Thumbnail

რა ურჩია მაიკლ ჯექსონმა დას, ჯენეტს პოპულარობასთან გასამკლავებლად

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

მუსიკის ჟურნალისტმა, ლისა რობინსონმა, ჯიმი ფელონის ღამის შოუში სტუმრობისას, თავის ახალ წიგნზე Nobody Ever Asked Me about the Girls: Women, Music and Fame ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი გმირიც ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, ჯენეტ ჯექსონია. ბიონსესთან, ლედი გაგასთან, ადელთან და სხვა არტისტებთან ჩაწერილ ინტერვიუებზე დაფუძნებული გამოცემა იმის შესახებ მოგვითხრობს, თუ როგორ უმკლავდებიან ქალი მუსიკოსები პოპულარობით გამოწვეულ სირთულეებს. რობინსონის თქმით, წლების განმავლობაში ჯენეტისგან არაერთი ინტერვიუ აუღია, ერთ-ერთი შეხვედრისას კი მომღერალმა გაუმხილა, რა ურჩია თავისმა ძმამ, ლეგენდარულმა მაიკლ ჯექსონმა პოპულარობასთან გასამკლავებლად.

ნახეთ: ჯენეტ ჯექსონმა სიმღერა Runaway საბავშვო ინსტრუმენტების თანხლებით შეასრულა

ჯენეტ ჯექსონი: მაიკლის შემოქმედებას ჩრდილს ვერაფერი მიაყენებს

"ჯენეტისგან პირველი ინტერვიუ რომ ავიღე, დაახლოებით 5 წლის იქნებოდა. 1970-იან წლებში ხშირად ვხვდებოდი მისი ძმებისგან შემდგარ ჯგუფს The Jackson 5. ის კი კამერასთან ძალიან მორცხვობდა, არ სურდა კადრში გამოჩენა. ჯენეტისგან ინტერვიუები 1980-იან წლებშიც ავიღე, ჯერ მაშინ, როცა ალბომი Control გაავრცელა, შემდეგ კი სინგლის Rhythm Nation გამოშვებისას. მას ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა მაიკლთან და ერთხელ მითხრა, რა რჩევა მიიღო ძმისგან პოპულარობის ნეგატიურ მხარესთან გასამკლავებლად - არ დაუშვა, ყველაფერი ცუდი, რასაც შენზე ილაპარაკებენ, გულთან ახლოს მიიტანოო. უბრალოდ, ყურადღება არ მიაქციო და მუსიკაში ჩადე შენი ემოციებიო. როცა Control-ის გამოშვების შემდეგ ჯენეტს ვესაუბრე, ამ დროს მამამისი იყო მისი მენეჯერი. მან იცოდა, რომ მამასთან კი არ მუშაობდა ის, პირიქით, მამამისი მუშაობდა მასთან. ჯენეტმა ის სამსახურიდან დაითხოვა და სხვა მენეჯერის აყვანა არჩია", - გაიხსენა ლისა რობინსონმა.

აღსანიშნავია, რომ და-ძმამ 1995 წელს ერთობლივი კომპოზიცია Scream გამოუშვა, რომელიც მაიკლის რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში HIStory: Past, Present and Future, Book I შევიდა. სიმღერა ორივე არტისტის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად ითვლება. ტრეკზე გადაღებული ვიდეორგოლი კი დღემდე ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ კლიპად რჩება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული