Thumbnail

popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 30 საუკეთესო ალბომს.

30. Dua Lipa - Future Nostalgia

ალბანური წარმოშობის ბრიტანელი შემსრულებლის მეორე სტუდიური ალბომი საკმაოდ საინტერესო კონცეფციას ეფუძნება. პოპვარსკვლავის ჩანაფიქრით, ნამუშევრის მიმართულება იმ მუსიკით უნდა ყოფილიყო შთაგონებული, რომელიც მის მეხსიერებაში ადრეულ ბავშვობაში რადიოს, ტელევიზიისა თუ მშობლების კუთვნილი ფირფიტების წყალობით ღრმად აღიბეჭდა, ამავდროულად კი, ეს ინსპირაცია ჩანაწერში მაქსიმალურად თანამედროვე ფორმას მიიღებდა. ამ ხედვის გამოძახილი უკიდურესად ეკლექტური ხასიათის მქონე Future Nostalgia-ში ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა, დაწყებული ინსტრუმენტალითა და ლირიკით, დამთავრებული გარეკანითა და ვიდეორგოლების ვიზუალური ესთეტიკით.

ალბომის სახელწოდება მის ჟღერადობას იდეალურად შეეფერება. მძაფრი ნოსტალგია აქ გასული საუკუნის მეორე ნახევრის თითქმის ყველა დეკადის მიმართ იგრძნობა.1950-იანების ჯაზ პოპის გავლენასთან ერთად, მასში 60-იანების სფეის როკიც გვხვდება, 70-იანების ფანკიც და 90-იანების ალტერნატიული სცენის გავლენაც. განსაკუთრებით ხშირად კი ჩანაწერში თანამედროვეობაში ასე მოდურ, 1980-იანი წლების სინთპოპისა და დისკოს გადამუშავებულ ელემენტებს ვაწყდებით. თუმცა, უნაკლო პროდაქშენისა და ბრწყინვალე სონგრაითინგის გამოისობით, Future Nostalgia ინსპირაციის ამ ვინტაჟური წყაროების ფონზეც კი მკვეთრად ფუტურისტულ განწყობას ინარჩუნებს. მისი მოსმენა კი ნათელს ხდის, რომ დუა ლიპამ საკუთარი ჩანაფიქრი სრულყოფილად განახორციელა.

მოუსმინეთ YouTube-ზე

29. Jahari Massamba Unit - Pardon My French

Madlib-ის ფსევდონიმით ცნობილი პროდიუსერისა და მულტიინსტრუმენტალისტის, ოტის ჯექსონის წლევანდელი ნამუშევარი გვიდასტურებს, რომ მისი ხელწერა დროის სვლასთან ერთად უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება. ეპოქალურმა არტისტმა დეტროიტელ რეპერთან და დრამერთან, ქარიმ რიგინსთან ერთად პროექტი Jahari Massamba Unit ჯერ კიდევ გასულ დეკადაში ჩამოაყალიბა, თუმცა მათი თანამშრომლობა აქამდე მხოლოდ რამდენიმე კომპოზიციით თუ შემოიფარგლებოდა. ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Pardon My French კი იმ მრავალწლიანი პროცესის ბუნებრივი გაგრძელებაა, რომლის ფარგლებშიც ჰიპ ჰოპ სამყაროს ცოცხალი ლეგენდა ჯაზ მუსიკის ახალი სივრცეების პოვნასა და გამოკვლევას ცდილობს.

როგორც ყოველთვის, აქაც ჯექსონი ორიგინალური მუსიკალური იდეების ნაკლებობას არ განიცდის, მათი განხორციელებაში კი რიგინსი გამოჩენილ კოლეგას პარტნიორობას უნაკლოდ უწევს. არასტანდარტული რიტმების, აფროცენტრისტული სპირიტუალიზმით ნაკარნახევი, ჰიპნოტური ჟღერადობისა და ემბიენთ ჩანართების ხარჯზე ჩანაწერი მსმენელის თვალწინ უაღრესად მომხიბლავ, ფსიქოდელიური პალიტრით შექმნილ აკუსტიკურ აბსტრაქციას ქმნის. პროდაქშენის ხარისხზე კი საუბარი იქ, სადაც Madlib-ის სახელი ფიგურირებს, ალბათ, უხერხულიცაა. Pardon My French მიმდინარე წლის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო ჯაზ ალბომი გახლავთ, რომელთან გაცნობაც სხვა მიმდინარეობების მოყვარულთათვისაცაა რეკომენდებული.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

28. Lil Baby - My Turn

დომინიკ ჯონსის, იგივე Lil Baby-ის შემოქმედების პირველად მოსმენისას, შესაძლოა, ზედაპირული შთაბეჭდილება დაგრჩეთ, რომ საქმე მორიგ არაფრით გამორჩეულ მამბლ რეპერთან გაქვთ, თუმცა, თუ მის ნამუშევრებს მეტ ყურადღებას დაუთმობთ, ნელ-ნელა ხელთ საკმაოდ ძლიერი ლირიკოსი შეგრჩებათ. ატლანტელი არტისტის მეორე სტუდიური ალბომის ჟღერადობა მშობლიური ქალაქის ჰოპ ჰოპ სცენისთვის კარგად ნაცნობ, მძიმე თრეფ ბითებს ემყარება, ტექსტებში კი ავტორი ნიუ სქულის წარმომადგენელი არაერთი კოლეგისგან განსხვავებით ფონს გასვლას ოთხი ღერი ფრაზის გადაბმის ხარჯზე არ ცდილობს. ამის სანაცვლოდ, კომერციული თვალსაზრისით 2020 წლის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჩანაწერში ჯონსი შთამბეჭდავ ფლოუს, ორაზროვან მეტაფორებსა და სიტყვებით ოსტატურ თამაშს გვთავაზობს.

ამ ალბომის გამოსვლის შემდეგ, ამერიკულ Billboard Hot 100-ის ჩარტში რეპერის დისკოგრაფიიდან სხვადასხვა დროს მოხვედრილი კომპოზიციების საერთო რაოდენობა 47-მდე გაიზარდა (მათგან თორმეტი სწორედ My Turn-ში შესული ტრეკები გახლავთ), რის ხარჯზეც ჯონსმა ორი ეპოქალური მუსიკოსის, პოლ მაკკარტნისა და პრინსის რეკორდი გაიმეორა. Lil Baby-ის შემოქმედების მიმართ ასეთი მძაფრი ინტერესის საფუძველი გასაგები სწორედ ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ხდება, რომელიც თანამედროვე ჰიპ ჰოპ სამყაროს ყველაზე მეინსთრიმულ ტენდენციებზეა აგებული, ამავდროულად კი არც მასში დეფიციტად ქცეულ ღირებულებებს, ლირიკულ ტალანტსა და მრავალფეროვან რეჩიტატივს მოისაკლისებს. აშკარაა, რომ აქ საქმე ერთ-ერთ ყველაზე დამაინტრიგებელ, გამორჩეულად თვითმყოფადი ხელწერის მქონე არტისტთან გვაქვს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

27. Ka - Descendants of Cain

Ka-ს ფსევდონიმით ცნობილი კასიმ რაიანი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე არაორდინარული და საინტერესო პერსონაჟია. ბრუკლინელი რეპერის, პროდიუსერისა და შეთავსებით ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის თანამშრომლის ტექსტები მისი გარემომცველი ყოველდღიურობითა და ანტიკური ფილოსოფიით თანაბრადაა შთაგონებული, ფლოუ და ინსტრუმენტალები კი უაღრესად ინდივიდუალურ ხელწერას ქმნის. რაიანის შემოქმედების კიდევ ერთი თავისებურება ალბომების ურთიერთგანსხვავებულ, უჩვეულო კონცეფციებზე დაფუძნების ტრადიცია გახლავთ. არტისტის ნამუშევრებიდან ზოგიერთი სამურაის ღირსების კოდექსითაა ინსპირირებული, ზოგიც ძველბერძნული მითოსის გმირის, ორფეუსის მოგზაურობის ამბითა და სხვა. ამ მხრივ გამონაკლისი არც მისი წლევანდელი, ეგზოტიკური მუსიკალური წყაროებიდან ნასესხები სემპლებითა და ჩახლართული რითმებით აგებული ჩანაწერი Descendants of Cain აღმოჩნდა.

ალბომის კონცეფცია ძველი აღქმის პირველ კანონიკურ წიგნს, "დაბადებას" ეფუძნება. შესაბამისად, მასში არაერთი ბიბლიური პერსონაჟისა თუ ისტორიის შესახებ მინიშნებებს ვაწყდებით, რომლებიც ნამუშევრის ლირიკაში რეპერის პერსონალურ გამოცდილებასთან თუ აფროამერიკული სოციუმის ყოფის მძიმე ასპექტებთან მიმართებით მეტაფორის ფუნქციას ასრულებენ. გეტოში მომხდარი თითოეული მკვლელობა აქ კაენის ცოდვით დაწყებული ციკლის გაგრძელებაა, პოლიციური სისტემის ძალადობა კი იერუსალიმში გაბატონებული რომაელების ქმედებებთანაა გაიგივებული. ტექსტში ბიბლიური ციტატებისა და ნიუ იორკული სლენგის მონაცვლეობის, რაიანის მონოტონური ფლოუსა და ბრწყინვალე პროდაქშენის წყალობით კი ამ ყველაფრისგან ერთ მასშტაბურ, დეპრესიული ტონებით სავსე სურათს ვიღებთ. Descendants of Cain ძალზე შთამბეჭდავი, უნიკალურ კონცეფციაზე აგებული ნამუშევარია, რომლის მოსმენაც ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის თითოეული მოყვარულისთვისაა რეკომენდირებული.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

26. The Necks - Three

ავსტრალიური ტრიო The Necks ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროექტია თანამედროვე ექსპერიმენტული მუსიკის სცენაზე. სიდნეიში 1987 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის მიერ თავისუფალი იმპროვიზაციის პრინციპით ჩაწერილი, ხანგრძლივი კომპოზიციები (ზოგიერთი მათგანის ქრონომეტრაჟი ერთ საათს აჭარბებს) ენით აღუწერელ ემოციურ ლანდშაფტებს ქმნიან, მათი სტრუქტურა კი ერთდროულად ხაზგასმით მინიმალისტურიცაა და უაღრესად კომპლექსურიც. ავანგარდით, ჯაზით, პოსტ როკით, კრაუტროკითა და ემბიენთით შთაგონებული ნამუშევრების გულდასმით მოსმენა გასაგებს ხდის, თუ რატომ იმსახურებენ ეს მუსიკოსები კრიტიკოსებისგან, კოლეგებისგან თუ თაყვანისმცემლებისგან მუდმივ აღფრთოვანებას.

ბენდის წლევანდელი ალბომი, მათი ნამუშევრების დიდი ნაწილისგან განსხვავებით, ერთი უწყვეტი კომპოზიციის ნაცვლად სამი ტრეკითაა დაკომპლექტებული, რომელთაგან თითოეულს სპეციფიკური ატმოსფერო გამოარჩევს. შამანური ენერგიით დამუხტული Bloom თითქოს წარმართული რიტუალის ექოა. ემბიენთის ტექსტურებზე აგებული Lovelock ზებუნებრივ, ბნელ განწყობას ატარებს. რიტმული, შედარებით კონვენციური და ულამაზესი Further კი ალბათ, ახალბედა მსმენელისთვის ყველაზე ოპტიმალური გზაა იმ მაგიურ სამყაროში შესაბიჯებლად, რომელსაც The Necks-ის დისკოგრაფია წარმოადგენს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ Three-ის სახით ავსტრალიური ჯგუფის უკვე ძალზე შთამბეჭდავ დისკოგრაფიას მორიგი ბრწყინვალე ჩანაწერი შეემატა.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

25. MIKE - Weight of the World

MIKE-ის ფსევდონიმით ცნობილი რეპერისა და პროდიუსერის, მაიკლ ბონიმას ბოლოსწინა სტუდიური ნამუშევრის Tears of Joy დეპრესიული ატმოსფერო დიდწილად დედის გარდაცვალებამ განაპირობა. ამ ტრაგიკული მოგონების გამოძახილი არტისტის წლევანდელი ალბომის უკიდურესად მინორულ ჟღერადობასა და ნიჰილიზმით აღსავსე ტექსტებშიც ნათლად აისახა. უაღრესად არაკონვენციური სტრუქტურისა და სპეციფიკური ესთეტიკის მქონე Weight of the World ექსპერიმენტული ჰიპ ჰოპის ნამდვილი შედევრია, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ბრუკლინელი ხელოვანი ჟანრის თანამედროვე ანდერგრაუნდის ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი და ნიჭიერი წარმომადგენელია.

ალბომის მკვეთრად ლოუ-ფაი ჟღერადობის წყალობით მისი მოსმენისას ისეთი ილუზია იქმნება, თითქოს არტისტს საკუთარ აუდიტორიასთან ცალმხრივი სატელეფონო დიალოგი აქვს გამართული, რომლის განმავლობაშიც ყველაზე პირადულ თემებს, მშობლის დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, ბავშვობის მოგონებებსა თუ მეგობრებთან ურთიერთობის დეტალებს ეხება. წინა ჩანაწერების მსგავსად, მაიკის ბუნდოვანი პოეზია აქაც ხშირად ცნობიერების ნაკადის რღვევის შედეგად დაწერილ ტექსტებს წააგავს, თუმცა რეჩიტატივის კითხვის არაორდინარული მანერის წყალობით რეპერი ემოციურ სურათს ყველაზე აბსტრაქტულ მონაკვეთებშიც კი სრული სიცხადით წარმოაჩენს - იშვიათად თუ წააწყდებით მუსიკაში სამყაროს ეგზისტენციური სიმძიმის ასეთი საინტერესო ფორმით ასახვას.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

24. Taylor Swift - folklore

ტეილორ სვიფტის რეპუტაციის მქონე არტისტისგან folklore-ის მსგავსი ჩანაწერის გამოცემას არავინ ელოდა. ამერიკელი შემსრულებლის სტილთან ასოცირებული თინეიჯერული დრამა და იაფფასიანი სენტიმენტალურობა ამ ალბომში ესთეტიკურმა რომანტიზმმა, ღრმა ნოსტალგიამ და ესკაპიზმმა ჩაანაცვლა, კამერული პოპისა თუ ინდი ფოლკის ელემენტებით გამდიდრებული ჟღერადობა კი გაცილებით დახვეწილი და ელეგანტური გახდა. შემოქმედებითი მიმართულების მოულოდნელ ცვლილებას ხაზს განსაკუთრებით ნათლად ის პერსონაჟები და თემები უსვამენ, რომელთა გარშემოც ნამუშევრის ლირიკული ფაბულაა აგებული - მოჩვენება, რომელიც თავისივე დასაფლავებაზე დამსწრეებს შორის საკუთარ მკვლელს აწყდება, მშობლიური ქალაქისგან მოძულებული ხანდაზმული ქვრივი ქალი, სამი განსხვავებული პერსპექტივიდან დანახული, წარმოსახვითი სასიყვარულო სამკუთხედი და სხვა. პოპ ვარსკვლავიდან ეულ პოეტად გარდაქმნის გამოძახილი გარეკანზეც იგრძნობა, სადაც ტრადიციული კალეიდოსკოპური სიჭრელის ნაცვლად შავ-თეთრ პალიტრას ვაწყდებით, მუსიკოსის სილუეტი კი ნისლიანი ტყის ბუნდოვანებაში იკარგება.

სვიფტმა წამყვანი პროდიუსერების დუეტი იდეალურად შეარჩია - ჯგუფის fun. წევრისა და კოლეგების მიერ გამოცემული ათობით ჰიტის თანაავტორის, ჯეკ ანტონოფის დახმარებით ჩანაწერმა თანამედროვე მეინსთრიმისთვის ჩვეული მახასიათებლები შეინარჩუნა, როკ ბენდის The National გიტარისტის, აარონ დესნერის წყალობით კი, მას სპეციფიკური ინდი ესთეტიკაც გამოარჩევს. სწორედ ამითაა გამოწვეული, რომ ნამუშევარში არტისტის შემოქმედებისთვის ტრადიციულ ელემენტებს, სინთეზატორებსა და წინასწარ დაპროგრამირებულ დრამ ბითებს კვლავ ვაწყდებით, მაგრამ საცეკვაო რიტმების შემოტანის ნაცვლად, აქ ისინი სრულიად ახალ ფუნქციას იძენენ და საერთო ჟღერადობაში უკანა პლანზე გადაწევის ხარჯზე თითქმის უხილავ, დამაინტრიგებელ აკუსტიკურ ტექსტურას ქმნიან. ერთი სიტყვით, ძალზე რაფინირებულ, გემოვნებიან და პასტორალური ატმოსფეროთი აღსავსე ჩანაწერთან გვაქვს საქმე. რთულად სათქმელია, როგორ განვითარდება ამერიკელი სუპერვარსკვლავის სტილი სამომავლოდ, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ folklore მისი დისკოგრაფიის ფლაგმანი და 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი გახლავთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

23. Jay Electronica - A Written Testimony

2010 წელს ნიუ ორლეანელი რეპერისა და პროდიუსერის, ელპადარო ალაჰის ხელში ჩასაგდებად ლეიბლებს შორის ნამდვილი ომი იყო გაჩაღებული, საიდანაც გამარჯვებული ჯეი ზის კუთვნილი Roc Nation გამოვიდა. კონტრაქტის გაფორმების შემდეგ მსმენელები და კრიტიკოსები არტისტისგან მალევე სრულფასოვან ალბომს ელოდნენ, თუმცა მომდევნო ათი წლის განმავლობაში Jay Electronica-ს ფსევდონიმით ცნობილი მუსიკოსის შემოქმედებითი აქტივობა რამდენიმე სინგლითა და კოლეგებთან თანამშრომლობის ცალკეული შემთხვევებით შემოიფარგლებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში ჯეი სკანდალური რომანების, პილიგრიმული მოგზაურობებისა და მის სახელთან დაკავშირებული, რეალობასთან მეტ-ნაკლებად ახლოს მდგომი ჭორების წყალობით ჰიპ ჰოპის სამყაროში სანახევროდ მითიურ ფიგურად ჩამოყალიბდა, სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი A Written Testimony კი მხოლოდ წელს გამოსცა.

ალბომში შესული კომპოზიციების უდიდეს ნაწილში არტისტს პარტნიორობას ჯეი ზი უწევს, რომელიც თავის უმაღლეს კლასს მთელი ბრწყინვალებით ავლენს. თავად ელპადაროს ტექსტები კი უმეტესწილად რელიგიურ თემატიკაზეა აგებული, მუსიკოსი ხომ ღრმად მორწმუნე მუსლიმი და მოძრაობის “ისლამის ნაცია” წევრი გახლავთ. ყურანიდან აღებული ციტატები, შუმერული მითოლოგია, ძველი და ახალი აღთქმა, ბუდისტური ფილოსოფია, სუფიური მოძღვრება, რასტაფარიანიზმი, აფროკუბისტური სპირიტუალიზმი, ნაწყვეტები მუსლიმი სულიერი ლიდერების გამოსვლებიდან - ეს ჩამონათვალი იმდენად დიდია, რომ მასში თავგზა ადრე თუ გვიან გამოცდილ თეოლოგსაც აერევა. ჩანაწერს განსაკუთრებით საინტერესოს სწორედ ზემოხსენებულ თემებსა და ალბომის ინსტრუმენტულ შემადგენელს შორის თანხვედრა ხდის - A Written Testimony-ის მორწმუნეობრივი ეგზალტაციითა და მისტიციზმთან ნარევი ფსიქოდელიით გაჯერებული, ფანტასტიკური ჟღერადობა მხოლოდ იმის თქმის საშუალებას გვიტოვებს, რომ ასეთი ნამუშევრის მოსასმენად ლოდინი ათი წლის განმავლობაშიც ღირდა.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

22. Deftones - Ohms

კალიფორნიულ კოლექტივს კარიერის საწყის ეტაპზე კრიტიკოსების ნაწილი საკმაოდ პრიმიტიულად მიუდგა და მათ მორიგი ნიუ მეტალ პროექტის იარლიყი მიაწებეს. Deftones-ის ჟღერადობას ამ მიმართულებასთან საერთო მართლაც ბევრი რამ გააჩნდა, თუმცა შუგეიზით, პოსტ პანკით, ელექტრონიკით, პოსტ ჰარდკორითა და ტრიპ ჰოპით შთაგონებული, ეკლექტური სტილის კონკრეტული ქვეჟანრის ჩარჩოებში მოქცევა სრული აბსურდი იყო. ბენდის წევრები საკუთარი შემოქმედების ასეთ კლასიკიფიკაციას თავიდანვე გაურბოდნენ და მუდამ ახალი მუსიკალური ტერიტორიების ათვისებას ცდილობდნენ, რის შედეგადაც სამყაროს მეტალის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ალბომები მოევლინა, ჯგუფის ხელწერამ კი რამდენჯერმე საგრძნობი ცვლილება განიცადა

წლევანდელ ალბომში ჯგუფის წევრებისათვის ინსპირაციის უმთავრეს წყაროდ თავისივე დისკოგრაფია იქცა. Ohms ბენდის მუსიკალური ევოლუციის სხვადასხვა ეტაპიდან ნასესხები ელემენტების გაერთიანებით მიღებულ აკუსტიკურ მოზაიკას წააგავს, თუმცა ამ სტილისტურ მრავალფეროვნებაში Deftones-ის მარად ცვალებადი, რთულად დასახასიათებელი ხელწერის განუყრელი ნიშანი, ემოციური დუალიზმი სრულფასოვნადაა შენარჩუნებული. დახვეწილი, წყნარი პასაჟებისა და ადრენალინით სავსე რიფების მონაცვლეობის ხარჯზე ბრუტალურობის განცდას სენტიმენტალურობა საოცარი ორგანულობით ერწყმის, მათი სინთეზი კი იმ უნიკალურ ატმოსფეროს ბადებს, რომელიც ჯგუფის თაყვანისმცემლებმა ოდესღაც "მელანქოლიურ აგრესიად" მონათლეს. აშკარაა, რომ ეპოქალური კოლექტივი ხარისხის ჩვეული თამასის დაგდებას არც ოცდათორმეტწლიანი მოღვაწეობის შემდეგ აპირებს.

მოუსმინეთ YouTube-ზე

21. Knxwledge - 10​,​000 Proof

თანამედროვე შოუბიზნესში ნამდვილად ცოტაა ისეთი არტისტი, რომელსაც 32 წლის ასაკში ასზე მეტი ნამუშევარი აქვს გამოცემული. მათგან ერთ-ერთი Knxwledge-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ პროდიუსერი, გლენ ბუთი გახლავთ. კალიფორნიელმა მუსიკოსმა სახელი საკუთარ კოლეგებთან ხშირი კოლაბორაციითაც გაითქვა და სხვადასხვა დროს ისეთ რეპერებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ქენდრიქ ლამარი, ერლ სვითშერთი, ჯოი ბედესი, როკ მარსიანო, ანდერსონ ფექი და სხვა. მიმდინარე წელი ბუთისთვის ტრადიციულად ძალზე პროდუქტიული აღმოჩნდა - მან თავის უზარმაზარ დისკოგრაფიას რამდენიმე სხვა ჩანაწერთან ერთად გამორჩეულად საინტერესო ალბომი 10​,​000 Proof შემატა.

ნამუშევარს ლეგენდარული ჰიპ ჰოპ პროდიუსერის, Madlib-ის ხავერდოვანი, მინიმალისტური ხელწერის გავლენა ეტყობა. ამ ინსპირაციის ფონზე კი ჰიუსტონური ჰიპ ჰოპ სცენის (განსაკუთრებით, ეპოქალური DJ Screw-ს) ტრადიციებით ნაკარნახევი, ხისტი მიქსინგი უაღრესად დამაინტრიგებელ კონტრასტს ქმნის. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ძალზე შთამბეჭდავი კოლაბორაცია ფილადელფიური ანდერგრაუნდის ცოცხალ ლეგენდასთან, Vodka-ს ფსევდონიმით ცნობილ ვეტერან რეპერთან, რომელიც ბუთს პარტნიორობას რამდენიმე ტრეკში უწევს. ეს უკანასკნელი რეჩიტატივის მანერით 90-იანების ნიუ იორკში მოღვაწე ტიტანებს მოგვაგონებს და ალბომის ისედაც ეფექტურ, მრავალფეროვან ჟღერადობას ჟანრის ოქროს ხანისთვის დამახასიათებელი შტრიხებით ამდიდრებს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

20. Charli XCX – How I'm Feeling Now

ჩარლი დიდი ხანია იმ გზაგასაყარზე დგას, საიდანაც შეიძლება ერთნაირი წარმატებით აღმოჩნდეს, როგორც მეინსტრიმ მუსიკის მწვერვალზე, ასევე დავიწყების მორევში. თუმცა, ეს ალბომი არტისტს ადგილზე ტოვებს და მისი მომავალის შესახებ არაფერს გვეუბნება. სამაგიეროდ ბევრ რამეს ვიგებთ თვითიზოლაციის დღეებზე, რომლებიც მან თავისი ახალი ჩანაწერის შთაგონების წყაროდ აქცია.

How I'm Feeling Now იმის კლასიკური მაგალითია, თუ რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმა იმ ვითარებაში, რომელშიც კორონავირუსის პანდემიამ ჩაგვაყენა. ტეილორ სვიფტისა და თუნდაც ფიონა ეფლისგან განსხვავებით, რომლებმაც უკვე კარგად ნაცნობ აკუსტიკურ ტერიტორიაზე წელს კიდევ ერთხელ გაგვასეირნეს, ჩარლიმ თავის ფანებთან ზუმის ყოველდღიური სესიები წამოიწყო და სწორედ მათ საფუძველზე შექმნა ალბომი, რომელიც, როგორც არტისტის, ასევე მისი მსმენელის საკარანტინო განწყობას იდეალურად გამოხატავს.

A.G. Cook-ის, 100 Gecs-ის დილან ბრედისა და ბიჯეი ბარტონის დახმარებით ჩაწერილი How I'm Feeling Now, ერთი მხრივ, ერთ ოთახში ყოფნით გამოწვეულ კლაუსტროფობიულ განცდებს ეხმაურება, მეორეს მხრივ კი, ადგილს ტოვებს ოპტიმიზმისთვის, რომანტიზმისა და წვეულებისთვისაც კი (თუნდაც ეს წვეულება ერთი ადამიანისგან შედგებოდეს). Charli XCX-ის ალბომი იმის საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს არტისტი ისეთ რეალობაში, რომლისთვისაც მზად არასდროს ყოფილა. ეს არის ჩანაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე მსმენელის თვალწინ იქმნებოდა, მაგრამ საბოლოო ვერსიაში მაინც უამრავი სიურპრიზი აღმოვაჩინეთ. ჩარლიც ხომ სწორედ ამიტომ გვიყვარს.

მოუსმინეთ YouTube-ზე

19. Future - High off Life

Future-ის ფსევდონიმით ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნეივედიუს უილბერნის მერვე სტუდიურმა ალბომმა მისი თაყვანისმცემლების იმედები ნამდვილად გაამართლა. ნამუშევრის მინიმალისტური, ფსიქოდელიური ტექსტურები და ინსტრუმენტალის სელექცია რეპერის სტაჟიან მსმენელებს, დიდი ალბათობით, მისი შემოქმედების ოქროს ხანას, 2013-15 წლების მონაკვეთს გაახსენებთ. თავად ატლანტელი ვარსკვლავი კი აქ სავსებით სხვა საფეხურზე იმყოფება და მძიმე, ჩამთრევი თრეფ ბითების ფონზე თავის უნიკალურ ქარიზმას სრულყოფილად ავლენს. High off Life კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ფუფუნებით სავსე, ეპატაჟური ცხოვრების წესის საკუთარ შემოქმედებაში ასახვაში უილბერნს თითქმის ვერავინ შეედრება.

სპეციფიკური ატმოსფეროს შექმნა და მთელი ნამუშევრის განმავლობაში შენარჩუნება ატლანტელ არტისტს ტრადიციულად ძალზე ეფექტურად გამოსდის. High off Life სექსით, ნარკოტიკებითა და ჰიპ ჰოპით სავსე, გლამურული საღამოს ერთი ხანგრძლივი საუნდტრეკია, რომელიც ჰედონიზმითა და მელანქოლიით თანაბრადაა გაჯერებული. უილბერნი საკუთარ წვეულებებზე არც VIP სტუმრების ნაკლებობას განიცდის - ალბომში შესულ კომპოზიციებში არტისტს პარტნიორობას ტრევის სკოტი, დრეიქი, მიქ მილი და სხვა არაერთი გამოჩენილი კოლეგა უწევს. მოკლედ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ ჩანაწერის სახით Future-ის შემოქმედებაში საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევართან მაინც გვაქვს საქმე.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

18. Dinner Party - Dinner Party

2020 წელს ჩამოყალიბებული პროექტის შემადგენლობაში თანამედროვე ჯაზის სამ გამორჩეულად პოპულარულ ფიგურასთან - კამასი ვაშინგტონთან, რობერტ გლასპერთან და ტერეს მარტინთან ერთად, ეპოქალური ჰიპ ჰოპ პროდიუსერი, პატრიკ დოთიტიც, იგივე 9th Wonder გვხვდება. ამ მრავლისმთქმელი სახელებიდან გამომდინარე მსმენელთა უმეტესობა მასშტაბურ და კომპლექსურ ნამუშევარს ელოდა, თუმცა მუსიკოსებმა, რომლებსაც ერთმანეთთან მრავალწლიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებთ, სავსებით სხვა მიმართულება აირჩიეს და აუდიტორიას ხანმოკლე ქრონომეტრაჟის, ატმოსფერული ესთეტიკის მქონე ნამუშევარი შესთავაზეს.

ჯგუფის წევრების თქმით, მათი ალბომი, ერთი მხრივ, საპროტესტოა, მეორე მხრივ კი - არა. მართლაც, ლირიკაში თვალსაჩინოა იმ მძიმე მოვლენების გამოძახილი, რომლებიც მიმდინარე წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში განვითარდა, თუმცა მისი ხავერდოვანი ჟღერადობა მსმენელს პანდემიის, პოლიტიკური კრიზისისა თუ საყოველთაო დაძაბულობის ფონზე რელაქსაციისა და განტვირთვისკენ უბიძგებს. აქვე აუცილებლად გირჩევთ, ნამუშევრის რემიქს ვერსიასაც Dinner Party: Dessert გაეცნოთ, სადაც ბენდს ჯაზის, ჰიპ ჰოპისა თუ სოულის ვეტერანი და ახალგაზრდა წარმომადგენლები (მათ შორის, ჰერბი ჰენკოკი, სნუპ დოგი, ქორდეი და სხვები) უწევენ პარტნიორობას.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

17. Kelly Lee Owens – Inner Song

ეს არის ალბომი, რომელიც სწორედ ახლა გვჭირდებოდა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში არსებული ქაოტური მდგომარეობის გამო, ელექტრონული მუსიკა კლუბებისა და ფესტივალების გარეშე დარჩა. მათმა დახურვამ არა მხოლოდ ინდუსტრია შეცვალა, არამედ ეგზისტენციური კითხვებიც გააჩინა - თუ არ არსებობს კლუბი, რისთვის გვჭირდება საკლუბო მუსიკა? წელს ამ კითხვას ყველაზე სწორი, ხმამაღალი და დამაჯერებელი პასუხი კელი ლი ოუენსმა გასცა.

Inner Song წარმატებით ახერხებს, იყოს საოცრად ინტროსპექტული და ამავდროულად საკლუბო სივრცეებისთვის ადაპტირებული. აქ ვხვდებით ყველაფერს, რაც ელექტრონულ ალბომს შთამბეჭდავ მოგზაურობად აქცევს - რეპეტიტიულ დრამ სექციებს, სინთეზატორების მსუყე დოზას, ბევრ სონიკურ ექსპერიმენტს და, რაც მთავარია, ავტორს.

კელი ლი ოუენსმა შეძლო, დრამ მანქანებისა და სინთეზატორების სამყაროში გზა თავისი ვოკალით გაეკვალა და თანაც ისე, რომ არსად წაბორძიკებულა. Radiohead-ით დაწყებული და Boards of Canada-თი დამთავრებული, Inner Song-ში მუსიკის ისტორიის არაერთ საინტერესო არტეფაქტს წააწყდებით, მაგრამ უელსელი არტისტის ხელში ისინი არა მხოლოდ კარგად ინახება, არამედ ახალ, უაღრესად საინტერესო სიცოცხლეს იძენს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

16. Gorillaz - Song Machine, Season One

2010 წლიდან მოყოლებული პლანეტის ყველაზე პოპულარული ანიმაციური ბენდის ახალი ჩანაწერები კრიტიკოსებისა თუ მსმენელების დიდ ნაწილში იმედგაცრუებას იწვევდა. საბედნიეროდ, ჯგუფის წლევანდელი ალბომი პრეტენზიების გამოსათქმელად ძალზე მცირე ადგილს თუ ტოვებს. Song Machine: Season One შესანიშნავი, დახვეწილი და ჩამთრევი ნამუშევარია, რომლის მეშვეობითაც ვირტუალურმა კვარტეტმა ძველი დიდება ტრიუმფალურად დაიბრუნა. ჩანაწერის სტანდარტულ ვერსიაში შესული კომპოზიციები 30 იანვრიდან 5 ნოემბრის ჩათვლით პერიოდულად, ცალკეული ეპიზოდების სახით ქვეყნდებოდა. პროექტის ეს ორიგინალური, წელიწადის ოთხივე სეზონზე გათვლილი კონცეფცია Gorillaz-ის შემოქმედების სახასიათო თავისებურებასთან, მკვეთრ სტილისტურ მრავალფეროვნებასთან იდეალურ თანხვედრაში აღმოჩნდა.

ბენდმა ნაცად ტრადიციებს არც ამ ნამუშევარში უღალატა. ალბომის კრედიტებში მოწვეული სტუმრების მრავლისმთქმელი სახელებით სავსე ჩამონათვალს ვაწყდებით, სადაც პოსტ პანკის ლეგენდებსაც აღმოაჩენთ, თანამედროვე ჰიპ ჰოპის წარმომადგენლებსაც, ალტერნატიული სცენის ვარსკვლავებსაც და სოულისა თუ ეთნიკური მუსიკის ჟანრებში მოღვაწე არტისტებსაც. ამ მხრივ განსაკუთრებულ აღნიშვნას ეპოქალური ბრიტანელი შემსრულებელი, ელტონ ჯონი და მასთან თანამშრომლობით შექმნილი ბალადა The Pink Phantom იმსახურებს. კვლავინდებურად მრავალფეროვანია ჯგუფის მუსიკალური მიმართულებაც, რომელიც სინთპოპის, არენბის, რეპის, ტრიპ ჰოპისა და ელექტრონიკის ელემენტებს მოიცავს. ერთი სიტყვით, ნამუშევარი ჩვენს სიაში ადგილს ძალზე ღირსეულად იკავებს, მასთან გაცნობას კი აუცილებლად გირჩევთ.

მოუსმინეთ YouTube-ზე

15. Run the Jewels - RTJ4

როგორც ჩანს, დაარსებიდან შვიდი წლის შემდეგ ბრუკლინური დუეტის წევრები არც ხარისხის თამასის დაწევას აპირებენ და არც ალბომებისთვის სახელწოდებების შერჩევისას ზედმეტ თავის მტვრევას. ჯეიმი მელინის, იგივე EL-P-ისა და Killer Mike-ის ფსევდონიმით ცნობილი მაიკლ რენდერის მიერ ჩამოყალიბებული პროექტის მეოთხე სტუდიური ჩანაწერი მათთვის ჩვეული ექსცენტრიკულობის, ირონიისა თუ უხამსი იუმორის დეფიციტს აშკარად არ უჩივის. ამავდროულად, მისი სახით Run the Jewels-ის დისკოგრაფიაში ყველაზე პოლიტიზებულ ნამუშევართან გვაქვს საქმე, რომელშიც მუსიკოსები რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის, სისტემური ძალმომრეობისა თუ სოციალური უთანასწორობის თემებს განსაკუთრებით ხშირად და დაუფარავად ეხებიან.

მიმდინარე წლის ივნისში გამოცემული ალბომის პათოსი ზუსტ თანხვედრაში აღმოჩნდა იმ საპროტესტო მუხტთან, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გამართულ, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქციების ტალღას ახლდა. ჩანაწერზე საუბრისას აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მოწვეული სტუმრების დამსახურებაც, რომელთა ჩამონათვალში ისეთი არტისტები გვხვდებიან, როგორებიცაა ფარელ უილიამსი, ჯოშ ჰომი, ზაკ დე ლა როჩა, მევის სტეპლსი, დიჯეი პრემიერი და თუ ჩეინზი. შთამბეჭდავი ინსტრუმენტალითა და ტექსტებით სავსე ნამუშევარი Run the Jewels-ის საფირმო ხელწერის მორიგი, ძალზე ეფექტური ნიმუშია, მისი მოსმენა კი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ საქმე თანამედროვე ჰიპ ჰოპის ყველაზე ქარიზმატულ დუეტთან გვაქვს.

მოუსმინეთ YouTube-ზე

14. Rina Sawayama - SAWAYAMA

იაპონური წარმოშობის ბრიტანელი შემსრულებლის, რინა სავაიამას სადებიუტო სტუდიური ალბომი 2020 წლის ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი პოპ ნამუშევარი აღმოჩნდა. SAWAYAMA-ს არაორდინარულობას პირველ რიგში მისი ჟღერადობა განაპირობებს, სადაც დენს პოპისა და არენბის ფონზე ნიუ მეტალისა და ალტერნატივის ელემენტებსაც ვაწყდებით. ეს უჩვეულო სინთეზი იმ ჩანაწერებითაა შთაგონებული, რომლებიც არტისტის მოზარდობის წლებში გლობალურ ჩარტებს ლიდერობდნენ, დაწყებული ბრიტნი სპირსისა და მერაია ქერის სენტიმენტალური, საცეკვაო ჰიტებით, დამთავრებული კოლექტივების Korn და Deftones მძიმე, ადრენალინით სავსე კომპოზიციებით. აქვე აღსანიშნავია ბრწყინვალე პროდაქშენიც, რომელზეც Clarence Clarity-ის ფსევდონიმით ცნობილმა ადამ ქრისფმა იზრუნა.

ზემოთ ნახსენები ეკლექტურობა ნამუშევრის ლირიკაშიც იგრძნობა. რინას ტექსტები მეინსთრიმული პოპისთვის ტრადიციული თემატიკის, რომანტიკული განცდებისა თუ თინეიჯერული დრამის ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა ამავდროულად, იქ თანამედროვე სოციუმში გამეფებული კონსუმერიზმის, იაპონიასთან ასოცირებული კულტურული სტერეოტიპებისა თუ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული საკითხების უაღრესად საინტერესო, ირონიით სავსე დეკონსტრუქციაც გვხვდება და გვახსენდება, რომ რინამ მუსიკალური და სამოდელო კარიერის პარალელურად, პოლიტიკურ მეცნიერებათა განხრით კემბრიჯის უნივერსიტეტის დამთავრებაც მოასწრო. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია, სავაიამას სახით პოპ დივის ფენომენის ევოლუციის სრულიად ახალ საფეხურთან გვქონდეს საქმე.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

13. The Strokes - The New Abnormal

1998 წელს ნიუ იორკში ჩამოყალიბებულ კოლექტივს თავიდანვე ეტყობოდა დიდი პოტენციალი, რის გამოც მუსიკოსებთან კონტრაქტის გასაფორმებლად ლეიბლებს შორის ნამდვილი ომი გაჩაღდა. ჯგუფის მიერ 2001 წელს გამოცემულმა სადებიუტო ალბომმა Is This It უდიდესი წარმატება მოიპოვა. მედიამ და მსმენელებმაც არ დაახანეს და ახალგაზრდა არტისტებს მხრებზე "როკის მხსნელების" ტვირთი აჰკიდეს. The Strokes-ის მიმართ კრიტიკოსები მუდამ განსაკუთრებით პრეტენზიულები იყვნენ. ბენდის ჟღერადობას ზოგი ზედმეტად დახვეწილად თვლიდა, ზოგიც ზედმეტად პრიმიტიულად, ნაწილი ინოვაციებს მოითხოვდა, ნაწილიც როკ-ენ-როლის კლასიკური ფორმულადმი ერთგულებას. სწორედ ეს ტოქსიკური დამოკიდებულება იქცა მათი რეგრესის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, რის შედეგადაც ყოველი მომდევნო ნამუშევარი წინასთან შედარებით სუსტად გამოიყურებოდა. თუმცა, წლევანდელ ალბომში The New Abnormal, რომლის პროდიუსერადაც ლეგენდარული რიკ რუბინი მოგვევლინა, ჯგუფის წევრები მხოლოდ საკუთარ ხედვას ეყრდნობიან, რაზეც ჩანაწერის გამხსნელი კომპოზიციის ტექსტში ჩადებული ალუზიებიც მიგვანიშნებს.

მუსიკოსებს არც ველოსიპედის თავიდან გამოგონება უცდიათ და არც როკ მუსიკისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. სანაცვლოდ კი სწორედ ისეთი, უპრეტენზიო და გულწრფელი ალბომი ჩაწერეს, როგორიც თავად სურდათ. არც იმაზე უდარდიათ, დასწამებდა თუ არა ვინმე ბანალურობას. შედეგიც სახეზეა, თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, The New Abnormal პირველი შემთხვევაა, როდესაც The Strokes-ის ახალი ჩანაწერი წინას სჯობია. ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთი წამყვანი როკ ბენდის ღირსეული დაბრუნებაა, რომელსაც ერთგული მსმენელები დიდი ხნის განმავლობაში ელოდნენ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

12. Action Bronson - Only for Dolphins

Action Bronson-ის ფსევდონიმით ცნობილი ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, არიან არსლანი კარიერის გარკვეულ ეტაპზე მეინსთრიმზე გათვლილი პროდუქტის შექმნას ჯიუტად ცდილობდა, თუმცა ბოლო წლებში ალბანური წარმოშობის რეპერი ნელ-ნელა თავის ანდერგრაუნდ ფესვებს მიუბრუნდა, უმთავრეს პრიორიტეტად კი ჩარტებში ლიდერობის ნაცვლად კვლავ მუსიკალური ღირებულება დაისახა. სწორედ ამ მიდგომის შედეგია ბრონსონის წლევანდელი ალბომი Only for Dolphins, რომელიც, დიდი ალბათობით, მის შემოქმედებაში ყველაზე გამართული და დახვეწილი პროექტი გახლავთ. ნამუშევრის ზოგადი მიმართულება არსლანისა და პროდიუსერ დენიელ მამანის, იგივე The Alchemist-ის შარშანდელ ერთობლივ ჩანაწერს Lamb Over Rice მოგვაგონებს, თუმცა ქრონომეტრაჟითა და ეკლექტურობით ამ უკანასკნელს საგრძნობლად აღემატება.

ალბომში გამოყენებული სემპლები ისეთი დამაინტრიგებელი წყაროებიდანაა ნასესხები, როგორებიცაა თურქული ფსიქოდელიური ფოლკი, ფრანგული ვინტაჟური კინომუსიკა, ბელარუსული ჯაზ როკი და სხვა. ნამუშევარს პროდიუსინგი The Alchemist-თან ერთად ჯგუფის Cypress Hill წევრმა, ლეგენდარულმა DJ Muggs-მაც გაუწია, თუმცა მათ ფონზე აუცილებლად უნდა ვახსენოთ Harry Fraud-იც, რომლის დამსახურება ხშირად შეუმჩნეველი რჩება. რაც შეეხება ლირიკას, რეპერის აბსტრაქტული რეჩიტატივი კვლავ მისივე ექსცენტრიკული, თითქოს ფილმიდან "დიდი ლებოვსკი" გადმოსული პერსონაჟის ანარეკლია და უდარდელობით, ოპტიმიზმითა თუ იუმორით თანაბრადაა გაზავებული. Only for Dolphins წლის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ ჰოპ ჩანაწერია და ნათლად გვანახებს, რომ მისი ავტორი თავს ყველაზე კომფორტულად სწორედ ანდერგრაუნდის სივრცეში გრძნობს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

11. Nicolas Jaar - Telas

მუსიკის ისტორიიდან უთვალავი ისეთი შემთხვევა გვახსოვს, როდესაც ახალბედა, ორიგინალური ხელწერით გამორჩეული არტისტი ყოველი მომდევნო ნამუშევრით მეინსტრიმულ ტენდენციებზე მორგებას ცდილობდა, ნიკოლას ჯაარი კი იმ უმცირესობას მიეკუთვნება, რომელთა შემოქმედებაც საპირისპირო მიმართულებით განვითარდა. წარმოშობით ჩილელმა ხელოვანმა მოღვაწეობა გემოვნებიანი, რიტმული საკლუბო მუსიკის შექმნით დაიწყო, რის შემდეგაც მისი ხელწერა უფრო და უფრო არაკონვენციური ხდებოდა. სწორედ ამ ევოლუციიის შედეგია მისი წლევანდელი ალბომები 2017 - 2019 (პროექტით Against All Logic), Cenizas და Telas. ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ, რომელშიც ავტორის ექსპერიმენტული ხედვა განსაკუთრებით მძაფრადაა ასახული.

ფრანგი ფილოსოფოსი, როლან ბარტი წერდა, რომ მუსიკაზე საუბრისას ადამიანები ყველაზე ხშირად მეტყველების უღარიბეს კატეგორიას, ზედსართავ სახელს იყენებენ. ეს მოსაზრება, ალბათ, არსად იძენს ისეთ აქტუალობას, როგორც Telas-ის მსგავს, ემბიენთ ჟღერადობის მქონე ჩანაწერებზე საუბრისას, სადაც მოწესრიგებული მუსიკალური სტრუქტურის დეფიციტი, ლირიკის არარსებობა და აკუსტიკური ქაოსი სივრცეს მხოლოდ უფერული ეპითეტებისთვის ტოვებს. მისტიკური, აბსტრაქტული, რიტუალისტური, ფსიქოდელიური, მელანქოლიური - ეს სიტყვები მხოლოდ ამ ნამუშევრის მოსმენით აღძრულ, ცალსახად სუბიექტურ განცდებს თუ მიესადაგება, თავად ალბომი კი თავისი ჭეშმარიტი არსით ბგერით ნაშენები მიკროსამყაროა, რომელშიც მოგზაურობის რეკომენდაციასაც ყველა მელომანს ვუწევთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

10. Fiona Apple - Fetch the Bolt Cutters

შორეულ 1997 წელს ახალგაზრდა მუსიკოსმა, ფიონა ეფლ მაკეფი-მეგართმა MTV-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ახალბედა არტისტის ჯილდო დაიმსახურა. პრიზის მისაღებად სცენაზე ასულმა ფიონამ სტანდარტული სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის ნაცვლად, მაყურებლებს პირდაპირ ეთერში გამოუცხადა, ის სამყარო, რასაც ახლა ეკრანზე ხედავთ, სრული ნაგავია და თქვენი ცხოვრება ჩვენი, პოპულარული ადამიანების აზრებისა თუ შეხედულებების მიხედვით არ უნდა წარმართოთო.

ფიონას მიერ რვაწლიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოცემული ალბომი სწორედ იმ ფაქტს უსვამს ხაზს, რომ ბევრისგან განსხვავებით, ამერიკელი შემსრულებელი სიხისტესა და პირდაპირობას ათწლეულების შემდეგაც ინარჩუნებს. თავისუფალი არანჟირებითა და უცნაური ჟღერადობით გამოირჩეული ამ ჩანაწერის რომელიმე ერთ ჟანრში მოქცევა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით მიღებული ხმები, კომპოზიციების არასტანდარტული სტრუქტურა, ქაოტური რიტმები, იმპროვიზებული პასაჟები და უჩვეულო ვოკალური მანიპულაციები - Fetch the Bolt Cutters ერთი ხანგრძლივი, რადიკალური ექსპერიმენტია, რომლის შედეგადაც რაღაც სასწაულით სრულფასოვანი პოპ ჩანაწერი მივიღეთ.

ალბომში მე-20 საუკუნის ფუტურისტული მიმდინარეობების, კონკრეტული მუსიკისა და ფლუქსუსის გავლენა იგრძნობა, რომელთა ელემენტების მეინსთრიმში ინტეგრირება უკიდურესად ამბიციური გადაწყვეტილებაა. თუმცა, ამ ნამუშევრის მთავარი ღირსება რეალურად ისაა, რომ მთელი ეს პოპ სიმფონია ეფლის მხრიდან მხოლოდ საკუთარი ემოციების გულწრფელად გამოხატვის საშუალებაა და არა ორიგინალურობის ჩვენების სურვილი. ჩანაწერის კიდევ ერთი საინტერესო დეტალი მისი ატმოსფეროს თანამედროვე მსოფლიოში არსებულ რეალობასთან თანხვედრაა. ავეჯის გადაადგილების, ძაღლის ყეფის, საყოფაცხოვრებო ნივთების კაკუნისა თუ კედლებზე დარტყმისას მიღებული ხმები მას ეფლის სახლისა და პირადი სივრცის ერთგვარ მუსიკალურ ანარეკლად წარმოაჩენს. იმის გათვალისწინებით, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინის გამო, ადამიანების დიდი ნაწილი, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება, გასაგები ხდება, რატომაც იმოქმედა ამ ნამუშევარმა მსმენელთა განცდებზე ასე მძაფრად.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

9. The Avalanches - We Will Always Love You

ავსტრალიური კოლექტივის მიერ 2000 წელს გამოშვებულმა სადებიუტო ალბომმა Since I Left You, რომელიც თითქმის მთლიანად სხვა არტისტების ჩანაწერებიდან ნასესხები სემპლების გადამუშავებით იყო შექმნილი, თავის დროზე კრიტიკოსთა თუ მსმენელთა საყოველთაო აღფრთოვანება დაიმსახურა და პროექტს პოპულარობასთან ერთად საკულტო სტატუსიც მოუპოვა. ამ თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, ბენდის მომდევნო, არანაკლებ შთამბეჭდავმა ნამუშევარმა Wildflower დღის სინათლე მხოლოდ 2016 წელს იხილა. მესამე ჩანაწერის შემთხვევაში კი ჯგუფის წევრებმა ერთგული თაყვანისმცემლები დიდხანს აღარ ალოდინეს და We Will Always Love You მიმდინარე დეკადის მიწურულს, არცთუ ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ გამოსცეს. ტრადიციულად, ეს ალბომიც Plunderphonics-ის სახელით ცნობილ პრაქტიკას ეყრდნობა და მისი დიდი ნაწილი ფოლკიდან, სოულიდან, ჯაზიდან, როკიდან თუ სხვა ჟანრებიდან აღებულ ათობით სემპლზეა აგებული. პარტნიორობას კი მუსიკოსებს არაერთი გამოჩენილი კოლეგა უწევს, რომელთა სახელების სრულად ჩამოთვლაც ძალზე შორს წაგვიყვანს.

აშკარაა, რომ ბენდის წევრებს ჩანაწერის კონცეფცია იმ მეთოდებმა შთააგონეს, რომლებიც მათი საფირმო ხელწერის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. არტისტებს სემპლინგის გზით წლების წინ გარდაცვლილ მუსიკოსების კომპოზიციებისთვის ახალი სიცოცხლე არაერთხელ შთაუბერავთ, რასაც თავად სულების გამოძახების პროცესს ადარებდნენ, We Will Always Love You-ში კი სიკვდილის, მარადისობისა და არამიწიერი ცხოვრების შესახებ დასმულ შეკითხვებზე პასუხს ხან კომპოზიტორ ფერენც ლისტის აჩრდილთან წარმოსახვით კონტაქტში ეძებენ, ხანაც კოსმოსურ უსასრულობაში.

შემთხვევითი არაა, რომ ნამუშევარი გარდაცვლილი უცნობი ქალის მიერ ახლობელი ადამიანისთვის დატოვებული გამოსათხოვარი წერილით იხსნება და "არესიბოს გზავნილის" (კაცობრიობის შესახებ ზოგადი ინფორმაციის შემცველი რადიოსიგნალი, რომელიც დედამიწიდან ჰერკულესის თანავარსკვლავედის მიმართულებით 1974 წელს გაიგზავნა) ხმით იხურება, მის გარეკანზე კი "ვოიაჯერის" ოქროს ფირფიტის მისიის კრეატიული დირექტორი, ენ დრუიანია გამოსახული. ამ ორ წერტილს შორის ნოსტალგიის უცნაური განცდით აღსავსე, მუსიკაში განსხეულებული თავგადასავალია მოქცეული, რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის წოდებას უდავოდ იმსახურებს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

8. Thundercat - It Is What It Is

სტივენ ლი ბრუნერის, იგივე Thundercat-ის მსგავსი ფიგურა პოპულარული მუსიკის ისტორიაში ძალზე ცოტა თუ მოიძებნება. ამერიკელი არტისტის ჩანაწერები დახვეწილი საკომპოზიციო სტილითა და ურთულესი ინსტრუმენტული პარტიებით გამოირჩევა, ასეთი სიღრმისა და საშემსრულებლო პროფესიონალიზმის ფონზე კი არასერიოზულობით, შავი იუმორითა და ზოგ შემთხვევაში, უხამსობით სავსე ლირიკას ვაწყდებით, რასაც ბრუნერის ექსცენტრიკული იმიჯი და ეპატაჟური პერსონა ემატება.

ახალ ჩანაწერში არტისტს მისთვის ჩვეული ესთეტიკისთვის არ გადაუხვევია და ფანკის, ჯაზის, სოულისა და ელექტრონიკის კოსმიური ფსიქოდელიით გაჯერებული ნაზავი შემოგვთავაზა. თხუთმეტი ტრეკისგან დაკომპლექტებული ალბომის ქრონომეტრაჟი სულ ოცდაჩვიდმეტი წუთით შემოიფარგლება, ცალკეული კომპოზიციების ხანგრძლივობა კი წუთნახევარს არ აღემატება. ამის მიუხედავად, კომპლექსური მელოდიებისა თუ მრავალფეროვანი ემოციური პალიტრის ხარჯზე, მისი მოსმენისას დრო თითქოს იწელება და ნამუშევარიც გაცილებით მასშტაბური პროექტის განცდას ტოვებს, ვიდრე რეალურად არის.

ხავერდოვანი მუსიკის ფონზე თანდერქეთი ეგზისტენციურ პრობლემებზე გვესაუბრება. მსგავსი კონტრასტულობა არტისტის შემოქმედებისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა ამ ჩანაწერში განსაკუთრებით მძაფრად იჩინა თავი. ამის ერთ-ერთ მიზეზად ორი წლის წინ მისი უახლოესი მეგობრის, რეპერ მაკ მილერის გარდაცვალება იქცა, რომლის ხსოვნასაც ეძღვნება კიდეც ეს ნამუშევარი. ბრუნერისთვის ხაზგასმული უდარდელობა თითქოს დეპრესიასთან გამკლავების ხერხია. რთულ მდგომარეობაში ყოფნისას, შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ ყველაფერი შეიძლება გაცილებით უარესად ყოფილიყო და აჰყევით ცეკვით ცხოვრების შეშლილ რიტმს, მოგვიწოდებს მუსიკოსი. თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო, ქარიზმატული და ნიჭიერი არტისტის ახალი ჩანაწერი კომპოზიციით It Is What It Is იხურება. ალბომის სათაურად ქცეული ეს ფრაზა თანდერქეთის ცხოვრებისეულ ფილოსოფიასაც ასახავს - ყველაფერი ისეა, როგორც არის და ერთადერთ გამოსავლად ამის მიღება რჩება.

მოუსმინეთ Deezer-ზე

7. Fontaines D.C. - A Hero's Death

2017 წელს ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა Fontaines D.C. აუდიტორიის ყურადღება შარშან, ბოლო პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეულად საინტერესო სადებიუტო ალბომის Dogrel გამოცემით მიიპყრო. ირლანდიური იდენტობით შთაგონებული ლირიკით, ხისტი ინსტრუმენტალითა და თვითმყოფადი ხელწერით დაინტრიგებულმა მსმენელებმა და კრიტიკოსებმა ბენდს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველეს.

წლევანდელმა ჩანაწერმა A Hero's Death მათ მიერ გაცემული ავანსები სრულად გაამართლა. ამ ნამუშევარში ყველა ის ღირსებაა შენარჩუნებელი, რამაც დუბლინურ ჯგუფს პოსტ პანკის მოყვარულთა წრეებში პოპულარობა მოუტანა და ამავდროულად, ის არც სიახლეების დეფიციტს განიცდის.

ალბომი ფატალისტური, დეპრესიული ტექსტებითა და აგრესიული ჟღერადობით გამოირჩევა, თუმცა ეს მძიმე განწყობა მთელ რიგ მომენტებში საგრძნობლად რბილდება და მას მელანქოლიური ატმოსფერო და მსუბუქი პასაჟები ანაცვლებს. ბენდის სტილში ამ ინოვაციების გამოჩენის მიზეზი მათი ინსპირაციის ახალ წყაროებში უნდა ვეძიოთ, სადაც პოსტ პანკისა თუ პროტოპანკის ტენდენციებთან ერთად, ფსიქოდელიური პოპისა და დრიმპოპის წარმომადგენლების, განსაკუთრებით კი ლეგენდარული კალიფორნიული კოლექტივის The Beach Boys ლიდერის, ბრაიან ვილსონის არაორდინარული ხედვის გავლენა იგრძნობა. როგორც ჩანს, ჯგუფი შემოქმედებით ზრდას კვლავ განაგრძობს და მათგან მომავალშიც არაერთ საინტერესო ნამუშევარს უნდა ველოდოთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

6. Roc Marciano - Mt. Marci

რაკიმ ხალიფ მეიერი ანდერგრაუნდ ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა და თავისზე გაცილებით პოპულარული კოლეგებისთვის შთაგონების წყაროც გახლავთ. Roc Marciano-ს ფსევდონიმით ცნობილი არტისტი ჟანრის ახალ ესთეტიკასა თუ ტენდენციებს მარტოდმარტო ქმნის, ხვეწს და ავრცელებს. ნიუ იორკელმა რეპერმა დამოუკიდებლად შეძლო ბუმ ბეფისა და გენგსთა რეპის ქვემიმდინარეობის, მაფიოზო რეპის ისტორიის ახალი ფურცლის გადაშლა, მისი გავლენა კი ჩარტების ნაცვლად სრულიად სხვა სივრცეში აისახება და გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედაპირული დაკვირვების შედეგად შეიძლება მოგვეჩვენოს.

როკ მარსიანო ისეთი ხელოვანია, რომლის ხედვასაც ფართო აუდიტორია მის სიცოცხლეში, შეიძლება, ვერც დაეწიოს. ამას თავად მუსიკოსიც მშვენივრად აცნობიერებს, თუმცა იმასაც გრძნობს, რამდენ კოლეგას ავსებს ინსპირაციით და ეს ენთუზიაზმსა და თავდაჯერებას მატებს. სწორედ ამ განწყობის შედეგია წლევანდელი ალბომი Mt. Marci, რომელიც მის შემოქმედებაში ყველაზე შთამბეჭდავი ნამუშევარია.

აშკარაა, რომ ალბომი 1990-იანი წლების ჰიპ ჰოპ სცენის ტენდენციებზეა დაფუძნებული, თუმცა მეიერი მზა რეცეპტების ბრმად გამეორების ნაცვლად, მათი ახალი ინგრედიენტებით გამდიდრებას ცდილობს. მარსიანოს რეჩიტატივის მოსმენისას თითქმის წარმოუდგენელია, მისი მოსალოდნელი განვითარება გამოიცნო - არანაირი თექვსმეტი ტაქტი თუ ბანალური ვერსი-მისამღერი-ბრიჯი-ვერსი ფორმულა. ტექსტის სტრუქტურა კი იმდენად თავისუფალია, რომ გარკვეულ მომენტებში ვერლიბრს უფრო წააგავს, ვიდრე რითმის სტანდარტულ ფორმებს. უაღრესად მრავალფეროვანი და ექსპერიმენტულია ჩანაწერის ინსტრუმენტული სელექციაც, რომელიც ჯაზის, სოულისა თუ კამერული მუსიკის ძალზე ეფექტურად დამუშავებულ ელემენტებს მოიცავს. პროდაქშენი კი იმდენად შთამბეჭდავია, რომ ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, საკამათოა, ავტორი უფრო ნიჭიერი რეპერია თუ პროდიუსერი. თუმცა, იმის თქმა კი თამამად შეიძლება, რომ ამ პროექტის სახით 2020 წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომთან გვაქვს საქმე.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

5. Sault - Untitled (Black Is)

2020 წელს მუსიკის სამყაროსთვის ერთ-ერთ აქტუალურ თემას ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული პოლიციური ძალადობა და სისტემური რასიზმი წარმოადგენდა, რომელზეც განსაკუთრებით სწორად დასმული აქცენტებით რეფლექსირება ოკეანის გადაღმა მოღვაწე ჯგუფმა Sault შეძლო.

დიდ ბრიტანეთში შარშან ჩამოყალიბებულმა კოლექტივმა რამდენიმე თვის ინტერვალით ორი სტუდიური ალბომი Untitled (Black Is) და Untitled (Rise) გაავრცელა, რომელთა შორის ჩვენს სიაში შესატანად არჩევანი პირველ, ივნისში გამოსულ ჩანაწერზე შევაჩერეთ. ამ ნამუშევრის ძალზე მრავალფეროვანი, უმეტესწილად ელექტრონულ ჟღერადობაზე აგებული მიმართულება არენბის, ნეოსოულს, ფანკსა და აფრობითს აერთიანებს, ალაგ-ალაგ კი გოსფელისა და ფსიქოდელიის ელემენტებიც გვხვდება.

პროექტის მასშტაბურობის მიუხედავად, მის ინსტრუმენტულ თუ ლირიკულ ასპექტში ერთფეროვნება ოდნავადაც არ იგრძნობა. ჯორჯ ფლოიდის გახმაურებული მკვლელობიდან მცირე ხნის შემდეგ გამოცემული ალბომის აფროცენტრისტული მსოფლმხედველობით ნაკარნახევი, პათეტიზმისგან სრულიად დაცლილი ტექსტები ამ და სხვა ფატალურ შემთხვევათა ჯაჭვითაა შთაგონებული. თუმცა, აქ მომავლის ხედვა მკვეთრად ოპტიმისტურია, რის შედეგადაც ტრაგიკული მოვლენებით ინსპირირებული ჩანაწერი მაჟორულ განწყობას იძენს - ასეთი კონტრასტი აფრიკული წარმოშობის მუსიკოსთა საპროტესტო ნამუშევრებს ისტორიულად ახასიათებდათ, Black Is-ის მოსმენა კი აშკარას ხდის, რომ მათ ტრადიციებს ღირსეული გამგრძელებლები მუდამ ეყოლებათ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

4. Yves Tumor - Heaven to a Tortured Mind

Yves Tumor-ის სახელით ცნობილი ამერიკელი არტისტი, შონ ბოუი თანამედროვე მუსიკის ერთ-ერთი უდიდესი რომანტიკოსია, ამ ეპითეტის ყველა შესაძლო გაგებით. ენიგმატური მუსიკოსის შემოქმედება სენტიმენტალურობითა და დრამატიზმით გამოირჩევა, იდუმალი ნოსტალგიის განცდითაა გამსჭვალული და არც სასიყვარულო თემატიკის დეფიციტს უჩივის. თუმცა, მისი რომანტიკული ბუნება ყველაზე ნათლად მაშინ ვლინდება, როდესაც ჯიუტად ცდილობს, მეინსთრიმის ნაწილად შაბლონური პოპ ტრეკების ნაცვლად, რაღაც ახლის, უნიკალურისა და ჭეშმარიტად ღირებულის შექმნის ხარჯზე იქცეს. ამასთანავე, ის გარემოება, რომ ეს ნამუშევრები ჯერჯერობით კუთვნილი დაფასების ნახევარსაც ვერ იღებს, შონის ამ მისწრაფებას ხელს აშკარად ვერ უშლის.

თუ 2018 წელს გამოცემულ ალბომში Safe in the Hands of Love საქმე ექსპერიმენტული პოპის თანამედროვე ტენდენციების განვითარებისა და წინ წაწევის მცდელობასთან გვქონდა, წლევანდელ სტუდიურ ჩანაწერში არტისტმა კოლეგების მიერ არაერთხელ ნაცად ხერხს, წარსულის მუსიკალური ტრადიციების დეკონსტრუირებასა და მათ ახალი ფორმით წარმოჩენას მიმართა. ნამუშევარი 1970-იანი წლების გლემ როკის, მძიმე ფანკისა და მოთაუნ სოულის ვინტაჟურ ჟღერადობას ეხმიანება, თუმცა ამ მიმდინარეობებისთვის დამახასიათებელი ელემენტები აქ იმდენად უჩვეულოდაა დამუშავებული, რომ სრულიად ახალ და ეპოქისთვის რელევანტურ სახეს იძენენ.

ალბომს კრიტიკოსებისა და მსმენელების ერთსულოვანი აღფრთოვანება ხვდა წილად, თუმცა აშკარაა, რომ ჩარტების დაპყრობა არც მას უწერია. პოპ კულტურაში ივ ტუმორის მსგავსი არტისტების როლი მუდამ ასეთი იყო - ინოვატორი, რომლის ხედვასაც მეინსთრიმი მხოლოდ წლების შემდეგ უნდა დაეწიოს. Heaven to a Tortured Mind როკის, ფანკის, სოულის, პოპისა და ელექტრონიკის ვინტაჟურ-ფუტურისტული სინთეზია, რომელიც 2020 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევრის წოდებას იმსახურებს. ჰედონიზმითა და ბნელი გლამურულობით სავსე, ახალი სექსუალური რევოლუციის იდეით შეპყრობილი ეს ჩანაწერი თითქოს შორეულ მომავალში, სხვა პლანეტაზე ჩატარებული ვუდსტოკის ექოა, სადაც ფერადი ჰიპების ნაცვლად გლიტერიანი ანდროიდები ირევიან.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

3. Moses Sumney - græ

ამერიკელი შემსრულებლის მეორე სტუდიური ალბომი არენბი პროექტის კვალობაზე უჩვეულოდ კომპლექსური და მოცულობითია. მსგავი ეპითეტებით აღწერას ეს ორნაწილიანი, ოცი კომპოზიციისგან შემდგარი, დაახლოებით ერთსაათიანი ნამუშევარი მხოლოდ მისი ქრონომეტრაჟის გამო არ იმსახურებს - ჩანაწერს მასშტაბურობის განცდას, პირველ რიგში, მისი უაღრესად ეკლექტური ჟღერადობა სძენს, რომელიც არტ პოპის, ფოლკის, ნეო სოულის, ფსიქოდელიის, ჯაზის, ემბიენთისა და ნოიზის ელემენტებს მოიცავს.

დიდი და შთამბეჭდავია იმ არტისტების ჩამონათვალიც, რომლებმაც ამ ალბომზე მუშაობისას სამნის პარტნიორობა გაუწიეს - ჯეიმს ბლეიკი, ნუბია გარსია, დენიელ ლოპატინი, შაბაკა ჰატჩინგსი, სტივენ ლი ბრუნერი, იგივე Thundercat და სხვა.

სამნის სადებიუტო ალბომის Aromanticism განვითარება საერთო ემოციურ ხაზს მიჰყვებოდა, græ-ის ატმოსფერო კი საგრძნობლად მრავალფეროვანი და ცვალებადია. აქ არტისტი საკუთარ განცდებს მუდამ მაქსიმალური სიმძაფრით გამოხატავს და არც ყველაზე ინტიმურ თემებზე საუბარსა თუ სენტიმენტალურობას ერიდება. ნამდვილად განსაკუთრებული ნიჭია საჭირო, რომ ასეთი თავშეუკავებელი ექსპრესიულობისა და ხაზგასმული პათეტიკის ფონზე, კიჩის ნაცვლად ესთეტიკურად დახვეწილი ნამუშევარი მიიღო. ამერიკელი მუსიკოსი მის ნაკლებობას რომ არ უჩივის, ამ ჩანაწერის თითოეულ ასპექტშია ასახული, დაწყებული ღრმად პოეტური ლირიკითა და შესანიშნავი ინსტრუმენტალით, დამთავრებული საოცარი ვოკალური შესრულებით.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

2. Eartheater - Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ აპოკალიფსის მაცნეს შეიძლება, ხელში გიტარა სჭეროდა?

10 წლის წინ, როდესაც ალექსანდრა დრევჩინმა Eartheater-ის სახელით მუსიკის შექმნა დაიწყო, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელზეც ის კარგად უკრავდა, გიტარა იყო. თუმცა, წლებთან ერთად, მისი მუსიკის ქაოტურმა და აბსტრაქტულმა ქსოვილმა ყველანაირი აკუსტიკური ინსტრუმენტი ჩაყლაპა. ამ ტენდენციის საუკეთესო ინდიკატორი 2018 წელს გამოცემული ალბომი Irisiri იყო, სადაც არტისტმა მსმენელები აიძულა, ტოტალურ დისკომფორტში კომფორტის ძიება ესწავლათ.

წელს კი Eartheater, ერთი შეხედვით, ბანალური ტრიუკით დაგვიბრუნდა - საკუთარი თავი თავისივე ფერფლიდან დაბადა. ამ ალბომში მისთვის დამახასიათებელი დისონანსური და დისჰარმონიული ტექსტურები ისევ რჩება, მაგრამ ასევე ჩნდება 10 წლის წინანდელი ალექსანდრა გიტარით ხელში. ამ ორ მუსიკალურ პოლუსს შორის იდეალური ბალანსის დაცვით არტისტი ახერხებს საოცრად მანიპულაციური ბგერითი ლანდშაფტი შექმნას, სადაც ფენიქსის მითის ისეთ დეტალებს ვამჩნევთ, რომელიც აქამდე ფერფლში იმალებოდა. ანუ ვამჩნევთ სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაბადებისთვის აუცილებლად გადასახდელი ფასია. სწორედ ამიტომ ვერ შეხვდებით Eartheater-ის ალბომში ბუშტებსა და ფეიერვერკებს - მან ზუსტად იცის მკვდრეთით აღდგენის ფასი.

ახლა კი აპოკალიფსს დავუბრუნდეთ. 2 წლის წინ ვამბობდით, რომ პოსტადამიანური სამყაროს საუნდტრეკი Amnesia Scanner-ის სინთეტიკური, რობოტული ჟღერადობა იქნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თბილსისხლიანი არსებების ისტორიის მოყოლა გიტარით ხელშიც შეიძლება. იმ არსებების, რომლებიც ლეონარდ კოენს უსმენდნენ, შემდეგ კი გადაშენდნენ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

1. The Weeknd - After Hours

ამერიკის ხმის ჩამწერ აკადემიას საეჭვო გადაწყვეტილებებით, რასიზმის გამოვლინებებითა და ზოგ შემთხვევაში, ელემენტარული ლოგიკის უგულებელყოფით საკუთარი კომპეტენცია კითხვის ნიშნის ქვეშ არაერთხელ დაუყენებია. ამ მხრივ გამონაკლისი არც გრემის მოპოვების კანდიდატთა წლევანდელი სია აღმოჩნდა, რომელშიც The Weeknd-ის ფსევდონიმით ცნობილი არტისტის, აბელ ტესფაიეს ალბომისთვის After Hours ადგილი არ მოიძებნა. არადა, კანადელი მუსიკოსის მეოთხე სტუდიური ჩანაწერი, რომელმაც დიდ კომერციულ წარმატებასთან ერთად, კრიტიკოსთა თუ მსმენელთა თითქმის ერთსულოვანი აღიარებაც მოიპოვა, ამა თუ იმ წამყვან ნომინაციაზე წარსადგენად საჭირო კრიტერიუმებს აშკარად აკმაყოფილებდა.

ალბომს ძალზე ატმოსფერული, ჩამთრევი და მელოდიური ჟღერადობა ახასიათებს, სადაც არტისტისთვის ტრადიციული არენბის ფონზე ოთხმოციანებიდან ნასესხები სინთოპის ელემენტებიც გვხვდება. მსგავსი ინსპირაცია ბოლო წლებში ძალზე მოდური და შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად ბანალურიც კი გახდა, თუმცა თანაპროდიუსერთა არაჩვეულებრივი გუნდის დახმარებით, რომელშიც სხვებთან ერთად მეინსთრიმ პოპის ტიტანი, მაქს მარტინი და ექსპერიმენტული ელექტრონული სცენის წამყვანი ფიგურა, დენიელ ლოპატინი, იგივე Oneohtrix Point Never შედიან, უიქენდის ნამუშევარი ძალზე ორიგინალურად და თვითმყოფადად გამოიყურება. აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს თანამედროვე ჰიპ ჰოპის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერის, Metro Boomin-ის ფსევდონიმით ცნობილი ლილენდ უეინის დამსახურებაც.

უიქენდის ტექსტებში ტრადიციულ მელანქოლიას, მსუბუქი სენტიმენტალიზმსა და წარუმატებელი რომანტიკული ურთიერთობების გამოძახილს ვხვდებით, თუმცა ალბომის ლირიკას საგრძნობლად პირქუში ატმოსფეროც გამოარჩევს. თვითირონიითა და ნიჰილიზმით სავსე არტისტი თავის მძიმე, დეპრესიული მდგომარეობით ნაკარნახევ ფიქრებს განსაკუთრებით მძაფრად გამოხატავს, რაც წარსულში მისი ხელწერისათვის ნაკლებად იყო დამახასიათებელი. After Hours-ის ნარატივში ცენტრალური თემის ადგილს მუსიკოსის ჰედონისტური და ამავდროულად თვითდესტრუქციული ცხოვრების წესი იკავებს, რომელზეც ის უიმედოდაა დამოკიდებული, თუმცა მისი დამანგრეველი შედეგებისგან თავის დაღწევასაც ყველა შესაძლო გზით ცდილობს. ეს არაერთგვაროვანი განწყობა შემსრულებლის მიერ მორგებულ ალტერ ეგოზეც აისახა, რომელსაც თანმდევი ფუფუნების მიუხედავად, დასისხლიანებულ სახეზე ხშირა უსიცოცხლო, ცინიკური ღიმილი დასთამაშებს. კომპოზიციებზე გადაღებულ ვიდეორგოლებში სწორედ ამ პარანოიით შეპყრობილი ანტიგმირის სიურრეალისტურ, ბნელი გლამურულობით სავსე სამყაროში მოგზაურობას ვადევნებთ თვალს. ერთი სიტყვით, After Hours ძალზე მასშტაბური, ამბიციური და შთამბეჭდავი პროექტია, მისი იგნორირებით კი ხმის ჩამწერ აკადემიას აშკარად უფრო მეტი დააკლდა, ვიდრე თავად უიქენდს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

კომენტარები

ბოლოს დამატებული