვიდრე რითმის სტანდარტულ ფორმებს. უაღრესად მრავალფეროვანი და ექსპერიმენტულია ჩანაწერის ინსტრუმენტული სელექციაც, რომელიც ჯაზის, სოულისა თუ კამერული მუსიკის ძალზე ეფექტურად დამუშავებულ ელემენტებს მოიცავს. პროდაქშენი კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, საკამათოა, ავტორი უფრო ნიჭიერი რეპერია თუ პროდიუსერი. თუმცა, იმის თქმა კი თამამად შეიძლება, რომ ამ პროექტის სახით 2020 წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომთან გვაქვს საქმე.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

კომენტარები

ბოლოს დამატებული