Thumbnail

ჯონ ლენონის რჩევა, რომელიც ჯორჯ ჰარისონს სიმღერების შექმნაში დაეხმარა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი არტისტების, ჯონ ლენონისა და პოლ მაკკარტნის დუეტი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი თანამშრომლობაა, რომელმაც The Beatles-ის შემოქმედებას 180-მდე კომპოზიცია შემატა. რაც შეეხება კოლექტივის სხვა წევრებს, 1965 წლიდან ბენდის ალბომებში წამყვანი გიტარისტის, ჯორჯ ჰარისონის მიერ დაწერილი სულ მცირე ორი სიმღერა მაინც ხვდებოდა. როგორც თავად ჰარისონი ამბობდა, თავიდან ძალიან გაუჭირდა, ფეხი აეწყო ლენონი-მაკკარტნის წყვილისთვის, რადგანაც მათ უკვე დიდი შემოქმედებითი კაპიტალი ჰქონდათ დაგროვებული მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დამწყები იყო ამ საქმეში.

მოუსმინეთ: ჯორჯ ჰარისონის სიმღერის All Things Must Pass განახლებული ვერსია

ჯორჯ ჰარისონის საავტორო სიმღერები, რომლებიც The Beatles-ის სხვა წევრებმა დაიწუნეს

პოლ მაკკარტნი: ჯორჯ ჰარისონს სიკვდილამდე შევხვდი, ვისხედით, მისი ხელი მეჭირა

"ახლა ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ პოლსა და ჯონს წამოვეწიო. მათი ადრეული ნამუშევრები არც ისეთი კარგია, როგორიც ახლანდელები. ისინი უფრო და უფრო განვითარდნენ, მეც უნდა შევძლო ეს. იყო დრო, როცა ჯონს, პოლს და რინგოს მორიდებით ვეუბნებოდი, ალბომისთვის ნამუშევარი მეც მაქვს-მეთქი. მაშინ ისეთი განცდა მქონდა, თითქოს კონკურენცია უნდა გამეწია მათთვის. არ მინდა, "ბითლზმა" უვარგისი მუსიკა ჩაწეროს მხოლოდ იმის გამო, რომ ის ჩემი შექმნილია. მეორე მხრივ, არც მე მინდა, ნაგვის ჩაწერაში მივიღო მონაწილეობა იმ მიზეზით, რომ ის მათი დაწერილია. პირველ ადგილზე ჯგუფის ინტერესები უნდა დავაყენოთ", - ამბობდა მუსიკოსი.

ჰარისონმა ბენდისთვის ისეთი ჰიტები დაწერა, როგორებიცაა: Something, Here Comes The Sun, While My Guitar Gently Weeps და სხვა. თუმცა, შესაძლოა, ამ ნამუშევრებს დღის სინათლე ვერ ეხილათ, რომ არა რჩევა, რომელიც ჯორჯმა ჯონ ლენონისგან მიიღო.

"Something ჯერ კიდევ Abbey Road-მდე გამოშვებული ალბომისთვის დავწერე, მაგრამ მაშინ ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასრულებული სახე. როგორც წესი, პირველ სტრიქონებს და მელოდიას ერთდროულად ვქმნი ხოლმე, შემდეგ მუსიკას ვასრულებ, ბოლოს კი ისევ ტექსტს ვუბრუნდები. ამ შემთხვევაშიც ყველაფერი დავწერე, რისი თქმაც მინდოდა, თუმცა, ეს მის დასასრულებლად არ აღმოჩნდა საკმარისი, კიდევ მქონდა სიტყვები მოსაფიქრებელი. როცა ნამუშევარს მივუბრუნდი, გაცილებით უფრო მერთულა მუშაობის გაგრძელება. მაშინ ჯონმა სასარგებლო რჩევა მომცა. მითხრა - როცა სიმღერის წერას დაიწყებ, ეცადე, მაშინვე დაამთავრო, მანამ იმ განწყობას დაკარგავდე, რომელმაც მისი შექმნა მოგანდომაო. ასე რომ, ახლა უკვე ვცდილობ, კომპოზიცია თავიდანვე ბოლომდე მივიყვანო და შუა გზაზე არ მივატოვო", - აღნიშნა ჰარისონმა ერთ-ერთ ინტერვიუში.

1960-70 წლებში პოლ მაკკარტნი და ჯორჯ ჰარისონი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, The Beatles-ის წევრები იყვნენ პოლ მაკკარნისთან და რინგო სტართან ერთად. ქალაქ ლივერპულში შექმნილმა ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული