Thumbnail

"ქალმა იდუმალება უნდა შეინარჩუნოს" - სნუპ დოგი Cardi B-ს ჰიტს WAP აკრიტიკებს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, სნუპ დოგმა გადაცემაში Central Ave სტუმრობისას პოპულარული რეპერების, ქარდი ბისა და Megan Thee Stallion-ის ჰიტზე WAP ისაუბრა, რომლის სახელწოდება (Wet A*s P***y), ტექსტი და კლიპიც საზოგადოებაში განხილვის საგნად იქცა. როგორც აღმოჩნდა, 49 წლის მუსიკოსს ნამუშევართან დაკავშირებით კონსერვატიული შეხედულებები აქვს. სნუპის აზრით, ქალმა იდუმალება უნდა შეინარჩუნოს და ინტიმურ საკითხებზე ასე საჯაროდ არ ილაპარაკოს. აღსანიშნავია, რომ თავად დოგი საკუთარ შემოქმედებაში არასდროს მორიდებია სექსის შესახებ საუბარს და პორნოგრაფიული კადრების შემცველი ვიდეორგოლებიც კი გაუვრცელებია.

Black Sabbath-ის გიზერ ბათლერი: Cardi B-ს WAP ამაზრზენი კომპოზიციაა

ნახეთ: ჯეკ ბლექი საცეკვაო ჩელენჯს WAP შეუერთდა

Cardi B ჰიტთან WAP დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება

"ასე შორს ნუ წახვალ, წარმოსახვისთვისაც დაგვიტოვე მასალა. არის ინტიმური საკითხები, რომლებზეც ასე ხმამაღლა არ უნდა საუბრობდნენ. ჩემი აზრით, ეს ქალის საიდუმლო უნდა იყოს, მისი სამკაული. ისეთი რამაა, რაც შენთვის უნდა დაიტოვო. მის შესახებ ვერავინ უნდა გაიგოს მანამ, სანამ პირადად არ გამოცდის. როგორც ასაკში შესულ მამაკაცს, მომწონს, როცა ქალი რეპერები საკუთარ თავს გამოხატავენ და იმას აკეთებენ, რასაც საჭიროდ თვლიან. უბრალოდ, მე არ მინდა, ახალგაზრდა გოგონებმა მიიჩნიონ, რომ შეუძლიათ, ასე მოიქცნენ და არც კი იცოდნენ, რა სამკაულს ფლობენ", - ამბობს მუსიკოსი.

ამასთან, სნუპის თქმით, WAP მის ახალგაზრდობაში რომ გამოსულიყო, კომპოზიციას სიამოვნებით გაარემიქსებდა.

არტისტის კრიტიკას ქარდის ქმარი, ჰიპ ჰოპ გაერთიანება Migos-ის წევრი Offset გამოეხმაურა.

"კაცი რეპერებიც ზუსტად იმავე თემებზე ვსაუბრობთ. საგრძნობია, როგორ ძლიერდებიან ქალი არტისტები, ამ მიღწევას ნუ დავკარგავთ. ჯერ არასდროს ყოფილა ამდენი ქალი არტისტი ერთად, რომლებიც ჩარტებში გვეწევიან და გვისწრებენ, რეკორდებს ხსნიან. სნუპი მიყვარს, მაგრამ ჩემი ცოლი ზრდასრული ქალია. მის საქმეში არ ვერევი. ვერ ვიტან, როცა კაცები ამას აკეთებენ. 3-4 თვეში ტრეკმა ექვსმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა", - განუცხადა ოფსეტმა გამოცემა TMZ-ის.

ქარდი ბისა და მეგანის ერთობლივი ნამუშევარი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს გავრცელდა. მას არაერთ ჩარტში, მათ შორის ბილბორდის ცხელ ასეულში პირველი პოზიცია ხვდა წილად. კრიტიკოსებმა ჩანაწერი სქესთა თანასწორობის განმტკიცების საქმეში წვლილის შეტანის გამო დადებითად შეაფასეს და მას ფემინისტური მანიფესტი უწოდეს. ისეთმა გამოცემებმა, როგორებიცაა Rolling Stone, Pitchfork და National Public Radio, კომპოზიცია წლის საუკეთესო სიმღერად დაასახელეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული