popmusic წარმოგიდგენთ 2020 წლის 10 საუკეთესო ელექტრონულ ალბომს.

10. Baauer - Planet's Mad

გახსოვთ ის დრო, როცა ინტერნეტ სამყარომ მიმებით კომუნიკაცია დაიწყო? სწორედ მაშინ, იუთუბის მომხმარებელმა DizastaMusic თავის არხზე ვიდეო ატვირთა, რომლითაც დაიბადა Harlem Shake - მიმი, რომელიც წლების შემდეგაც მიმების რაშმორის მთიდან გადმოსცქერის ყველაფერს, რაც შემდეგ შექმნილა. Baauer-ის სახელით ცნობილ ჰარი როდრიგესზე, რომელმაც კომპოზიცია დაწერა, მაშინ ყურადღება ბევრს არ გაუმახვილებია, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ეს მიმი არტისტს წყევლად ექცა - ძალიან შეაფერხა მისი სერიოზულად აღქმა და საინტერესო მუსიკოსად აღიარება.

იმათ გასაგონად, ვინც Baauer-თან ურთიერთობა "ჰარლემ შეიქით" დაასრულა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არტისტი თრეფ მოძრაობის ერთ-ერთი პიონერია და სხვადასხვა დროს Pusha T-ისთვის, Just Blaze-ისა და G-Dragon-ისთვის ქმნიდა მუსიკას, დღეს კი Planet’s Mad-თან ერთად გრემის ჯილდოს ნომინანტია.

ეს ალბომი არის მათთვის, ვისაც მუსიკაში მაქსიმალიზმი მოსწონს. ბევრი სხვა საცეკვაო ჩანაწერისგან განსხვავებით, რომელიც წელს მოვისმინეთ, მასში მუსიკალური პალიტრის მრავალფეროვნება იგრძნობა. აქ ერთმანეთის გვერდიგვერდ ვხედავთ კინემატიკურობასა და ლათინურ რიტმებს, საკლუბო ბითებსა და საი-ფაი ტექსტურებს. ყველაზე მთავარი კი, რასაც ვხედავთ, არის მიზეზი ახალი შანსისთვის, რომელიც თრეფსა და Baauer-ს უნდა მივცეთ, რადგან, როგორც ჩანს, ყველაფერი ზედაპირზე ჯერ კიდევ არ დევს.

რაც შეეხება იუთუბის მომხმარებელს DizastaMusic, მისი ნამდვილი სახელია ჯოჯი კუსუნოკი მირა, იგივე Joji - არტისტი, რომელმაც წელს ალბომი Diplo-სთან, Yves Tumor-თან, Clams Casino-სა და გრეგ კურსტინთან ერთად გამოსცა.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

9. Lorenzo Senni - Scacco Matto

"შამათი" - ასე ეწოდება ლორენცო სენის ახალ ალბომს. იტალიელი არტისტი ჭადრაკის სათამაშოდ გიწვევთ და თავიდანვე განგიმარტავთ, რომ თავს ისეთ მდგომარეობაში ამოყოფთ, რომელშიც მეფის დაცვას ვერაფრით შეძლებთ. მის ასეთ თავდაჯერებულობას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა უმთავრესი მაინც ის არის, რომ ლორენცო სენი საკუთარი მუსიკის სივრცეში აბსოლუტური ჩემპიონია. გროსმეისტერი, როგორც ამას ჭადრაკში ეძახიან.

ვისაც იტალიელი მუსიკოსის შემოქმედებასთან შეხება ადრეც ჰქონია, მისთვის Scacco Matto-ს მუსიკალური ენა უკვე ნაცნობი იქნება. თუმცა, თუ ამ ჟღერადობის ფონზე თქვენი პირველი პარტია ჯერ არ გითამაშიათ, გირჩევთ, კომფორტულად მოკალათდეთ და ყურადღებით დააკვირდეთ დიდოსტატურად გათვლილ სვლებსა და მთლიანად პარტიას.

საცეკვაო ელექტრონული მუსიკის "ღირებულებების" დრამ მანქანის გარეშე, მხოლოდ სინთეზატორებით გადმოცემა ასე დელიკატურად მხოლოდ ლორენცოს შეუძლია. მისი სტილი შეგვიძლია, მუსიკალურ პუანტილიზმად დავახასიათოთ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იქნება იმ შემოქმედებითი პალიტრის სრულყოფილი აღწერა, რომელსაც Scacco Matto-ს მოსმენისას ვხვდებით. თითოეული კომპოზიცია მართლაც საჭადრაკო სვლას ჰგავს, რომელიც საბოლოოდ შამათისკენ მიმავალ პარტიაში გვითრევს და როცა ყველაფერი მთავრდება, ვფიქრობთ, რომ ასეთი რამ სადღაც უკვე გვინახავს. თუ გნებავთ, ამ სტატიის სრულიად წაკითხვისთვის საჭირო დროს მოგცემთ და მაინც ვერ გაიხსენებთ, სად. შანსი არ გაქვთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

8. Arca - KiCk i

შესაძლოა ეს Arca-ს უკანასკნელი ალბომია, რომელიც ჯერ კიდევ ელექტრონული მუსიკის კატეგორიაში ჯდება, რადგან, როგორც ჩანს, ვენესუელელი მუსიკოსი ახალი მუსიკალური საზღვრების ძიების პროცესშია. KiCk I ერთმნიშვნელოვნად მისი ყველაზე თამამი ექსპერიმენტია, რომელმაც უფრო მეტი კითხვა დაგვიტოვა, ვიდრე პასუხი. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველაფერი საკმარისად შთამბეჭდავია საიმისოდ, რომ ეს ათეული მის გარეშე შეგვედგინა.

უკანასკნელ წლებში შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად შესამჩნევი იყო Arca-ს პიროვნული და შემოქმედებითი ტრანზიციისა თუ მეტამორფოზის ყველა ეტაპი, რომლის დაგვირგვინებაც ამ ალბომში მოხდა. ამ საკმაოდ მნიშვნელოვან მოგზაურობაში კი ალეხანდრასთან ერთად Sophie, Bjork, Shygirl და Rosalia ჩაებნენ. ამ არტისტების ერთ ადგილზე თავშეყრამ გამოიწვია ის, რაც უნდა მომხდარიყო - მუსიკალური ხარვეზი, გლიჩი. ამ გლიჩიდან კი თანამედროვე ექსპერიმენტული ელექტრონული თუ პოპ მუსიკის მთავარი დივა, არკა იბადება. 

არკას არასდროს აკლდა სითამამე ან პროვოკაციულობა, მაგრამ ის არასდროს ყოფილა ასეთი პირდაპირი და ხისტი. ეს ალბათ მისი მეტამორფოზის დასასრულსა და იმ ახალ ამბიციებზე მიანიშნებს, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში გროვდებოდა. როგორც უკვე ვთქვით, KiCk I დივას დაბადებაა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ წინ კიდევ უფრო ხმაურიანი ისტორიები გველის.

მოუსმინეთ Deezer-ზე 

7. Ital Tek – Outland

ამ ალბომზე გიყვებით იმიტომ, რომ ამას სხვა არავინ გააკეთებს. Ital Tek, იგივე ალან მაისონმა ჩანაწერი თავისი ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს მოვლენას დააფუძნა. ერთი საცხოვრებლად ხმაურიანი ქალაქიდან მშვიდ გარემოში გადასვლა იყო, მეორე კი - პირველი შვილის დაბადება, რომელიც მისი თეთრი ღამეების მეგზური და შესაბამისად, Outland-ის ერთგვარი მხატვრული ხელმძღვანელი გახდა.

მნიშვნელობა არ აქვს, იცნობთ თუ არა ამ არტისტის ძველ ნამუშევრებს. ეს ჩანაწერი მაინც მოგცემთ რაღაც ახალს და მნიშვნელოვანს, რასაც ორი დეკადის წინ Boards Of Canada-ს მსმენელები თავიანთი საყვარელი არტისტისგან ზღვა რაოდენობით იღებდნენ. ეს არის ელექტრონიკა თავისი ყველაზე წმინდა ფორმით - ფსიქოდელიური, მელოდიური, სივრცული.

მელოდიებით ასე ოსტატურად მანიპულირებას ამ სიაში მყოფ ვერცერთ ალბომში შეხვდებით, ვერც სივრცული თავისუფლების განცდას და ვერც ასეთ თავმდაბლობას. Outland საკუთარი თავის შესახებ ძალზე მოკრძალებულად საუბრობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მუსიკის ისტორიაში (წარსულში ან მომავალში) მოიძებნება ეპოქა, როდესაც ამ ალბომს შეიძლება შედევრი ეწოდოს.

► მოუსმინეთ Deezer-ზე

6. Beatrice Dillon - Workaround

ალბათ, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ბეატრის დილონმა წელს ყველა გაგვაკვირვა. იმ მინიმალისტური და ლიმიტირებული მუსიკალური პალიტრით, რომელიც Workaround-ში გვხვდება, ასეთი შთამბეჭდავი ჩანაწერის შექმნა ნამდვილად საინტერესო მოვლენაა. თვითლიმიტირების კიდევ ერთი ინდიკატორია 150 BPM - ტემპი, რომელიც ალბომის ყველა ჩანაწერისთვის საერთოა. თუმცა, როგორც ჩანს, ბრიტანელმა მუსიკოსმა გადაწყვიტა შეზღუდვები თავის უპირატესობად გამოეყენებინა და ეჩვენებინა, რომ, თუ ყველაფერს თავის ადგილზე მოათავსებ, სულაც არაა აუცილებელი ეკლექტიზმის ფეიერვერკი მოაწყო.

Workaround-ში ნამდვილად ყველაფერი თავის ადგილზეა: მინიმალისტური პერკუსია, აფრო-კარიბიული გავლენები, იმპულსური, წერტილოვანი ხმის ეფექტები და Laurel Halo-ს ვოკალიც კი. იმის მიუხედავად, რომ ცალკეული მუსიკალური პასაჟები ერთ წამსაც კი არ გრძელდება და იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე დაფიქსირებას მოასწრებ, ალბომის მოსმენისას უკმარისობის განცდა არ ჩნდება.

ამ ჩანაწერში პაუზებიც კი ისეთივე მნიშვნელოვან დრამატურგიულ ფუნქციას ასრულებენ, როგორსაც, ცალკეულ შემთხვევებში, დრამ მანქანა და სინთეზატორები. თუ მუსიკაში ოდესმე ტერმინი მინიმალისტური მაქსიმალიზმი დამკვიდრდება, ბეატრის დილონის ეს ალბომი ამ მიდგომის ერთ-ერთი გამორჩეული მაგალითი იქნება.

მოუსმინეთ Deezer-ზე

5. Actress - Karma & Desire

შეამჩნიეთ, რომ Actress უკვე ნამდვილ კულტად იქცა? მის შესახებ ბევრს არ საუბრობენ და როდესაც საუბრობენ, დიდი სიფრთხილითა და ჩურჩულით. სამაგიეროდ, ამ არტისტის გამოჩენა ყოველთვის ხმამაღალი და ხმაურიანია. მაშინაც კი, როდესაც საქმე მისი კარიერის ყველაზე ჩუმ ჩანაწერთან გვაქვს და ყველაზე ნოსტალგიურთანაც.

"Karma & Desire რომანტიკული ტრაგედიაა, რომელიც სათავეს სამოთხისა და მიწისქვეშეთის გზაგასაყოფზე იღებს", - ასე ახასიათებს Actress თავის ალბომს, რომელიც ისეთი ვოკალურია, როგორც არასდროს. როგორც ჩანს, ის მზადაა ხმა ამოიღოს და საკუთარი მუსიკით აბსტრაქტული მესიჯების მიმოფატვის ნაცვლად, კონკრეტული ისტორიები მოჰყვეს. ამ ყველაფერს კი ისე აკეთებს, რომ 2020 წლის არცერთ მუსიკალურ ტენდენციას არ ითვალისწინებს - მას თავისი გზა აქვს, რომელსაც მსმენელი ახალი აღმოჩენებისთვის ირჩევს.

ამ ალბომში Actress კვლავაც არ გაურბის იმ მუსიკალურ გავლენებს, რომლებიც ბოლო დეკადის განმავლობაში აჩრდილივით თან სდევს, მაგრამ ამავდროულად ინსპირაციას კონტექტს ყოველთვის უცვლი და როცა სჭირდება, ასახიჩრებს კიდეც მას. დიახ, როდესაც პიერ შაფერის ტრადიციები 80-იანი წლების საცეკვაო მუსიკას ხვდება, ქირურგიული ჩარევებიც კი შეიძლება გახდეს საჭირო, მაგრამ ბრიტანელი მუსიკოსის სკალპელი მიზანს არასდროს სცდება. თუ გინდათ, კოვიდ ისტერიისგან, პოლიტიკიური კონიუნქტურისა და მთელი იმ ჭუჭყისგან დაისვენოთ, რომელიც 2020-მა წელმა დაგვიტოვა, მაშინ ამ სიიდან პირველ რიგში ამ ალბომს უნდა მოუსმინოთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

4. Zora Jones - Ten Billion Angels

ორი ასეული წლის შემდეგ ჩვენს პლანეტაზე ღამის კლუბები თუ კიდევ იარსებებს, ალბათ, ისევ იქნებიან ისეთი დიჯეებიც, რომლებიც მსმენელის ყურისთვის საამო პოპ ფლეილისტებით გამოირჩევიან. ჰოდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ იმ ეპოქაში პოპ მუსიკა დაახლოებით ისეთი იქნება, როგორიც ამას Ten Billion Angels-ის კომპოზიციები წინასწარმეტყველებენ. თუ ვცდები, მაშინ ამ სიის პირველ ალბომამდე მოითმინეთ.

ზორა ჯონსი უკვე დიდი ხანია კეკლუცობს სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი ნარატივებითა და ფორმებით, მუდმივად ცდილობს ადამიანები და მანქანები დაამეგობროს და მათი სინერგიის წარმატებული შემთხვევები აუდიო-ვიზუალური გზით გაგვიზიაროს. Ten Billion Angels ერთსა და იმავე დროს PC Music-ისა და ბრიტანული ბას მუსიკის ტრადიციების გაგრძელებაა. შეიძლება ითქვას, რომ მათი შეხვედრის წერტილიც კი.

სავარაუდოდ. ჯერ ძალიან ადრეა საიმისოდ, რომ ზორა ჯონსის იდეები მეინსტრიმული პოპ მუსიკის სამყაროში მოხვდეს, მაგრამ, როცა ეს მოხდება (და ეს აუცილებლად მოხდება), გაიხსენეთ, რომ პირველად ამის შესახებ სწორედ popmusic-ისგან შეიტყვეთ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

3. Charli XCX - How I'm Feeling Now

ჩარლი დიდი ხანია იმ გზაგასაყარზე დგას, საიდანაც შეიძლება ერთნაირი წარმატებით აღმოჩნდეს, როგორც მეინსტრიმ მუსიკის მწვერვალზე, ასევე დავიწყების მორევში. თუმცა, ეს ალბომი არტისტს ადგილზე ტოვებს და მისი მომავალის შესახებ არაფერს გვეუბნება. სამაგიეროდ ბევრ რამეს ვიგებთ თვითიზოლაციის დღეებზე, რომლებიც მან თავისი ახალი ჩანაწერის შთაგონების წყაროდ აქცია. 

How I'm Feeling Now იმის კლასიკური მაგალითია, თუ რა უნდა გააკეთოს მუსიკოსმა იმ ვითარებაში, რომელშიც კორონავირუსის პანდემიამ ჩაგვაყენა. ტეილორ სვიფტისა და თუნდაც ფიონა ეფლისგან განსხვავებით, რომლებმაც უკვე კარგად ნაცნობ აკუსტიკურ ტერიტორიაზე წელს კიდევ ერთხელ გაგვასეირნეს, ჩარლიმ თავის ფანებთან ზუმის ყოველდღიური სესიები წამოიწყო და სწორედ მათ საფუძველზე შექმნა ალბომი, რომელიც, როგორც არტისტის, ასევე მისი მსმენელის საკარანტინო განწყობას იდეალურად გამოხატავს. 

A.G. Cook-ის, 100 Gecs-ის დილან ბრედისა და ბიჯეი ბარტონის დახმარებით ჩაწერილი How I'm Feeling Now, ერთი მხრივ, ერთ ოთახში ყოფნით გამოწვეულ კლაუსტროფობიულ განცდებს ეხმაურება, მეორეს მხრივ კი, ადგილს ტოვებს ოპტიმიზმისთვის, რომანტიზმისა და წვეულებისთვისაც კი (თუნდაც ეს წვეულება ერთი ადამიანისგან შედგებოდეს). Charli XCX-ის ალბომი იმის საუკეთესო ნიმუშია, თუ როგორ უნდა ადაპტირდეს არტისტი ისეთ რეალობაში, რომლისთვისაც მზად არასდროს ყოფილა. ეს არის ჩანაწერი, რომელიც თავიდან ბოლომდე მსმენელის თვალწინ იქმნებოდა, მაგრამ საბოლოო ვერსიაში მაინც უამრავი სიურპრიზი აღმოვაჩინეთ. ჩარლიც ხომ სწორედ ამიტომ გვიყვარს.  

მოუსმინეთ YouTube-ზე

2. Kelly Lee Owens - Inner Song

ეს არის ალბომი, რომელიც სწორედ ახლა გვჭირდებოდა. მაშინ, როდესაც მსოფლიოში არსებული ქაოტური მდგომარეობის გამო, ელექტრონული მუსიკა კლუბებისა და ფესტივალების გარეშე დარჩა. მათმა დახურვამ არა მხოლოდ ინდუსტრია შეცვალა, არამედ ეგზისტენციური კითხვებიც გააჩინა - თუ არ არსებობს კლუბი, რისთვის გვჭირდება საკლუბო მუსიკა? წელს ამ კითხვას ყველაზე სწორი, ხმამაღალი და დამაჯერებელი პასუხი კელი ლი ოუენსმა გასცა. 

Inner Song წარმატებით ახერხებს, იყოს საოცრად ინტროსპექტული და ამავდროულად საკლუბო სივრცეებისთვის ადაპტირებული. აქ ვხვდებით ყველაფერს, რაც ელექტრონულ ალბომს შთამბეჭდავ მოგზაურობად აქცევს - რეპეტიტიულ დრამ სექციებს, სინთეზატორების მსუყე დოზას, ბევრ სონიკურ ექსპერიმენტს და, რაც მთავარია, ავტორს. 

კელი ლი ოუენსმა შეძლო, დრამ მანქანებისა და სინთეზატორების სამყაროში გზა თავისი ვოკალით გაეკვალა და თანაც ისე, რომ არსად წაბორძიკებულა. Radiohead-ით დაწყებული და Boards of Canada-თი დამთავრებული, Inner Song-ში მუსიკის ისტორიის არაერთ საინტერესო არტეფაქტს წააწყდებით, მაგრამ უელსელი არტისტის ხელში ისინი არა მხოლოდ კარგად ინახება, არამედ ახალ, უაღრესად საინტერესო სიცოცხლეს იძენს.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

1. Eartheater - Phoenix: Flames Are Dew Upon My Skin

ოდესმე წარმოიდგენდით, რომ აპოკალიფსის მაცნეს შეიძლება, ხელში გიტარა სჭეროდა?

10 წლის წინ, როდესაც ალექსანდრა დრევჩინმა Eartheater-ის სახელით მუსიკის შექმნა დაიწყო, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელზეც ის კარგად უკრავდა, გიტარა იყო. თუმცა, წლებთან ერთად, მისი მუსიკის ქაოტურმა და აბსტრაქტულმა ქსოვილმა ყველანაირი აკუსტიკური ინსტრუმენტი ჩაყლაპა. ამ ტენდენციის საუკეთესო ინდიკატორი 2018 წელს გამოცემული ალბომი Irisiri იყო, სადაც არტისტმა მსმენელები აიძულა, ტოტალურ დისკომფორტში კომფორტის ძიება ესწავლათ.

წელს კი Eartheater, ერთი შეხედვით, ბანალური ტრიუკით დაგვიბრუნდა - საკუთარი თავი თავისივე ფერფლიდან დაბადა. ამ ალბომში მისთვის დამახასიათებელი დისონანსური და დისჰარმონიული ტექსტურები ისევ რჩება, მაგრამ ასევე ჩნდება 10 წლის წინანდელი ალექსანდრა გიტარით ხელში. ამ ორ მუსიკალურ პოლუსს შორის იდეალური ბალანსის დაცვით არტისტი ახერხებს საოცრად მანიპულაციური ბგერითი ლანდშაფტი შექმნას, სადაც ფენიქსის მითის ისეთ დეტალებს ვამჩნევთ, რომელიც აქამდე ფერფლში იმალებოდა. ანუ ვამჩნევთ სიკვდილს, რომელიც ხელახლა დაბადებისთვის აუცილებლად გადასახდელი ფასია. სწორედ ამიტომ ვერ შეხვდებით Eartheater-ის ალბომში ბუშტებსა და ფეიერვერკებს - მან ზუსტად იცის მკვდრეთით აღდგენის ფასი.

ახლა კი აპოკალიფსს დავუბრუნდეთ. 2 წლის წინ ვამბობდით, რომ პოსტადამიანური სამყაროს საუნდტრეკი Amnesia Scanner-ის სინთეტიკური, რობოტული ჟღერადობა იქნებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ თბილსისხლიანი არსებების ისტორიის მოყოლა გიტარით ხელშიც შეიძლება. იმ არსებების, რომლებიც ლეონარდ კოენს უსმენდნენ, შემდეგ კი გადაშენდნენ.

მოუსმინეთ Deezer-ზე

მოუსმინეთ YouTube-ზე

კომენტარები

ბოლოს დამატებული