Thumbnail

მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლები HBO-სგან 100 მილიონ დოლარს მოითხოვენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსის, მაიკლ ჯექსონის წარმომადგენლები მომღერლის მიერ ბავშვებზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სასამართლოში კიდევ ერთ დავას აწარმოებენ. საქმე ეხება 2019 წელს სატელევიზიო არხების ქსელის, HBO-ს მიერ შექმნილ ფილმს Leaving Neverland. მუსიკოსის მხარემ ვიდეოპლატფორმისთვის 100 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის დაკისრება მოითხოვა იმ არგუმენტით, რომ, დოკუმენტური ნამუშევრის გამოქვეყნებით, დაირღვა 1992 წელს გაფორმებული კონტრაქტის პირობები, რომლის მიხედვითაც, საკონცერტო ფილმის Live in Bucharest: The Dangerous Tour ტრანსლირებაზე ლიცენზიის მოპოვების სანაცვლოდ, HBO-მ ვალდებულება აიღო, არ შეებღალა არტისტის იმიჯი.

ჯექსონის სავარაუდო პედოფილიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი სარჩელი არ დაკმაყოფილდა

სიკვდილიდან 11 წლის შემდეგ ჯექსონი ყოველთვიურად მილიონობით დოლარს გამოიმუშავებს

ჯექსონის მცველს ჰკითხეს, ნამდვილად იყო თუ არა რანჩოში საიდუმლო ოთახი ბავშვებისთვის

HBO კი ამტკიცებს, რომ ჯექსონის წარმომადგენლები ამ გზით სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გაჩუმებას ცდილობენ. როგორც გამოცემა Variety წერს, კომპანიის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ 27-წლის წინ გაფორმებული შეთანხმების პირობები უკვე შესრულებულია და დღეს ისინი უკვე არარელევანტურია.

"1992 წელს დადებული კონტრაქტი, ფაქტობრივად, ვადაგასულია, რადგანაც ყველა მხარემ დიდი ხნის წინ შეასრულა თავისი საქმე. თუმცა, კომისიამ ეს არგუმენტი არ მიიღო და დაადგინა, რომ ხელშეკრულების საარბიტრაჟო პუნქტს კვლავ შეუძლია, მხარეები რაიმეზე დაავალდებულოს მაშინაც კი, თუ მათ წლების წინ მთლიანად შეასრულეს ხელშეკრულების პირობები", - ამბობს HBO-ს ადვოკატი, თეოდორ ბოუტრუსი.

გარდაცვლილი მუსიკოსის წარმომადგენლებმა სასამართლოს გასულ წელს მიმართეს შუამდგომლობით, რომ დავა არბიტრის ხელში გადასულიყო. HBO-მ გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, ორშაბათს მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუ კომპანია მას აღარ გაასაჩივრებს, საქმე არბიტრების ხელში გადავა.

"მოსამართლეებმა აღნიშნეს, რომ სარჩელი შესაძლოა, მართლაც "არასერიოზული" იყოს, როგორც ამას HBO ამტკიცებს, თუმცა, მათი გადაწყვეტილებით, ეს საარბიტრაჟო სასამართლოს გადასაწყვეტია", - დაწერა Variety-მ სასამართლო სხდომის შემდეგ.

დოკუმენტურ ფილმს Leaving Neverland, რომელიც მთავარი გმირების, ჯიმი სეიფჩაკისა და უეიდ რობსონის მონათხრობზეა დაფუძნებული, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მამაკაცების მტკიცებით, მუსიკოსი მათზე სექსუალურად სისტემატურად ძალადობდა, რაც მაშინ დაიწყო, როდესაც ისინი 7 და 10 წლის ასაკის იყვნენ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული