Thumbnail

სიმღერა, რომლის შთაგონებითაც ბილი აილიშმა კომპოზიცია My Future დაწერა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რადიოსადგურის Radio 1 ეთერში ისაუბრა, რა გახდა კომპოზიციის My Future შექმნის შთაგონების წყარო. მუსიკოსის თქმით, ყველაფერი ოთხი წლის წინ სმარტფონით გადაღებული ვიდეოს დამსახურებაა, რომელშიც კანადელი შემსრულებლის, მაიკლ ბუბლეის სიმღერას Haven’t Met You Yet უსმენს.

ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა მისი სიმღერა My Future

ბილი აილიში: არ მყავს შეყვარებული და ბედნიერი ვარ

"ამ სიმღერის შექმნის იდეა ქვეცნობიერად მაშინ გამიჩნდა, როცა შემთხვევით ჩემს ძველ ვიდეოს წავაწყდი, რომელიც 14 წლის ასაკში გადავიღე. Snapchat-მა შემახსენა, ოთხი წლის წინ ეს ვიდეო გააზიარეო. მასში მაიკლ ბუბლეს Haven’t Met You Yet მქონდა ჩართული. მახსოვს, ამ სიმღერას დღე და ღამე ვუსმენდი, რადგან იმედით მავსებდა. დეპრესიული პერიოდი მქონდა და სულ მოწყენილი ვიყავი, ამ კომპოზიციის დახმარებით კი მომავალს აღფრთოვანებული შევყურებდი.

ვიდეოში ჩემს საძინებელში ვზივარ და, უბრალოდ, ვიღიმი. ის ახლახან ჩემს მეგობარს გავუგზავნე და ვუთხარი, მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა-მეთქი. მან კი მიპასუხა, სევდიანი ვიდეოა, მაგრამ მიყვარს, რადგან ისე გამოიყურები, თითქოს შენს თავს ესაუბრები მომავალშიო. ეს იდეა ძალიან მომეწონა. როცა მისამღერს ვწერდი, ამაზე არც კი მიფიქრია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეცნობიერში სწორედ ამაზე ვფიქრობდი. ზუსტად ის გადმოვეცი, რასაც მაშინ ვგრძნობდი და რისკენაც მაშინ ვისწრაფვოდი. My Future ძალიან მიყვარს, მისით ძალიან ვამაყობ", - აღნიშნა 18 წლის გოგონამ.

არტისტის ინტერვიუს მაიკლ ბუბლეი გამოეხმაურა:

"ბილი, შენი თაყვანისმცემელი ვარ. მოვისმინე ისტორია Haven’t Met You Yet-თან დაკავშირებით. მუსიკა უდიდესი მკურნალია, სიმღერების წერა მეც პერიოდების გადატანაში დამეხმარა. შენი მუსიკა შთაგონებით მავსებს და ძალიან მიხარია, შენთვის ჩემი ნამუშევარი რომ ყოფილა ინსპირაციის წყარო".

ბუბლეის პოსტი ბილის ძმამ და მუსიკალურმა პარტნიორმა, ფინიას ო'კონელმა გააზიარა.

ნახეთ: ბილი აილიშზე გადაღებული ფილმის The World’s A Little Blurry თრეილერი

ბილი აილიშმა სიმღერა My Future ფინიასთან ერთად კარანტინის პერიოდში ორ დღეში შექმნა და ანიმაციურ კლიპთან ერთად მიმდინარე წლის 30 ივლისს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული