Thumbnail

ემინემი დრეიქს: იცოდე, ერთ დღეს შენც შეგაქცევენ ზურგს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ეპოქალურმა ემსიმ, მარშალ მეზერსმა, ფსევდონიმით Eminem, 2020 წლის ალბომის Music To Be Murdered By ახალგავრცელებული დელუქს ვერსიის კომპოზიციებში არაერთი ცნობილი კოლეგის, მათ შორის სნუპ დოგის, ბილი აილიშის, რიანასა და სხვების შესახებ ისაუბრა. მუსიკოსმა ერთ-ერთ ტრეკში კანადელ სუპერვარსკვლავს, დრეიქსაც მიმართა, რომელიც დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და კომერციულად წარმატებული არტისტია. აღსანიშნავია, რომ, სხვა არაერთი შემსრულებლისგან განსხვავებით, ემინემს დრეიქი თავის ნამუშევრებში უარყოფით კონტექსტში არასდროს მოუხსენებია.

მოუსმინეთ: ემინემმა ალბომის Music To Be Murdered By დელუქს ვერსია გამოაქვეყნა

ნახეთ: ემინემის ახალი ვიდეორგოლი ტრეკზე GNAT

კომპოზიციაში Zeus ემინემი ტორონტოელს ეუბნება:

"მუსიკის ინდუსტრიაში მიმდინარე პროცესების წინასწარ განჭვრეტის კარგი უნარი მაქვს,
და დრეიქ, იცოდე, ერთ დღეს ისინი ზურგს შენც შეგაქცევენ,
რაც მეტ გამარჯვებას მიაღწევ, მით უფრო მალე მოგექცევიან ასე,
ნაგვის ურნას შეგადარებენ,
გეტყვიან, რომ შენი ახალი მუსიკა წინა ჩანაწერებზე სუსტია,
მართლაც რომ ასე იყოს, იცოდე, ერთხელ რომ დაიწყებენ ზურგის შექცევას,
როგორი მუსიკაც არ უნდა შექმნა - არასდროს დაგიბრუნდებიან,
ზუსტად ისე, როგორც ეს Chance The Rapper-ის შემთხვევა მოხდა".

"I've had a great view to see the game through
And, Drake, they're gonna turn on you one day too
And the more you win, the sooner they do
They'll be calling you a trash bin
Sayin' that your new one isn't better than your last and
Even if it is, once they start to turn their backs
They ain't never comin' back in
They did it to Chance".

ემინემი და დრეიქი ჰიპ ჰოპის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები არიან. შემსრულებლებს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა არ აქვთ, თუმცა, მათ შორის არც უთანხმოებას ჰქონია ადგილი. 2009 წელს მუსიკოსებმა ქანიე ვესთთან და ლილ უეინთან ერთად კომპოზიცია Forever შექმნეს. კანადელი უფროსი კოლეგის შემოქმედების თაყვანისმცემელია. მიმდინარე წლის მაისში "დრიზიმ" (არტისტის მეტსახელი) მარშალის შთაგონებით ჩაწერილი ტრეკი Chicago (Freestyle) გამოაქვეყნა, რომელშიც დეტროიტელის 2002 წლის ჰიტის Superman ტექსტის ერთ-ერთი მონაკვეთი გამოიყენა და ის ემინემისვე ფლოუთი შეასრულა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული